სხვადასხვა კატეგორიის მქონე მოქალაქეები 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად მიიღებენ

0

პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ, ეს დავადებებია: გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ასევე დიაბეტი, ეპილეფსია და პარკისონი, მთავრობის გადაწყვეტილებით ბენეფიციარებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ფასად შეეძლებათ. პროცედურის მიხედვით, პაციენტი თავდაპირველად ოჯახის ექიმს მიმართავს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და რეცეპტს გასცემს, რის შემდეგაც ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდება და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს, მედიკამენტების შეძენა პაციენტს ხუთ სააფთიაქო ქსელში შეეძლება, ესენია: პსპ, ჯიპისი, ავერსი, ფარმადეპო და სახალხო აფთიაქი.
აღნიშნული შეღავათით საქართველოს მასშტაბით 64 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს, პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ოცი მილიონი ლარი გამოიყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიწყოს იმ პრობლემების სისტემური მოგვარება, რომელიც არის საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკაში. 
„აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯიდაც. ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი მედიკამენტების შეძენას ხმარდება, მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო წამლების თემა, ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში და პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბოქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად – 1 ლარად შეიძინონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“. – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


Share.

Leave A Reply