ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში 25 საჯარო შეხვედრა გამართეს

0

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს თვეში  სამაჟორიტარო ოლქში 25 საჯარო შეხვედრა გამართა. მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფორმატში, მიმდინარე საჭიროებებსა და პრობლემებზე 1000 -მდე მოქალაქეს გაესაუბრა.

გოგი მეშველიანის თქმით, აგვისტოს თვე სრულად გამოყენებული იქნა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი  პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  სოფლების: აკაურთას, ბერთაკარის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანის, სენების, ძველი ქვეშის, გეტას, წიფორის, ჭრეშის, ხახალაჯვარის, ნახიდურის, ხიდისყურის, მუხრანას, მწყნეთის, დარბაზის, ტანძიის, რატევანის, ბალახაურის, სავანეთის, ტალავერის,დაბა თამარისის, ცურტავის, ფარიზის, დისველისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას ესტუმრნენ, პირადად მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და მათთან ერთად იმსჯელეს ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.

“კვირაში ერთხელ მოსახლეობას ოფიციალურად ვხვდებით და მათ პრობლემებს ადგილზეც ვეცნობით  მიუხედავად ამისა,   ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის რწმუნებული და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი   აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას.  რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ხალხთან და შესაძლებლობას გვაძლევს მათი შეხედულებები პირადად მოვისმინოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,”განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის სოფლებში 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყო და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა.

„მოსახლეობამ შეხვედრების დროს  მადლიერება გამოხატა მრავალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური საკითხის მოგვარებისთვის. სასიამოვნოა, როცა გაკეთებულ საქმეებს ხალხი აფასებს და გრძნობ, რომ გენდობიან. თუმცა, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, რადგან ყოველდღიურად უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების სწრაფი და ეფექტიანი მოგვარებისთვის.

შეხვედრების დროს მოსახლეობას ჰქონდა საშუალება, ყველა პრობლემაზე ღიად , გულწრფელად ესაუბრა და დაეყენებინათ ის საკითხები რომელიც  აწუხებთ. პრობლემების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაც ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური რესურსების მობილიზება მოხდეს, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული საკითხები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. საინტერესო შეხვედრები გვქონდა  მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებზე, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ადგილობრივებისთვის აქტუალურია.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან გვქონდეს ღია და ინტენსიური დიალოგი და ეს ურთიერთობა იყოს მუდმივი , რათა მათ არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მიტოვებულები არიან ხელისუფლებისგან.“- აღნიშნა პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა .

მოსახლეობასთან საუბრისას, პარლამენტის წევრმა კიდევ ერთ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის მედიკამენტების 1 ლარად მიწოდებას გულისხმობს.

საჯარო შეხვედრების ფარგლებში, პარლამენტის წევრმა სოფელ წიფორსა და ჭრეშში ახლად აშენებული რიტუალების სახლიც მოინახულა. მისი თქმით, მშენებლობა ადგილობრივი მცხოვრებლების ინვესტიციითა და მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა. გოგი მეშველიანმა, საფროვ ფარვეზ ალადინ ოღლის, ჯაფაროვ ჯვანშერ საფარ ოღლისა და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

დეპუტატის თქმით,  ადგილობრივი ხელისუფლება, საგზაო დეპარტამენტი და სხვა ცენტრალური სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად  თუმცა, მიუხედავად ამისა  პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც ოპერატიულ ჩარევას საჭიროებს, მაინც არსებობს.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფორმატის  ფარგლებში, ბოლნისში სტუმრად იმყოფებოდნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, უმრავლესობის წევრი გიორგი მოსიძე, მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომლებმაც ადგილობრივ  ხელისუფლებასთან ერთად სამი სოფელი მოინახულეს.

,,გრძელდება იმ შეხვედრების სერია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ახორციელებს, სწორედ ამ შეხვედრების ფარგლებში  ვეწვიეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტს.  მნიშვნელოვანია ასეთი უშუალო ურთიერთობა მოსახლეობასთან და იმ პრობლემების და სურვილების მოსმენა  რაც მათ გააჩნიათ. პრობლემები, რომლებიც გაჟღერდა საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, ამის შესახებ უკვე ეცნობა მთავრობას და ვფიქრობ,  ჩამოყალიბდება ერთი მთლიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს სოფლები და სრულიად  ბოლნისის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო კეთილმოეწყობა,“აღნიშნა გაზეთ,,ბოლნისთან“ საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი მოსიძემ.

სოფელ დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ, ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს.

შეხვედრების დროს წამოჭრილ საკითხებს შორის იყო წყალმომარაგება,  აღნიშნულზე წლებია მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს,  გარკვეულ სოფლებში პრობლემა  აღმოიფხვრა თუმცა რიგ სოფლებში კვლავ აქტუალურია.    გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის უფროსის კახაბერ ჩოგოვაძის თქმით  აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები  სათაო ნაგებობის გამდიდრებაზე, მეტი დებეტის მიღებაზე, შიდა ქსელების მოწესრიგებასა და გამრიცხველიანებაზე, თუმცა  ბოლნისის სოფლებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ასევე უმნიშვნელოვანესია სასმელი წყლის სწორი და მიზნობრივი მოხმარება, რაზეც თავად მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს ყურადღება.

საუბარი შეეხო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის რეგიონის, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ რესურსებზე და ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.

2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 8 400 000 ლარის ღირებულების 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:
6 200 000 ლარის ღირებულების 16 ინფრასტრუქტურული პროექტი – საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით.
2 200 000 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი – ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები ხორციელდება.


Share.

Leave A Reply