,,გზავნილი კატერინენფელდიდან’’- ჟურნალი ქართულ-გერმანული კულტურის შესახებ

0

ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტი,   ახალგაზრდა ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა, ჟურნალი „გზავნილი კატარინენფელდიდან“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების  „ბეჭდური მედიის“ ფარგლებში მომზადდა. ჟურნალი მკითხველს იმ კატარინენფელდს აცნობს, რომელიც ბოლნისში დღემდე ცოცხლობს. აქ თავმოყრილია ბოლნისის  მდიდარი და საინტერესო ისტორია, რომელიც გერმანელებს უკავშირდებათ, სწორედ აქედან გამომდინარე  დაერქვა ჟურნალს „გზავნილი კატარინენფელდიდან“.

ასოცირებული პროფესორის, საგნის ხელმძღვანელის მაია ტორაძის იდეის მიხედვით, უკვე წლებია სტუდენტები გზავნილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ამზადებენ. ამჯერად, სტუდენტებმა და ხელმძღვანელმა არჩევანი ბოლნისის მუნიციპალიტეტზე შეაჩერეს. ერთ-ერთი სტუდენტი ბოლნისელი ახალგაზრდა, ელენე გოგოლაძეა, რომელმაც  თანაკურსელებს მეგზურობა გაუწია,მისმა დაწერილმა სტატიამ ,,ალტერნატიული ბოლნისი’’  დაინტერესება  გამოიწვია და  გაჩნდა იდეა ბოლნისის შესახებ ჟურნალის გამოცემის.

,, „ბეჭდური მედიის“ ფარგლებში დავწერე სტატია „ალტერნატიული ბოლნისი“, რომლის გაცნობის შემდეგაც გაჩნდა იდეა გზავნილის თემად ბოლნისის შერჩევისა. 2019 წლის 4 ივნისს ჩვენი გუნდი ეწვია ბოლნისს, შევაგროვეთ მასალები, გავეცანით  ღირსშესანიშნაობებს, გერმანულ უბნებსა და სახლებს, საინტერესო ადამიანებს, არსებული პრობლემების შესახებ გავესაუბრეთ მერის მოადგილეს  ვალენტინა ნავერიანს.

ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ბოლნისის პოპულარიზაციაში ჩემი მცირედი  წვლილი შემეტანა. „გზავნილი კატარინენფელდიდან“ დიდი შრომის შედეგია, მის უკან დგანან ჩემი თანაკურსელები, სტუდენტები, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და ბოლომდე ერთგულად მოახმარეს თავიანთი  ენერგია ჟურნალის სრულყოფას, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხელმძღვანელი, ქალბატონი  მაია ტორაძე, რომელიც დაინტერესდა ბოლნისით და მზაობა გამოთქვა მუშაობისათვის.

ვფიქრობ, ბოლნისელებს ძალიან მოეწონებათ ჩვენი ნამუშევარი, რაშიც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა, ხელმძღვანელთან ერთად, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და შევეცადეთ, მთლიანად მოგვეცვა მთავარი თემები. ჟურნალი უკვე დაბეჭდილია, თუმცა, ტირაჟი მცირეა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჟურნალისტებსა და რესპონდენტებზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა გაცილებით მეტი იქნება, ამიტომ, კარგი იქნება, თუ მერია დაინტერესდება ჟურნალით „გზავნილი კატარინენფელდიდან“  პოპულარიზაციით.“აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ელენე გოგოლაძემ.

მარიამ ტალახაძე, ჟურნალის მთავარი რედაქტორი:

-ჩემთვის ბოლნისი ყოველთვის ბოლნისის სიონთან ასოცირდებოდა, გზავნილზე მუშაობისას კი ეს ასოციაცია აბსოლუტურად შემეცვალა. დღეს ჩემთვის ეს პატარა ქალაქი გერმანულ უბანს, ფახვერკულ სახლებს, უზარმაზარ სარდაფებსა და საოცრად სტუმართმოყვარე და თბილ ხალხს უკავშირდება. „გზავნილი კატარინენფელდიდან“, ბოლნისის მსგავსად, ქართულ-გერმანული კულტურისა და ტრადიციების ნაზავია. როცა ბოლნისელები ჩვენს ფოტოაპარატებსა და დაინტერესებულ სახეებს ხედავდნენ, ყველა გვეკითხებოდა ბოლნისში ჩასვლის მიზეზს, გვთავაზობდნენ დახმარებას და სახლში გვიპატიჟებდნენ. ჩვენი მიზანი სწორად ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მაჯისცემის გადმოცემა იყო და იმედი მაქვს, რომ ჟურნალი ბოლნისელების მოწონებას დაიმსახურებს, რადგან გზავნილი  სწორედ მათთვის და მათ შესახებაა.

