ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ,,პირველ ბოლნისელ ანიმატორებს ” შეხვდა და მიღებული წარმატება მიულოცა

0


დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ ბოლნისელ ანიმატორებს შეხვდა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ ბოლნისელ მონაწილეებთან ერთად, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ანიმაციური ფილმების განვითარების ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მონაწილე ანიმატორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
,,მინდა ფესტივალ „თოფუზში“ გამარჯვებულ ჩვენს მოსწავლეებს ეს დიდი წარმატება მივულოცო და მათ კვლავ არაერთი შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვო. ფესტივალი „თოფუზის“ არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ახალგაზრდებს ანიმაციის დიდ სამყაროს ახლოდან აცნობს და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ფილმის შექმნის პროცესში ბავშვების ჩართულობა ახალგაზრდებს ამ ხელოვნებას აყვარებს და შესაძლოა, მომავალში, სწორედ ფესტივალის დამსახურებით, საქართველომ არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ანიმატორი შეიძინოს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა და მომავალშიც ვგეგმავთ ამ პროექტის ხელშეწყობას. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენი ბოლო ანიმაცია არ იქნება და ფილმების შექმნას კვლავ გააგრძელებთ. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიაროთ, რათა მათაც შეძლონ ამ დიდი ხელოვნების დახმარებით მათი იდეების რეალობად ქცევა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების 20 კაციანმა ჯგუფმა ქალაქ ბათუმში გამართულ ანიმაციური ფილმების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, 15 ანიმაციურ ფილმს შორის ბოლნისელების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
შეხვედრის ბოლოს ფესტივალზე გამარჯვებული ფილმის ჩვენება გაიმართა.


Share.

Leave A Reply