ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

0


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 11 წელი გავიდა.  ხუთ დღიანმა ომმა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეულობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა. აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა,  მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, რომლებმაც   სოფელ რაჭისუბანში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი და გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

აგვისტოს ომის გმირის ასლან შაინიძის დედა  ამაყობს მისი შვილით. ორი შვილის მამა პირველივე გამოძახებაზე შეუდგა სამზადისს და ცხელი წერტილისკენ გაემგზავრა, თუმცა მანამდე გამოემშვიდობა მთელ სოფელს, ნათესავებს. დედამ ის სოფლის ბოლომდე მიაცილა და მას მერე არ უნახავს.

სოფელ რატევანის მკვიდრმა ნოდარ დევნოზაშვილმა 6 აგვისტოს, მეუღლის დაბადების დღეზე, მიიღო სატელეფონო გამოძახება და ის დღე მისთვის ბოლო აღმოჩნდა ოჯახთან ერთად ყოფნის.

ათასობით გმირიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიებით იცნობს და ადიდებს, ერთ-ერთი სოფელ ტანძიის მკვიდრი საბა დადვანი გახლავთ.  ის  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოღვაწეობდა. დედა-შვილის ბოლო საუბარი  სატელეფონო იყო, სადაც  დაჰპირდა დედას, რომ შვებულებით სახლში დაბრუნდებოდა, თუმცა ის აგვისტოს ომმა შეიწირა.

ბოლნისის საკრებულოს გადაწყვეტილებით აგვისტოს ომის  გმირების ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილისა და საბა დადვანის ქუჩებს მათი სახელები მიენიჭათ, საცხოვრებელ სახლებზე კი სიმბოლური აბრები განთავსდა. გმირების ოჯახებს ბოლნისის მერიამ პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაურიცხა.


Share.

Leave A Reply