მაია ტორაძე, თსუ–ს  ასოცირებული პროფესორი:

– ჟურნალ “გზავნილს”,  რომელიც თსუ–ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები გამოსცემენ, უკვე შვიდი წლის ისტორია აქვს. დღემდე გამოცემულია ამ ჟურნალის 30 ნომერი, მათ შორის, თხუთმეტი – ბეჭდური სახით.

ჟურნალები გამოიცემა  საგან “ბეჭდური მედია პრაქტიკუმის”  ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, მცირე დროში უცხო გარემოს შესწავლას, პრობლემების იდენტიფიცირებას, წყაროების მოძიებას, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის, ასევე ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის ჩვევის შეძენას, წყაროებთან (დოკუმენტებთან და კომპეტენტურ პირებთან) მუშაობას, ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას და მისთვის საბოლოო იერსახის მიცემას. ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობენ ჟურნალის შექმნის ყველა ეტაპზე, ატარებენ ნიუსრუმებს, გეგმავენ ჟურნალს, წერენ, იღებენ შესაბამის ფოტომასალას, აკაბადონებენ  და საბოლოო სახეს აძლევენ ჟურნალს.

წელს სასწავლო სემესტრში ექვსი ასეთი ჟურნალი შეიქმნა. ერთ–ერთი მათგანია “გზავნილი კატარინენფელდიდან” , ანუ ბოლნისიდან. იდეა ამ ულამაზეს ქალაქში ჩამოსვლისა, გაჩნდა ჯერ კიდევ პირველ სემესტრში, როცა ჩვენმა სტუდენტმა, ბოლნისის მკვიდრმა ელენე გოგოლაძემ სასწავლო გაზეთისთვის მოიტანა მასალა ბოლნისის ახალგაზრდულ კლუბზე. სწორედ მაშინ შევთავაზე ჯგუფს პირველად –  გაგვეკეთებინა გასვლითი პრაქტიკა ბოლნისში, მით უფრო, რომ ამ ქალაქის მკვიდრი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სტუდენტი,  ბადრი კობიაშვილი, მუდმივად ბოლნისიდან გვთავაზობდა მასალებს და განსაკუთრებით მოგვწონდა მისი ისტორიები გერმანულ დასახლებებზე. ჯგუფი წამოჰყვა ამ იდეას და მეორე სემესტრში პრაქტიკაც განხორციელდა.

დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  შეიქმნა ძალიან საინტერესო ჟურნალი, რომელსაც სტუდენტებმა “გზავნილი კატარინენფელდიდან” დაარქვეს,როგორც ნიშანი და სიმბოლო იმისა, რომ აქ დღესაც ახსოვთ გერმანელები და პატივს სცემენ  მათ ტრადიციებს. ამ საოცრად სტუმართმოყვარე, ალალ–მართალმა და გულღია რაიონმა უკლებლივ ყველას შეაყვარა თავი, რაც ჟურნალში თვალის ერთი გადავლებითაც  ჩანს.

ჟურნალი ღირებულია შინაარსობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით, რაშიც თითოეულმა სტუდენტმა – რედაქტორიდან და დამკაბადონებლიდან დაწყებული, ჟურნალისტით დამთავრებული, უდიდესი წვლილი შეიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ  ბოლნისელს, ვინც დაეხმარა ახალგაზრდებს, რომ საინტერესო  მასალები შეეგროვებინათ და ჟურნალს იმ სახით ეხილა დღის სინათლე, როგორიც უკვე გულშემატკივრებს აგროვებს სოციალურ ქსელში.

ჟურნალის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება. მანამდე კი issuu.com-ზე  მოიძიეთ -“გზავნილი კატარინენფელდიდან” და დატკბით ბოლნისის სილამაზით.


Share.

Leave A Reply