შეხვედრა ქვემო ბოლნიში

0

ქალთა საერთაშორისო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა-XXI“-ის ჩართულობით, სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელ გოგონებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, თემაზე ნაადრევი ქორწინება.
ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი – ის უტოლდება მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მაჩვენებელს.
არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. გამომდინარე აქედან, თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია.

ფატი ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში:
შეხვედრა მოზარდ გოგონებთან და საუბარი ნაადრევ ქორწინებაზე მიზანად ისახავს, კანონმდებლობის აღსრულებას გენდერული ფორმების ტრანსფორმაციისკენ და სოციალური ცვლილებებისკენ, რომელიც ემსახურება ახალგაზრდებისა და მოზარდების განვითარებას. მნიშვნელოვანია შევქმნათ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განათლების, დასაქმების შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ გააცნობიერონ, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება არც გამოსავალია და არც მათი მომავალი ცხოვრების ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენ გვჯერა, რომ თუ დღეს გოგონებს ვასწავლით სიმამაცეს, მივცემთ ცოდნას მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ, ისინი იქნებიან უფრო ძლიერები. მოზარდი გოგონების სახით ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და გვჯერა, რომ შევძლებთ დავძლიოთ უთანასწორობა.

მაგდა კოსტავა, ასოციაცია ,,ჰერა -ХХI“ წევრი:
ეს დღე მსოფლიოში 30 წელია აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით, სიმბოლურად, ქვემო ბოლნისში შევხვდით მოზარდ გოგონებს და გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევ ქორწინებაზე. სამწუხაროდ აუდიტორიისაგან დავინახეთ, რომ პრობლემა მწვავედ დგას. გოგონები მათივე სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას და ზრუნვას პირად კარიერაზე. ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომები.


Share.

Leave A Reply