თემურ თუთარაშვილი , “youth voice – ახალგაზრდული ხმის’’ საუკეთესო წარმომადგენელი

0

,,რამდენადაც ფასეულია დამაეჭვებელი გამარჯვება, იმდენად უფასურია ღირსეული წარმატება” – თემურ თუთარაშვილი , “youth voice – ახალგაზრდული ხმის’’ საუკეთესო წარმომადგენელი

გაზეთი ,,ბოლნისი’’აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობას. ამჯერად გიამბობთ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლე თემურ თუთარაშვილზე, რომელმაც აშშ-ს განათლების სახელმწიფო ბიუროს პროგრამა “youth voice-ახალგაზრდული ხმის” საუკეთესო წარმომადგენელის სტატუსი მოიპოვა. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 30 მოსწავლე იყო ჩართული და მათთან ერთად, სხვა განვითარებად ქვეყნებსაც მოიცავდა.
-თემურ, როგორ შეიტყვე აღნიშნული პროგრამის შესახებ?
-გასული წლის ნოემბერში სოციალური ქსელით შევიტყვე აღნიშნული პროგრამის შესახებ, თუმცა თავდაპირველად მიუღწეველ მიზნად მესახებოდა, რადგან არ მოვისაზრებდი თავს იმ კომპეტენციის მქონედ, რომელიც ჯერ, ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდებოდა და შემდეგ მოვიპოვებდი რიგით მესამე საუკეთესო ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს. აღნიშნულ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა სკოლამ, უფრო ზუსტად ლიკა იასაღაშვილმა და ქეთევან შაკიაშვილმა, რომელთა გარეშეც მინდა ვთქვა, ეს იქნებოდა ასმაგი შრომა. “youth voice- ახალგაზრდული ხმა” ხორციელდება შეერთებული შტატების განათლების სახელმწიფო ბიუროს მიერ და საქართველოსთან ერთად მოიცავს მრავალ განვითარებად ქვეყანას, რომლებიც პოტენციურად, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, წინ დგანან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა თუ სხვა მიზეზების გათვალისწინებით. ჩვენთან მას წელს ჩაეყარა საფუძველი და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ყველაფერთან ერთად, მხვდა პატივი ვიყო “”youth voice”-ის პირველი თაობის წარმომადგენელი.
-რა aris axalgazrduli xmis mizani?
-მთავარი მიზანია მოამზადონ დადგენილ სტანდარტებს მორგებული ტრენერები, რომლებიც თავის მხრივ მოახდენენ საკუთარ თემში, სოფელსა თუ ქალაქში, სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით, ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებას. იგი (უკვე მეც) მიმართავს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ სახელმწიფოებრივ იდეათა ბრძოლაში, სადაც ახალგაზრდული ენერგია, შემართება და აზროვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
-რა gza gaiare gamarjvebamde?
-პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია შევსებული იქნას აპლიკაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება YOU”youth voice”-ის ოფიციალურ გვერზე. იგი შეიცავს ინფორმაციას აპლიკანტის ბიოგრაფიის, გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რომელსაც დართული აქვს სამოტივაციო წერილი. აღნიშნული აპლიკაციის განხილვის და დადებითი პასუხის შემდეგ, რომელსაც წლევანდელ შემთხვევაში განიხილავენ FLEX-ის ალუმნები (სინერჯი ჯგუფის 15 წლიანი საქმიანობის პერიოდი 100-მდე ალუმნს ითვლის. დღეს ისინი საქართველოს და სხვა ქვეყნების სხვადასხვა სფეროს, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციების წამყვანი პირები არიან.) და სადამკვირვებლო ღონისძიებას ახორციელებს აშშ-ს განათლების სახელმწიფო ბიუროს წარმომადგენლობა, მონაწილეობის მსურველი გადადის მეორე ტურში. იგი მოიცავს გასაუბრებას ინგლისურ ენაზე და მეორე ტურიდან დანარჩენი 5 თვის მანძილზე მიმდინარეობს ტრენერების ტრენინგი საერთაშორისო ენაზე. თუ აპლიკანტი წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპსაც, იგი მომენტალურად ირიცხება “youth voice ”-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ანგარიშზე და ენიჭება მათი და თავის მხრივ აშშ-ს განათლების სახელმწიფო ბიუროს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი. პროგრამის მკაცრი წესებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით წელს შეირჩა 30 მოხალისე, რომელიც სარგებლობს აღნიშნული რეგალიებით.
