არტეფაქტებისა და ნუმიზმატიკის მუზეუმი ბოლნისში დამთვალიერებელს წარსულში ამოგზაურებს

0

ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის №138  მდებარე გერმანული არქიტექტურით ნაშენი შენობის შიდა ინტერიერი ჩვენი ქვეყნის იმ უძველესი ეპოქის შესახებ გვიამბობს, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა. ეს ერთი შეხედვით იდუმალი შენობა არტეფაქტებისა და ნუმიზმატიკის მუზეუმია, რომელიც მოყვარულ კოლექციონერს ეკუთვნის, ენერგიული და ნიჭიერი  ლევან არსენიძე ჩვენი ქვეყნის ისტორიას და აქ დაცული არტეფაქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას დამთვალიერებელს პროფესიულ დონეზე  აწვდის.

შენობაში სხვა სამყარო იშლება.  აქ დაცული სიძველეები ჩვენი ქვეყნის, კერძოდ ბოლნისში მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრებას ასახავს. შენობაში გამეფებული სიჩუმე, სულიერ განწყობას გიმაღლებს და იმ გზას მიუყვები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განვლეს. შთამბეჭდავი მთხრობელი კი ცდილობს წარსულში კიდევ ერთხელ გამოგზაუროს. მუზეუმში დაცული ნივთები ბოლნის-დმანისის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, რომელსაც ახალგაზრდა კოლექციონერი წლების მანძილზე აგროვებდა.  დაცულ კარადებში, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის პერიოდამდე, ქართველი ხალხის ძველი და უძველესი ნივთები, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და თავდაცვის იარაღებია. აქვე ვხვდებით პირველ გუთანს, თამარ მეფის ჯვრის ანალოგს, უამრავ სამკაულს გასაოცარი ჭედური ხელოვნებით, ორნამენტებით,  რომელიც დიდი ოსტატობითაა შექმნილი, ქამრის  ბალთებს, რომელსაც ცალკე სათავსო უკავია,  კარგად იგრძნობა სპარსულ-ბიზანტიური კულტურა, რაც მეტყველებს მაღალი დონის საგარეო ურთიერთობებზე. ბრინჯაოს, რკინისა და სპილენძის სხვადასხვა ნივთები მოჰყვება. აქ ნახავთ უნიკალურ და ბრწყინვალე კოლხეთის სამეფოს დიადემას.

 მუზეუმში გვხვდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა  ეპოქის მონეტები, რომელსაც მრავალფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. მასზე დატანებული ორნამენტები იმ პერიოდის ქვეყნისა და უშუალოდ მმართველის მდგომარეობას გამოხატავდა. მონეტა საინფორმაციო საშუალებაც იყო. აქ დაცული ნივთები, გასული საუკუნეების ცხოვრებას ნათლად ასახავს. ქართველი მეფეების დროინდელი ფულის ერთეულები,  შუბის თავები, უძველესი ხანის სამკაულები და აქსესუარები – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ არტეფაქტების, რომელიც შენობაშია დაცული, აქ მოსულ დამთვალიერებელს  ვრცელი საინფორმაციო ტური ელოდება. კერძო კოლექციონერს თითოეული ნივთი კარგად აქვს შესწავლილი, ჩატარებული აქვს კვლევები, როგორც ლევან არსენიძე გვიამბობს ყოველდღიურად აკვირდება,  ახლის ძიებაშია და  ნივთებთან უშუალო შეხებით ბევრ სიახლეს ეცნობა.

არტეფაქტებისა და ნუმიზმატიკის მუზეუმი მომავალში ადგილმდებარეობას შეიცვლის, შენობა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები განთავსდება, მუზეუმთან ერთად  სხვადასხვა დატვირთვა ექნება.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply