საბას ნაკვალევზე გაზრდილი 100 წლის ქალბატონი

0

მარიამ ახობაძე სოფელ ტანძიაში ერთ-ერთ უხუცესი ქალბატონია. მას 100 წელი შეუსრულდა, როგორც თავად ამბობს ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს პატარა სოფლის, უმშვენიერეს ბუნებას უკავშირებს, რომელმაც სიცოცხლე კიდევ უფრო შეაყვარა და ენერგია და ხალისი შეუნარჩუნა. უხუცესი ქალბატონი ამაყობს, რომ დიდი საბას ნაკვალევზეა გაზრდილი და ის მიწა-წყალი, სადაც ფეხი აიდგა და გაიზარდა, ორბელიანებმა მის დიდ პაპას საჩუქრად გადასცეს. ქალბატონი მარიამი, ასაკის მიუხადავად, ცოცხალი მემატიანეა. იგი ზედმიწევნით იხსენებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს და სიამაყით აცხადებს, რომ სამამულო ომში მან თავისი წვლილი შეიტანა.

სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული უხუცესი ქალბატონი დღემდე საკუთარი ხელით იკერავს კაბებს, აწყობს ქვებითა და მაქმანებით. ამბობს, რომ თანამედროვე ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვება, აქვს  საკუთარი ხელით შექმნილი კაბების უამრავი კოლექცია, აწყობს გამოფენებს და ჰყავს  დამთვალიერებელი, ამაყობს, რომ თბილისის მერი კახი კალაძე   ესტუმრა და შესანიშნავი კოლექციისთვის ჯილდოც კი გადასცა.იუბილარ ქალბატონს დაბადების დღე პოეტმა ეთერ აფაქიძემ საკუთარი ლექსით მიულოცა, ლექსი ექსპრომტად  ნათელა თარხნიშვილმაც მიუძღვნა და საუკუნე გამოვლილმა იუბილარმა ემოციები ვერ დამალა. ქალბატონ მარიამ ახობაძეს 100 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს და მას ერთჯერადი ფულადი თანხა გადასცეს.


Share.

Leave A Reply