-რას ნიშნავს იყო საუკეთესო ოფიციალური წარმომადგენელი?
– ერთია იყო ქვეყნის 30 მოსწავლეს შორის და მეორეა, იყო საუკეთესო ოფიციალური წარმომადგენელი,რომელიც დიდ სიხარულსა და სიამაყეს მგვრის. სტატუსის მოპოვება, რომელსაც დღეს ვფლობ, დაკავშირებულია უსაზღვრო შრომასთან. პროგრამის ფარგლებში, იმ დროისათვის განხორციელებული მქონდა 5 აქტივობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ პროექტებს, ტრენინგებსა თუ საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან. გავაგზავნე მოხსენების ფორმა და ველოდი ოფიციალურ წერილს ვაშინგტონიდან, არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ამ წარმატებაში, შესაძლოა ამანაც განაპირობა დიდი წილი გამარჯვებისა. თუმცა პროექტი გრძელდება და კვლავ განვაგრძე მუშაობა – განხორციელდა 4 აქტივობა. მისი ფორმატიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, ერთი თვის წინ მომხდარი ამბავი განმეორდეს.
მინდა გითხრათ, რომ პროექტი ჩემი გამარჯვებით არ სრულდება, ახლა უკვე ჩვენი რეგიონის წარმომადგენლობა ვიმუშავებთ გაცილებით მასშტაბურ სეგმენტზე, რომელსაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, იგი ნამდვილად არ იქნება მხოლოდ თემურ თუთარაშვილის გამარჯვება.
-გარდა ამ წარმატებისა, აქტიურად ხარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში..
– ,,იუს ვოისი“ არ არის ჩემი პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა და რა თქმა უნდა, არც უკანასკნელი. მანამდე და მას შემდეგაც იყო ეროვნული მასშტაბის პროექტები და მათგან გამოვყოფ რამდენიმე ძალზე საამაყოს. გახლავართ “ევროკავშირის საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი-2018-ის“ და ,,საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტი-2019”-ის დელეგატი. გარდა ამისა, გასულ სასწავლო წელს ჩართული ვიყავი კივიტას გეორგიკას მიერ ორგანიზებულ სასკოლო-დებატ შეჯიბრებაში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებს შორის მომანიჭეს საუკეთესო მოდებატის ტიტული და კიდევ ბევრი სხვა. თუმცა მინდა გითხრათ, თითოეული მათგანი ჩემთვის ასოცირდება უდიდეს გამარჯვებასთან და დიდი ემოციის, მოგონების, გამოცდილების მომცემია.
-როგორია თემურ თუთარაშვილი?
-ერთ-ერთი საკითხი, რის შესახებაც შედარებით მიჭირს მსჯელობა, არის საკუთარი თავი და მისი მახასიათებლები, მაგრამ მინდა გითხრათ, თემურ თუთარაშვილი არის ძალზე მიზანდასახული და ასევე გარკვეულწილად პრინციპული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყოველთვის მიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან და რადგან ძალიან დამღლელია ეს ყოველივე, თითქმის სულ მიხდება ამ თვისებასთანაც ბრძოლა. არ მახასიათებს გამოკვეთილად რამეს მიმართ მიდრეკილება, გარდა იმისა, რომ ხშირად ვიყო მდგომარეობაში, როდესაც საკუთარი თავით ვიამაყებ.
-როგორ იყენებ თავისუფალ დროს?
-სასწავლო წლის პერიოდში თავისუფალი დრო თითქმის არ გამაჩნია, დროს სწავლასა და ამა თუ იმ საკითხებზე მუშაობას ვუთმობ, მაგრამ იშვიათად მაინც ვიცლი კითხვისთვის და უფრო იშვიათად, მეგობრებთან გართობისთვის. ზოგადად გარკვეულ კანონებს თვითონ ვუწესებ საკუთარ თავს, რომელიც ხშირად არის რომელიმე მკაცრ კანონიკურ სამართალზე ძლიერი.
