საერთაშორისო ღვინის ფესტივალს ბოლნისი მეხუთე წელია უერთდება

0


საიუბილეო თარიღი, დაარსებიდან 10 წლის იუბილე ,,საქართველოს ღვინის კლუბმა“ მთაწმინდის პარკში, საზეიმო ვითარებაში ანსამბლ ,,დიდგორის“ მრავალჟამიერითა და ქვევრის გახსნით დაიწყო, რომელშიც ღვინის კლუბის მიერ შერჩეულ საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო ესხა. ღვინის კლუბებისთვის განკუთვნილი ფესტივალი უკვე მე 10 ე წელია იმართება და ის უფრო მასშტაბური ხდება, მასში ყოველწლიურად უფრო მეტი მეღვინე ერთვება. ახალ-ახალი საოჯახო მარნები, ღვინის კომპანიები, დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები, სულ 200 ზე მეტი სუბიექტი გამოდის ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს. ,,ახალი ღვინის ფესტივალზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეღვინეთა გაერთიანება მე-5 წელია აქტიურად ერთვება.

,, ახალი ღვინის ფესტივალზე“ ღვინის მწარმოებლების გარდა იყვნენ ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს სახელოვანი ღვინის მაგისტრები, სომელიები და იმპორტიორები ჩამოდიან და აგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეღვინეთა პავილიონებთან ხალხის ნაკადი დღის მანძილზე არ წყდებოდა. დაგემოვნებასთან ერთად ისინი მწარმოებლებს ღვინის შესახებ ესაუბრებოდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

,,ღვინის აკვნის“ სტატუსის მატარებელი ქვეყანა ძველ დიდებას ნელ-ნელა იბრუნებს. ქვეყანა სადაც ასამდე სახეობის ღვინო იწარმოება უკვე უცხოელების ინტერესის საგანი ხდება. თანამედროვე მსოფლიოში ქართული ღვინის ბუმია, რაც მთაწმინდის პარკში ,,ახალი ღვინის“ ტრადიციად ქცეულ ფესტივალზე უცხოელების ჩართულობით დასტურდება. აღნიშნული ფესტივალის გამართვის მიზანიც ხომ სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
,,ახალი ღვინის ფესტივალი“ მთაწმინდის პარკში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, რომლის გახსნის და დახურვის პატივი ანსამბლ ,,დიდგორს“ ერგო. პარკის ტერიტორიაზე გაშლილი იყო პავილიონები ღვინის დეგუსტაციებისთვის, ასევე უკრავდა ჯაზ-ბენდი. ცენტრალურ მოედანზე მოხდა ღვინით სავსე კასრების გათამაშება. ფესტივალის მონაწილეებს შეეძლოთ ასეულობით სახეობის ახალი ღვინის დაგემოვნება. სახალხო დღესასწაულად ქცეული ფესტივალი ზუსტად ერთი წლით გვემშვიდობება იმ იმედით, რომ მომავალ წელს უფრო მეტი კომპანიები და მევენახეები ახალი გემოებით ჩაერთვებიან ფესტივალზე.



Share.

Leave A Reply