ვინ არის უნიჭიერესი მოსწავლე ბოლნისიდან, რომელმაც სასწავლო ცენტრში მოსახვედრად დიდი კონკურენცია უმაღლესი ქულით გადალახა

0

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა TCJ საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა პროექტ ,,საზაფხულო სკოლაში“ მიღება, რომელიც 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს გასავლელი ჰქონდათ 2 ეტაპი, მეორე ეტაპზე მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე გადავიდა.
18-19 მაისს ჩატარდა ტესტირება მათემატიკაში, სადაც 700 დარეგისტრირებული მოსწავლიდან გამოვლინდა 30 საუკეთესო შედეგის მქონე და გაირკვა საზაფხულო სკოლაში მოხვედრილი ბავშვების ვინაობა. აქედან ერთ-ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე კახაბერ ახვლედიანია, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი და უმაღლესი 20 ქულა, თანატოლთაგან მხოლოდ მას ერგო.
კახაბერ ახვლედიანი გაემგზავრება ყვარელში და ჩაერთვება სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს: გუნდური შეჭიდულობის ტრენინგს, საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობას, საჯარო გამოსვლას და პრეზენტაციულ უნარებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, განათლების როლს და მათემატიკის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კახაბერ ახვლედიანი, ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე:
-ყოველთვის მაინტერესებდა და პატარა ასაკიდან ვიღებდი კონკურსებში მონაწილეობას. სრულიად შემთხვევით გავიგე ამ კონკურსის შესახებ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა, შესაბამისად, კონკურენციაც დიდი იყო. პირველ ეტაპზე 700 მოსწავლე შეირჩა, გამარჯვებული საუკეთესო შედეგების მქონე 30 მოსწავლე მეორე ეტაპზე გამოვლინდა. ტესტირება მათემატიკაში ჩატარდა, სადაც მაქსიმალური 20 ქულა ავიღე, მიხარია საუკეთესო შედეგით გამარჯვება. 10 დღიანი სწავლების დროს გავივლით იმ პროგრამებს, რომლითაც დაინტერესებული ვარ და მოლოდინიც დიდი მაქვს, შევიძენ და დავამატებ ახალ ცოდნას კონკრეტულ პროგრამებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი შეიტანოს. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარელში სასწავლო ფუნქციის, თანამედროვე სტანდარტებისა და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს ტრენინგ მომსახურებას, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და მაღალი კლასის სასტუმროს.


Share.

Leave A Reply