საყოველთაო ჯვრისწერა ბოლნისში

0

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა, რომელიც ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, უკვე მესამე წელია ხორციელდება. პროექტს სათავეში უდგას საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება. პატრიარქის ინიციატივა ითვალისწინებს იმ წყვილების ჩართვას, რომლებსაც აქვთ შექმნილი ოჯახები, თუმცა დღემდე არ დაუწერიათ ჯვარი და აქვთ სურვილი უფლის წინაშე იქცნენ კანონიერ მეუღლეებად. ჯვარდაწერილთა სია მთელი საქართველოდან იკრიბება და მათ ლოცავს უწმინდესი და უნეტარესი. პროექტის ფარგლებში, სიონის საკათედრო ტაძარში მესამე ჯვრისწერა განხორციელდა. 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით 2014 წლიდან აღინიშნება, საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას კი საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და მის ფარგლებში უკვე ათასობით წყვილმა დაიწერა ჯვარი. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯვრისწერას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სიონის საკათედრო ტაძრიდან უერთდება.
დეკანოზი ბესარიონ სულხანიშვილი, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი:
-ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ოჯახის შექმნისას აუცილებლად უნდა დაიწეროს ჯვარი. მადლობა უფალს, რომ ამ წყვილებმა ღვთის წიმაშე ვალი მოიხადეს. პატრიარქის კურთხევას დიდი მადლი აქვს, ადამიანი როდესაც ჯვარდაწერილია ფიზიკურადაც ძლიერია.
ლილია ნოვოსელცევი:
-29 წელი მე და საშა ვცხოვრობთ ერთად, ვართ ცოლ-ქმარი. გასულ წელს სიონში დავესწარით საყოველთაო ჯვრისწერას და გადავწყვიტეთ ჩვენც აქ, სწორედ ამ უძველეს ტაძარში დაგვეწერა ჯვარი.
ლედი დევდარიანი:
-შვილებმა გადაწყვიტეს რომ ჯვარი დაგვეწერა. პატრიარქის გადაწყვეტილებას ძალინ დიდ პატივს ვცემ, 47 წლის ცოლ-ქმარი ვართ და გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა სწორედ ახლა.


Share.

Leave A Reply