როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბოლნისის საბავშვო ბაღებში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 11 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 10 სექტემბერს  განახლდება.

მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მოგვიანებით განახლდება №4 საბავშვო ბაღში, რომლის აღსაზრდელთა ნაწილი „სტუმრის“ სტატუსით სხვადასხვა ბაღშია გადანაწილებული.

სკოლამდელი განათლების მომსახურებას წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღის, 51 ასაკობრივ ჯგუფში, 1300-მდე აღსაზრდელი მიიღებს.

ამ ეტაპზე ბაღებში  დასუფთავება-დალაგების პროცესები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ბავშვების მიღებამდე ერთი დღით ადრე, ყველა  შენობაში, ჯგუფსა თუ სამზარეულოში განთავსებულ  ინვენტარს,  ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები რათა  აღსაზრდელებს სუფთა და  მოწესრიგებული გარემო დახვდეთ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელის  თქმით, საკვებ პროდუქტებზე ივნისის თვეში წარმატებით ჩატარდა ტენდერები, მცირეოდენი ცვლილება განიცადა 2019 წლისთვის დამტკიცებულმა მენიუმ, რომელიც უფრო სრულყოფილი გახდა.   ამ დროისთვის დაწესებულება სრულ მზადყოფნაშია აღსაზრდელთა მისაღებად.

,,2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება №487 ტექნიკური რეგლამენტის – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც ბაღის ასაკის ბავშვის დღიური ნორმა განისაზღვრა 1292 კკალორიით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სეზონურობა და მრავალფეროვანი საკვების მიღება ყოველდღიურად სურსათის ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან, ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით: პური და მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, საქონლის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, კაკლოვნები და თესლეული. ჩვენს მიერ შემუშავებულ მენიუში უხვად არის წარმოდგენილი ყველა ეს სურსათი სხვადასხვა სახით, მათ შორის: ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი; ბოსტნეული არის როგორც ცოცხალი, ასევე თერმულად დამუშავებული სახით; სხვადასხვა ხილია გათვალისწინებული, სეზონურობიდან გამომდინარე, წახემსება გამრავალფეროვანდა მოხარშული გოგრით; ფართო ასორტიმენტია ბურღულეულისა და მარცვლეული პროდუქტების, ბავშვებს ყველა ეს პროდუქტი მიეწოდებათ სხვადასხვა ფორმით მომზადებული – მრავალფეროვანი წვნიანების, სხვადასხვა სახეობის კატლეტების, გარნირების, ფაფების, ღვეზელების, ლობიანებისა თუ ხაჭაპურის სახით და ა.შ.

2017 წლის ოქტომბერში დამტკიცდა აგრეთვე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს, რისი მიღწევაც წარმოუდგენელია მაღალკვალიფიციური საგანმანათლებლო პერსონალის გარეშე. ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება აღმზრდელებისა და მუსიკის მასწავლებლების გადამზადება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად, რომელიც პირველ რიგში მათი კომპეტენციების ზრდასა და პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე ტრენინგები უკვე გაიარეს საბავშვო ბაღებსა და გაერთიანებებში დასაქმებულმა მეთოდისტებმა/სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორებმა. ჩვენი დაწესებულების სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორმა, ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თორმეტივე საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პერსონალთან – აღმზრდელებთან, ფსიქოლოგებთან, მეტყველების თერაპევტებთან, სპეც.პედაგოგთან, მუსიკის მასწავლებლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან.  სექტემბრიდანვე განახლდება შეხვედრები აღმზრდელებთან მათი ცოდნისა და უნარების გაღრმავება-გაფართოების მიზნით. გარდა ამისა, აღმზრდელები უკვე მოემზადებიან იმისთვის, რომ საგანმანათლებლო პროცესის შეფასება მოხდეს ხარისხის სტანდარტის ყველა მუხლის გათვალისწინებით. ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი პერსონალის კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით.

 ორი წლის წინ დაფუძნდა საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია, რომლის წევრიც გახლავთ ჩვენი დაწესებულება. ასოციაციის ფარგლებში, ივნისის თვეში, გამოცხადდა კონკურსი ტრენერთა ტრენინგის შესახებ, სადაც ჩვენ, დაწესებულების სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორის, ეკატერინე გაბიძაშვილის სახელით  წარვადგინეთ სამოტივაციო წერილი და ტრენერობის მსურველ 40-ზე მეტი კანდიდატიდან იგი მოხვდა იმ 16 კაციან ჯგუფში, ვინც ასოციაციის ფარგლებში გაივლის გადამზადების კურსს და შესაბამისად, მოიპოვებს უფლებას გადაამზადოს სხვები. ვფიქრობთ, ეს ძალიან გამოადგება ჩვენს სისტემაში დასაქმებულ აღმზრდელებს პროფესიულ წინსვლაში.

როგორც იცით, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ბაღებში ძირეულად შეიცვალა მიდგომები, ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს, აღარ ტარდება მეცადინეობები და ძირითადი აქცენტი გადატანილია თამაშზე, ბავშვის ქცევის წამყვან ფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ განვითარებას; საბავშვო ბაღში ცენტრალური ფიგურა არის ბავშვი და მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს მთელი პროცესი, რაც ნიშნავს რომ ბაღში უნდა იყოს გარემო, სადაც ბავშვი დაცულია ემოციურად და ფიზიკური გარემოც უსაფრთხოა, რაც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, შემეცნებით, სოციალურ და ემოციურ განვითარებას და  აღსაზრდელს აძლევს ინიციატივის გამოვლენისა და არჩევანის შესაძლებლობას, თვითგამოხატვის უფლებას, ასწავლის თანამშრომლობას, უღვივებს ემპათიის გრძნობას.

 გასულ წელს, №2 საბავშვო ბაღში არსებული 6 ასაკობრივი ჯგუფიდან 4 აღიჭურვა თანამედროვე ავეჯით, წელს კიდევ ერთ ჯგუფში შევიტანთ ახალ ავეჯს და მოვაწყობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და ყოველწლიურად განახლებული, გარემონტებული საბავშვო ბაღებით ვიწყებთ ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. უკვე დასასრულისკენ მიდის №4 საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი სრულიად ახალი ავეჯით, განახლებული სამზარეულო აღჭურვილობით, მრავალფეროვანი ახალი წიგნებითა და სათამაშოებით, რბილი ინვენტარით უზრუნველყოფილი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს ახალ სასწავლო წელს,“ განაცხადა ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Leave A Reply