რამდენი პენსიონერი პედაგოგი ტოვებს ბოლნისის საჯარო სკოლებს

0

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი – ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.რეფორმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების შემოსვლა.

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

საქართველოს მასშტაბით პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგიდან  146 ბოლნისიდანაა, რომლებიც სამინისტროს განცხადებით ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

განათლების სამინისტროს  განცხადებით, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, ამ ფორმით, სახელმწიფო მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო.


Share.

Leave A Reply