რატომ დაიტირა ლენინი გულამოსკვნით და რა ოცნებები დარჩა ასახდენი ირმა ჭილაიას

0

მხიარული, ენერგიული, მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე,  კომუნიკაბელური, მიზანდასახული, სახასიათო და დასამახსოვრებელი როლებით – ასეთია ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობი და ანსამბლ „ბოლნელას“ წევრი ირმა ჭილაია. მისი მთავარი სიხარული გარშემომყოფების და მაყურებლის გულწრფელი ემოცია, რაც დიდ ენერგიას და ძალას მატებს. რა მიზნები აქვს ცხოვრებაში და რა ოცნება დარჩა ასახდენი, ამაზე მსახიობი და მომღერალი თავად გვიამბობს.

„1973 წლის 11 მაისს ქალაქ ბოლნისში დავიბადე, მრავალშვილიან ოჯახში, ოთხი დედმამიშვილი ვართ, სამი და და ერთი ძმა, რომელიც 20 წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობს, მხიარული ბავშვობა მქონდა, რაც თავი მახსოვს ვმღერი, ვცეკვავ, ასეთივე ხალისიანი და ენერგიული ვიყავი ბავშვობაშიც. რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, აქ დედამ დიდი გავლენა იქონია, ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან მეუბნებოდა, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, სულ ვიღაცის პაროდიას მაკეთებინებდა, მათსავით მამღერებდა, მე მსახიობობაზე მეტად სიმღერა მიტაცებდა“.

როგორც თავად გვიყვება იყო ყოველთვის იქ, სადაც რამე აქტივობა ან ღონისძიება ტარდებოდა,  დადიოდა ცეკვის, სიმღერის, მხატვრული კითხვის წრეზე. უმოქმედოდ არც მაშინ, და  არც ახლა, ერთი დღეც არ ყოფილა. კარგად ახსოვს,  მისი როგორც მსახიობის, დებიუტი რომ შედგა, მაშინ სრულიად პატარა იყო, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში თეატრის წრეზე დადიოდა. პედაგოგმა, ნათელა თარხნიშვილმა, შეფასების 5 ბალიანი სისტემა მინი სკეჩით გააცოცხლა, სადაც ირმას ერთიანის როლი შეხვდა. შერცხვენილი, დახეული ტანსაცმლით ერთიანი თავის უმოქმედობასა და სიზარმაცეს განასახიერებდა. ეს იმდენად კარგად და მხიარულად შეასრულა, რომ   მინი სკეტჩი მაშინდელი პირველი არხის გადაცემის  „გზა მშვენიერებისკენ“ ობიექტივში მოხვდა, გადამღები ჯგუფი ბოლნისში ჩამოვიდა და ერთი გადაცემა ამ ბავშვებს დაუთმო.

დედმამიშვილებისგან განსხვავებით, მან რუსულ განათლებას ქართული ამჯობინა და №1 საშუალო სკოლა დაამთავრა,  „სკოლის წლები  ყველაზე ლამაზი წლებია, აქტიურობით აქაც გამოვირჩეოდი, მახსოვს სკოლის ორგანიზატორი ლიანა ხაჭიპერაძე სულ მამღერებდა რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას სიმღერებს, თმებს მასავით გამიჩეჩავდა, ხელში იატაკის ჯოხს დავიჭერდი და სცენაზე დიდი მონდომებით და ენერგიით ვასრულებდი მის ცნობილ ჰიტებს. ოლიმპიადებზე პატარა ასაკიდან ვიღებდი მონაწილეობას, დაწყებით კლასში  ვიყავი ვერცხლის მედალი რომ მოვიპოვე საქართველოს მასშტაბით გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსზე, სკოლაში კარგადაც ვსწავლობდი და წრეებზე სიარულსაც ვასწრებდი, მთავარია გინდოდეს და მოინდომო“.

-სკოლის დამთავრების შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

-სკოლის დამთავრების შემდეგ,  მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, დედის შეძახილმა ძალიან შემაყვარა ეს პროფესია, ვესწრებოდი ბოლნისის თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებს, ვოცნებობდი ოდესმე  სცენაზე მათ გვერდით მეთამაშა. ინსტიტუტში ჩაბარებამდე მუშაობა კანცელარიაში დავიწყე, სადაც თანამშრომლებისგან გავიგე,  რომ თეატრს ახალგაზრდა გოგოს კადრი სჭირდებოდა, ყველამ იცოდა ჩემი სიყვარული მსახიობობისადმი, მივედი და, ჩემდა გასაკვირად, მალევე ამიყვანეს. თეატრალურზე ჩაბარებას ვაპირებდი და ეს ერთგვარად დიდი გამოცდილება იქნებოდა. ასე მოვხვდი თეატრში და მას შემდეგ 20 წელია თითქმის ყველა სპექტაკლში აქტიურად ვმონაწილეობ.

