“ბოლნელა” ლიეტუვაში მიემგზავრება

0

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნელა” მაისში ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში მიემგზავრება, სადაც ტრადიციულ ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი 1973 წლიდან ტარდება, რომელიც ავთენტიკური ტრადიციების დაცვა-პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალი მოიცავს საღამოს კონცერტებს, საბავშვო ფოლკლორის დღეს, ღამის ცეკვებს, ტრადიციულ ინსტრუმენტულ მუსიკას, სიმღერას, სიმღერისა და ცეკვის უორკშოპებს. საღამოები ტარდება საკონცერტო დარბაზებში, ძველი ვილნიუსის ეზოებსა და მოედნებზე. საკონცერტო პროგრამის პარალელურად, ბოლნელა ფესტივალის მონაწილეთათვის გამართავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის უორკშოპებს, მოაწყობს ქართული ტრადიციული კულტურის პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო დროშებით საზეიმო მსვლელობასა და ფესტივალის დასკვნით კონცერტში. აღნიშნულ ფესტივალზე 9 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს.
ანსამბლი ,,ბოლნელა” ფესტივალზე ახალი ქართული ტრადიციული სამოსელით წარსდგება.
,,ბოლნელა” 2012 წელს ბოლნისში, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ ბასილ ახვლედიანის უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. მანამდე ბოლნისში ქალთა ანსამბლი არ არსებობდა. ეს იყო საბაბი იმისა, რომ ნიჭიერ მგალობელთაგან ფოლკლორული ანსამბლი შექმნილიყო. გოგონები ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარსა და აკაურთას სიონში გალობენ, რომლის წინამძღვარიც მამა ბასილია. ანსამბლის მიზანია მრავალეთნიკურ ქვემო ქართლსა და ბოლნისში ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია.
ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ნიმუშებს. ქალთა ანსამბლში, ბუნებრივია, გარკვეული აქცენტი ქალთა ტრადიციულ სიმღერებზეა გადატანილი, თუმცა ასრულებენ მამაკაცთა სიმღერებსაც და ისეთ სიმღერებს, რომელთაც ყოფაში მკაცრი გენდერული~ კლასიფიკაცია არ აქვთ. ანსამბლის წევრთა გენეტიკური წარმომავლობიდან გამომდინარე,ბოლნელას” რეპერტუარში უპირატესია დასავლეთ საქართველოს სიმღერების წილი, თუმცა თანდათან აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ფოლკლორულ ნიმუშებსა და ქალაქურ სიმღერებსაც ეთმობა სათანადო ადგილი.
რეპერტუარის შერჩევისას გათვალისწინებულია მომღერლების ინდივიდუალური შესაძლებლობები, მათი კუთხური წარმომავლობა და პიროვნული თვისებები, ამა თუ იმ სიმღერისადმი მათი სუბიექტური დამოკიდებულება. გოგონებს გამორჩეულად ინდივიდუალური, ფართო დიაპაზონისა და ლამაზი ტემბრის ხმები აქვთ, რაც ხელს უწყობს რეპერტუარის მრავალფეროვნებას და ანსამბლის ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილის დამკვიდრებას. ,,ბოლნელა" მტკიცედ იცავს ხალხური საშემსრულებლო ტრადიციის კანონზომიერებებს. სიმღერების შესწავლის პროცესში უმეტესად აუდიოჩანაწერებს ეყრდნობა _ ძირითადად ძველი მომღერლების ჩანაწერებს, თუმცა უარს არც თანამედროვე ანსამბლების პოპულარულ ვარიანტებზე ამბობენ. მნიშვნელოვანია, რომ ,,ბოლნელა “სიმღერებს შეძლებისდაგვარად ფერხულისა და ცეკვის თანხლებით ასრულებს და თანხლებისთვის მხოლოდ ტრადიციულ საკრავებს იყენებს.
გოგონების სასიმღერო სტილი ინდივიდუალურია _ ყველა სიმღერა გათავისებული აქვთ და ერთგვარად საკუთარ ვარიანტებს სთავაზობენ მსმენელს.
2013 წლის ივლისიდან ანსამბლი ბოლნისის კულტურის სახლთან არსებობს და აქტიურადაა ჩართული ბოლნისისა და სრულიად საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: მონაწილეობს ფესტივალებში, სიმპოზიუმებში, საქველმოქმედო და სხვა სახის ღონისძიებებში. აღსანიშნავია ,,ბოლნელას" მონაწილეობა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ სპექტაკლ წუთისოფელში. ანსამბლმა რამდენიმე სოლო კონცერტი და პრეზენტაცია გამართა ბოლნისის კულტურის ცენტრში.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, რეგიონული ანსამბლებისთვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნელას~ სოლო ალბომი ჩაწერა და გამოსაცემად მოამზადა. ანსამბლი „ბოლნელა“, დიდ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, თეონა აბრამიშვილს და სრულიად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. მათი სწორი ხედვაა - თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობაა ჩვენს რეგიონში, ქართული ტრადიციული მიმართულების ხელშეწყობა და განვითარება. ანსამბლი კი ნამდვილად წარმოაჩენს და ასახელებს როგორც ბოლნისს, ასევე სრულიად საქართველოს“. ,,ბოლნელას” სამხატვრო ხელმძღვანელია დეკანოზი ბასილ ახვლედიანი, ლოტბარი _ ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი. მენეჯერი: მზია მეფარიშვილი, წევრები: მარიკა ფორჩხიძე, ირმა ჭილაია, რუსუდან ქვარცხავა, სნეჟანა მნაცაკანიანი, ანა რეხვიაშვილი, თამარ დავითულიანი, ელენე სიკინჭალაშვილი, ვერიკო ივანიძე, სოფო კოტრიკაძე.


Share.

Leave A Reply