ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ სტუდია მონიტორი -ს ჟურნალისტ მარი დუდუნიას ბოლნისის მერზე მომზადებულ გადაცემაში ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაუდგინა

0

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის ლევან ლაზარეშვილის განცხადება და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა ჟურნალისტ მარი დუდუნიას მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის ფაქტი.

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ მოამზადა სიუჟეტი სახელწოდებით „ბოლნისის მერის საეჭვო გარიგებები“, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „თავისუფლების მონიტორის“ ფარგლებში 2018 წლის 15 დეკემბერს გავიდა.

გადაცემაში ავტორმა ბოლნისის მუნუციპალიტეტის მერის საქმიანობისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებები გაავრცელა, რამაც გააჩინა საუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემაში მაყურებლებისთვის ფაქტების განზრახ არასწორად მიწოდებას ჰქონდა ადგილი. დავით შერაზადიშვილმა და ლევან ლაზარეშვილმა შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს და საბჭოს ჟურნალისტის მიერ ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპების დარღვევების შემთხვევებზე მიუთითეს.

საბჭომ დავით შერაზადიშვილისა და ლევან ლაზარეშვილის განცხადებებზე იმსჯელა და მარი დუდუნია ქარტიის პირველი პრინციპის, რომლის მიხედვითაც “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, დარღვევაში ამხილა.

მიმართვის ერთ-ერთი სადავო ეპიზოდი შეეხებოდა შპს „ორიგინალ +“-ს, რომლის 25%-ის მფლობელი ლევან ლაზარეშვილის ძმა გიორგი ლაზარეშვილია. ჟურნალისტი ეჭვობდა, რომ ტენდერებში აღნიშნული კომპანიის გამარჯვება ნეპოტიზმის ელემენტებს შეიცავდა. საბჭომ ამ ეპიზოდზე იმსჯელა და შემდეგი დასკვნა დადო: „სიუჟეტში მითითებულია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები სავარაუდო ნეპოტიზმისა [1-4 ფაქტობრივი გარემოებები] და ერთი ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სანდოობის საკმაოდ დაბალი ხარისხით სარგებლობს.“

ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან დაკავშირებით კი საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „თავად სიუჟეტში არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მითითებაც კი არ არის, რომ ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრი ლევან ლაზარეშვილის მხარდაჭერით სარგებლობს. მხოლოდ ნათესაური კავშირი საკმარისი არ არის გავლენის დასადასტურებლად. საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში მითითებული ინფორმაცია არ აძლევდა ჟურნალისტს საფუძველს მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა, რომ შპს „ორიგინალ +“ ტენდერებს ნეპოტიზმით იგებდა, რომ „ბოლნისის მერი გავლენიანი პროკურორის ძმას სწყალობს“. ჟურნალისტმა დააკლო მცდელობა, რომ ბოლომდე გადაემოწმებინა, მოეკვლია ფაქტები სავარაუდო ნეპოტიზმის შესახებ და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, აღნიშნული გადაცემიდან კიდევ ერთ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც ბოლნისში ქვაფენილის დაგებისთვის შპს „პრიორიტეტი +“ -სთვის დამატებით გამოყოფილ თანხებს შეეხებოდა. ქარტიის საბჭომ შემდეგი სახის დასკვნა გამოიტანა: „ხელშეკრულების მეორე მუხლში, რომლითაც მოხდა სატენდერო თანხის გაზრდა და რომელიც თავად ჟურნალისტსაც ჰქონდა, მითითებული იყო, რომ ხელშეკრულებას თან ერთვოდა კორექტირებული დანართი, ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად ცხადი იყო რომ არსებობდა დოკუმენტი, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სამუშაოთა ჩამონათვალი.
ჟურნალისტს უნდა გამოეთხოვა აღნიშნული დოკუმენტი და თუ მაინც ნათელი არ იქნებოდა გაზრდის საფუძველი, ამაზე დამატებითი განმარტებები მოეთხოვა. ის, რომ ჟურნალისტმა ვერ დაადგინა თუ რის საფუძველზე მოხდა ღირებულების გაზრდა, არ აძლევდა მას უფლებას, რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა, თითქოს დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას [დასაბუთებას] იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა სატენდერო თანხა მით უმეტეს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო შეცვლილი ხარჯთაღრიცხვის შესახებ.”

ჟურნალისტმა ამ კონკრეტული ეპიზოდის განხილვისას საბჭოს განუცხადა, რომ ის დაუკავშირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას და მერთან ინტერვიუ სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბოლნისის მერს ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, რაც ასევე ჩანს გადაცემაშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ მერთან ინტერვიუს დასაგეგმად ჟურნალისტს კითხვების დაზუსტება სთხოვა, მიღებულ კითხვებზე კი წერილობითი პასუხები გასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, გადაცემაში მოყვანილი რამდენიმე ეპიზოდი გააპროტესტა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ დადგენილად ცნო ჟურნალისტ მარი დუდუნიას მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, დავით შერაზადიშვილი აპირებს, დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დავა სასამართლოში განაგრძოს.

ამასთანავე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოითხოვს სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ, რომელმაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიხედვით, პირველი პრინციპი დაარღვია, იმავე გადაცემის საშუალებით უარყოს მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.


Share.

Leave A Reply