-პირველ როლს როგორ გაიხსენებდით, ალბათ ნერვიულობდით?

-თეატრი მაშინ სპექტაკლზე „ათვინიერებენ მიმინოს“ მუშაობდა. ჩემი პირველი როლი ეპიზოდური იყო,  ქალ ბაზიერს ვთამაშობდი,ძალიან დასამახსოვრებლად და სასაცილოდ დავიტირე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მინდა გითხრათ, რომ ოდნავადაც არ ვნერვიულობდი, ეს ხომ ჩემი ოცნების ახდენა იყო. ეს ჩემი პატარა როლი ყველას თვალში მოხვდა, სწორედ ამ სპექტაკლით მოიარა თეატრმა სხვადასხვა ქვეყნები.

-რაც შეეხება სწავლის გაგრძელებას.

-ეს დღემდე რაღაცნაირად სანანებელია ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიწყობდა, ამ კუთხით, თეატრის რეჟისორი ზურა ხვედელიძე ხელს,  ჩაბარება ვერ შევძელი თეატრალურზე. მაშინ  მე ვმუშაობდი, არ მინდოდა პენსიონერი მშობლების  მარტო დატოვება. მომწონს ახლანდელი ახალგაზრდები, მიზანს რომ ადვილად აღწევენ და ცხოვრებას დამოუკიდებლად აგრძელებენ, მაშინ ასე არ ვფიქრობდი. პროფესიის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი, წლების შემდეგ უცხო ენები დავამთავრე

 – თეატრში როგორ გრძელდებოდა წლები, რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობობა?

-ჩემთვის მსახიობობა ღმერთის საჩუქარია, ვფიქრობ ამისთვის სიყვარული და მონდომებაა საჭირო. ყოველთვის მიზიდავდა სცენა, თუ ნიჭი გაქვს, ამ გზას აგრძელებ, თუ არა, რაღაც ეტაპის გავლის შემდეგ ჩერდები. ჩემთვის თეატრით ახალი დღე გათენდა და ახალი ეტაპი დაიწყო, ამქვეყნად ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ შეიძლება ნაკლებად უმართლებს, მე ვთვლი, რომ გამიმართლა.

თეატრში ყოველთვის აქტიურად იდგმებოდა სპექტაკლები, „ათვინიერებენ მიმინოს“ „მუსუსი“ მოჰყვა, სადაც პიონერის როლს ვთამაშობდი.  ეს კი დიდ სცენაზე პირველი დებიუტი იყო, აქ სიტყვიერი როლი უნდა შემესრულებინა. ლენინი დავიტირე, იმდენად შევედი როლში, რომ მახსოვს გული ამომიჯდა, კულისებში რომ შევედი ძლივს დამამშვიდეს, მართლა ვტიროდი, მალევე მოდიოდა ქორწილის სცენა, აი იქ მხიარული განწყობით და ცეკვა-თამაშით შევვარდი სცენაზე.  ვფიქრობ არ მიჭირს როლიდან როლზე გადასვლა. მას შემდეგ ეს სპექტაკლი ბოლნისის კუტურის სახლის სცენაზე არაერთხელ დაიდგა, განახლებული და აღდგენილი სახით.

ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე დადგმული სპექტაკლები სახასიათო და დასამახსოვრებელია თავისი შესრულებით, ინდივიდუალობით, პროფესიონალიზმით. სპექტაკლს სპექტაკლი მოსდევდა და ამასობაში 20 წელი ირმა ჭილაია ერთგულად ემსახურება ბოლნისის თეატრს, ამბობს, რომ იქ არის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს და აკეთებს საქმეს, რომელზეც წლები ოცნებობდა.

„ბოლნისში ყოველთვის იდგმება სპექტაკლები, რომელშიც ზომიერებაა დაცული, აქ არასდროს ყოფილა ისეთი რამ, რაც მაყურებელს ზედმეტად  მოხვდება თვალში“.

-როგორია ირმა ჭილაია სცენის მიღმა?