-შენი დამოკიდებულება წიგნთან და კომპიუტერთან.
-წიგნი მიყვარს თუმცა ვთვლი, რომ მასთან არ მაქვს იმ ზომის ურთიერთობა, როგორიც მინდა რომ მქონდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დროს დედამიწაზე აგათა კრისტი თავისი კალმით წერდა, ვერ გამოვყოფ საყვარელ წიგნს, ყველა მისი ნაწარმოები ჩემთვის გამორჩეულია. ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ფავორიტი ჟანრიც სწორედ დეტექტივია (ჯერ-ჯერობით,რადგან ყველაფერი ცვალებადია) ხშირად მესმის გამოთქმა, რომ წიგნი ჩაანაცვლა კომპიუტერმა, არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, კომპიუტერმა მოგვცა დამატებითი პრაქტიკული შესაძლებლობები დროის დაზოგვისა.
-თემურ თუთარაშვილი მომავალში
-ჯერ-ჯერობით არ მაქვს არჩეული კონკრეტული პროფესია, მაგრამ კარგად ვფლობ ტექნიკურ საგნებს და აღნიშნულთან, ჩემი მომავალი საქმიანობა აუცილებლად იქნება დაკავშირებული. ეს არის ის საკითხი, რომელზედაც მუდამ ვფიქრობ და მინდა გითხრათ, თემურ თუთარაშვილი მომავალში აუცილებლად იქნება საკუთარი საქმის პროფესიონალი და ასევე უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, რომელსაც იცნობს ძალიან ბევრი ადამიანი.
-რაზე ოცნებობ?
-ბევრი ოცნება მაქვს და გარდა ადამიანების ტრივიალური სურვილებისა, რომელიც ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უკავშირდება, მინდა ვიყო ერთ-ერთი გამორჩეული პირი თუნდაც კონტინენტზე.(სულ ცოტა ეგოცენტრიზმიც მჩვევია) სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უკვე ოფიციალურად დამტკიცებული ვარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და ჩემთვის სასურველ პროექტზე, რომლის შესახებაც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ასევე გეტყვით იმასაც, რომ აქტიურად განვაგრძობ აშშ-ს განათლების სახელმწიფო ბიუროს პროგრამაში მონაწილეობას. ახალ სეზონზე ვაპირებ, გავხდე მათი კოორდინატორი ჩვენს რეგიონში.
-ოჯახის როლი შენს განვითარებაში.
-ოჯახის როლი ჩემს განვითრებაში რა თქმა უნდა განუზომელია. ვფიქრობ, ღმერთმა უამრავი რამ მომმადლა, რაზეც ჩემს თანატოლებს ხელი არ მიუწვდებათ და უფრო მეტიც თემურ თუთარაშვილი რომ გაზრდილიყო ოდნავ განსხვავებულ ოჯახში, რომ ყოფილიყო ოდნავ განსხვავებული საზოგადოების წევრი და არა იმ ადამიანების, რომლებიც, უბრალოდ, ქმნიან ჩემს შინაგან გარემოს, არც ერთ შემთხვევაში არ მოგცემდით ინტერვიუს ამ სტატუსით.
-წარმატებისთვის რა არის საჭირო?
-ეს რთული კითხვაა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა პასუხი მოიძებნება. იმ სამწუხარო ფონის გათვალისწინებით, რაც ახლა დგას, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენადაც ფასეულია დამაეჭვებელი გამარჯვება, იმდენადვე უფასურია ღირსეული წარმატება. ამიტომ უნდა ვიყოთ წარმოუდგენლად თავდაჯერებულები, რადგან არ გავხდეთ მსხვერპლი ჩვენი, თუნდაც ლოგიკური გულაცრუების, განათლებისა თუ სხვა საკითხების მიმართ და მიუხედავად ყველაფრისა განვაგრძოთ საკუთარი საქმის კეთება, რომელსაც მიზნამდე მივყავართ. მხოლოდ საჭიროა მომავალი წარმატება ვიწამოთ და ის გარდაუვალი იქნება. არასდროს დავაყენოთ ვინმე ჩვენზე წინ და არასდროს ვიფიქროთ, რომ რომელიმე ძეხორციელი, ვინც კონკურენტად, თუ მოწინააღმდეგედ გვევლინება, ჩვენზე უკეთესია, .ჩვენ ვართ საუკეთესოები!
-მადლობა თემურ საინტერესო საუბრისთვის, „გაზეთი ბოლნისი“ წარმატებას გისურვებს .

ავტორი : მაგდა დევნოზაშვილი
გაზეთი ,,ბოლნისი“ – 08/2019წ


Share.

Leave A Reply