-როგორც აღვნიშნე, თავიდან საერთოდ არ ვნერვიულობდი, აი შემდეგ სპექტაკლებზე იმატა პასუხისმგებლობამ, მეტად დავფიქრდი, საშინლად ვნერვიულობ სანამ სცენაზე გავალ, როგორც კი თამაშს ვიწყებ, ნერვიულობაც მივლის. თითოეულ როლს დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ, მეც ვხალისობ  და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც. ვფიქრობ როლზე, როგორ უკეთესი იქნება. წარმოსახვაში არაერთხელ ვთამაშობ,  რეჟისორი ანაწილებს, ის ზუსტად ხედავს შენში, თუ როგორ მოერგები. „მუსუსში“ მე  უნდა მეყივლა, ჩემს პარტნიორს ეკაკანა, მამლის ყივილი ვერანაირად ვერ მივამსგავსე, მაშინ თეატრის პარალელურად ფოსტაში ტელეგრაფისტად ვმუშაობდი, სადაც ძალიან ერთგული და მეგობრული თანამშროლები მყავდა, იქ ვმეცადინეობდი. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მეზობლის მამლის ყივილი გავიგე, გამოვაღე ფანჯარა და რამდენჯერმე შევეცადე მიმესგავსებინა, ბოლოს მე და მამალმა ერთი-ერთში ვიყივლეთ. არ მიყვარს იმ სპექტაკლების ყურება, სადაც მე ვმონაწილეობ, თვითკრიტიკული ვარ და ვფიქრობ, ყოველთვის შეიძლება  უკეთესად შეასრულო. თეატრი ყოველთვის რაღაც ახალს გასწავლის.

-რას ნიშნავს მაყურებლის ტაში?

-მაყურებელი – ეს ხომ შენი მთავარი შემფასებელია, ათმაგი პასუხისმგებლობაა, როცა  შენს გულშემატკივართან გიწევს თამაში, მაყურებელი ზუსტად აღიქვამს და გრძნობს, ამიტომ ძალიან დიდ გზას და მომზადებას გადის სპექტაკლი დარბაზამდე. ბოლნისი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. მაყურებლის სიყვარულს ქუჩაშიც ყოველი ნაბიჯზე ვგრძნობთ.

-რას ურჩევდით დამწყებ მსახიობებს?

-უპირველესად  უყვარდეთ თავისი საქმე, იყვნენ მიზანდასახულნი, ვუსურვებ ბევრ როლს, პროფესიულ წინსვლას და მადლიერ მაყურებელს. თეატრში ყველა ასაკის ადამიანი უნდა იყოს, რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება, მალე მაყურებელი ლაშა ნოზაძის რეჟისორობით დადგმულ შექსპირის ჰამლეტს განსხვავებული ვერსიით იხილავს.

-თქვენ გოგონათა ფოლკოლური ანსამბლის „ბოლნელას“ წევრიც ხართ.

– მამა ბასილის ინიციატივით და მეუფის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ანსამბლი, რომელიც მგალობლებისგან დაკომპლექტდა.  თავიდან 35 შეირჩა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში კონკურსის გავლის შედეგად საბოლოოდ  9 დავრჩით. გამიკვირდა, მაგრამ  ალბათ ჩემმა არტისტულობამაც იქონია გავლენა. მიხარია აქ რომ ვარ, ეს არის საოცარი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. ქართულ ძველ სიმღერებს კი საოცარი მუხტი აქვს, სასწაულ სიამოვნებას ვღებულობთ. „ბოლნელა“, ისევე როგორც თეატრი, ჩემი ოჯახია.

ანსამბლი „ბოლნელა“ გასტროლისთვის ემზადება, ის ლიტვაში საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც გოგონათა გუნდი ახალი ფორმებით წარსდგება უცხოელი მსმენელის წინაშე. სპეციალურად, ამ დღისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, მათთვის ფორმები იკერება.

-ირმა თითქმის ყველა ოცნება აგიხდა, რა არის შენი სანუკვარი ოცნება?

-მე უამრავი ნამდვილი მეგობარი მყავს, ადვილად არ შემიძლია ადამიანების დავიწყება, მყავს მეუღლე, ზუსტად ისეთი, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, უფლის მადლიერი ვარ, რაც მაქვს, იმით ვარ ბედნიერი, არასოდეს ვოცნებობდი ისეთ რაღაცეებზე, რაც არარეალურია, ახლა ყველაზე დიდი ოცნებაა, მყავდეს შვილი.

ირმა ჭილაია არ ჩერდება, რეპეტიციიდან რეპეტიციაზე, დარბაზიდან სცენაზე, ოც წელზე მეტია სიონის საკათედრო ტაძარში გალობს, როგორც თავად ამბობს, ეს რეჟიმი მას არათუ ღლის, არამედ ენერგიას მატებს. ბავშვობაში ნასწავლი ქართული ნაციონალური ცეკვის გასახსენებლად  ცეკვის წრეზე სიარულიც დაიწყო. ასეთი საინტერესო განვლილი ცხოვრება და სამომავლო გეგმები აქვს მას , ,,გაზეთი ბოლნისი“ მადლობას უხდის  ირმას საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს უსურვებს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply