ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა

0

ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2020 წელი შემობრძანდება. მინდა ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ახალი წელი მივულოცო. თითოეული ოჯახისათვის ახალი წელი ბედნიერების, წარმატებისა და სტაბილურობის მომტანი ყოფილიყოს. რაც მთავარია, ჩვენს გულებში მშვიდობასა და სიკეთეს დაესადგურებინოს. სანამ ახალ  წელს ვიზეიმებთ, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს მოკლედ შევაჯამებ. 

2019 წელი ყველა მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. 2019 წელმა თავი დაგვამახსოვრა  არაერთი მასშტაბური პროექტით, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეძლო საკუთარი პოტენციალისა და გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გატანა და გაზიარება, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 10 575 440 ლარის ღირებულების 124 პროექტი განხორციელდა, რომელიც 100 %-ით არის შესრულებული. 

გთავაზობთ მოკლე ანგარიშს 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

გზები, სანიაღვრე და საკანალიზაციო  სისტემები

2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 4075 გრძივ მეტრზე 9 პროექტი 3 050 493 ლარის ღირებულებით განხორციელდა. ადგილობრივი ბაზალტით  ქ. ბოლნისის რამდენიმე ქუჩა მოიკირწყლა, სოფელ მუშევანში, ჭაპალაში, ცურტავში ბეტონის გზა, ხოლო ნახიდურსა და დარბაზში ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო. შარშან ბოლნისის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე ქსელის მოწყობისათვის 5 ლოკაციაზე  4628 გრძივი მეტრის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მიმდინარე წელს ლადო ასათიანის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამომავალი სანიაღვრე ხევის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა. ახლა უკვე უხვი ნალექის დროს მოსახლეობის კარ-მიდამოებს საფრთხე აღარ დაემუქრება.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებს შორის ჩამომავალ სანიაღვრე ხევში. სანიაღვრე ქსელი მოეწყო დიმა ლაზარეშვილის ქუჩაზე და სოფელ ბალიჭში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაბა კაზრეთში საავტომობილო გზის მიმდებარედ სანიაღვრე კიუვეტები მოეწყო. ამ სამუშაოებისთვის 2019 წელს ჯამში 1864052 თანხა დაიხარჯა. შარშან დაბა კაზრეთსა და ქალაქ ბოლნისში 86957 ლარის ღირებულების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებიც განვახორციელეთ. 

სასმელი წყლის რეაბილიტაცია

წელს ხატისოფელში წყლის ტუმბო გამოიცვალა. ახალი დანადგარის საშუალებით 80 ტონიანი რეზერვუარის შევსებაა შესაძლებელი. ახალი ტუმბო დამონტაჟდა ცურტავშიც, რის შედეგადაც წყლის მიწოდება სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობა

დაბა კაზრეთში ათეული წლის მანძილზე არსებული პრობლემა მოიხსნა. ცხრასართულიანი ბინების მცხოვრებლებს ლიფტების არარსებობა დიდ პრობლემას უქმნიდა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ხანდაზმულებს. 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა ლიფტების დამონტაჟების სამუშაოები, რის შედეგადაც 68 სადარბაზოში, ბელარუსში წარმოებული 25 წლიანი საქარხნო გარანტიის ლიფტი დამონტაჟდა. სამუშაოები 3 წლის მანძილზე, ეტაპობრივად მიმდინარეობდა და 68-დან 4 კომპანია RMG აღადგინა, დანარჩენი- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. ლიფტების შახტების კეთილმოწყობის სამუშაოებზე 3 მილიონნახევრამდე ლარი დაიხარჯა. 

ამბულატორიები

უმნიშვნელოვანესია ჩვენმა მოქალაქეებმა პირველადი სამედიცინო დახმარება დროულად მიიღონ. ამიტომ 2019 წელს ბოლნისის მუნიცპალიტეტმა ექვს სოფელში ამბულატორიების რეაბილიტაცია განახორციელა. ხატისოფელში კი სრულიად ახალი ამბულატორია აშენდა. ამ სამუშაოებისათვის ჯამში 172 753 ლარი დაიხარჯა. 

შეჭირვებული ოჯახების სახლების სახურავების გადახურვა

სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არაერთი სოციალური პროგრამა მოქმედებს. წელს 26 ოჯახს დაზიანებული სახლის სახურავი შევუცვალეთ. ამ სამუშაოებისათვის ჯამში 327 960 ლარი დაიხარჯა. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთ ოჯახს წვიმიან ამინდში სახლში წყალი ჩასდიოდა და მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდა.

სოციალური პროექტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა. სოციალური პროგრამებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება. ამ მიმართულებით 2019 წელს მოსახლეობას არაერთი პროგრამა შევთავაზეთ, მათ შორის: ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანთა ლოგოპედის მომსახურებით უზრუნველყოფა, რეიტეგრირებული ბავშვების ყოველთვიური დახმარებები, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა, ბინის ქირით უზრუნველყოფა, სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა, სტუდენტთა ყოველთვიური დახმარებები, სხვადასხვა დაავადებების მქონე მოქალაქის მკურნალობით უზრუნველყოფა, ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარება, ერთჯერადი დახმარებები(2 930 ბენეფიციარი), სარიტუალო მომსახურება, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. საერთო ჯამში მიმიდანარე წელს სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებში 4 329 734.70 ლარი დაიხარჯა. 

ბოლნისი-საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი

 ბოლნისი  საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ გახდა.  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ევროკავშირის პროექტის – N4ED ფარგლებში, 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულებს შორის ბოლნისიც დაასახელა. მერიის პროექტი, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, ნომინაციაში “მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის” საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ საუკეთესოდ აღიარა. ვფიქრობ, ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი დასტურია, რომ მუნიციპალიტეტი განვითარების სწორ გზას ადგას.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა  ასოციაციამ ბოლნისი, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი პირველად შარშან დააჯილდოვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშვებისათვის.

ახალგაზრდების ხელშეწყობა

ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია ახალი თაობის ხელშეწყობა. ბოლნისი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ურიცხავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა წელს 200-მდე სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა შეძლო, ახალგაზრდები ყოველთვიურად 50 ლარიდან 100 ლარის ოდენობით ფინანსდებიან. ამ პროექტისთვის 2019 წელს 77 500 ლარი დაიხარჯა. ყოველთვიურად ფინანსდებიან ასევე სპორტსმენები და წარმატებული ხელოვანები. ეს სტიპენდიები ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდების მოტივაციას აორმაგებს, რაც სამომავლოდ  წარმატებულ და განათლებული ახალგაზრდა თაობის გვაძლევს.

განათლება

მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. სოფელ რატევნის საჯარო სკოლაში ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, შეიცვალა შენობის გადახურვა, გაკეთდა ადაპტირებული საპირფარეშო. სკოლების რეაბილიტაციისთვის 2019 წელს ჯამში 848 991 ლარი დაიხარჯა. განათლება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ ამ მხრივ 2020 წელსაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფელ ზვარეთში მოსწავლეები ახალ სკოლაში ისწავლიან. 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედოვე სტანდარტებთან იქნება შესაბამისი. სასწავლო დაწესებულების ეზოში ასევე მინი სტადიონის მშენებლობაც მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. მოხარული ვარ, რომ ზვართში სკოლის მრავალწლიანი პრობლემა სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს გვარდება.

საბავშვო ბაღები

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა. N მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღი უკვე შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები, ეზო, გამოიცვალა სახურავი, განახლდა ბაღის ინვენტარი. სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 418470 ლარი შეადგინა. ახლადრეაბილიტირებული ბაგა-ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი. 

ევროკავშირის გრანტი

გასულ წელს ბოლნისისი მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. 2019 წელს კი გრანტის ფარგლებში უკვე აშენდა „აგროცენტრი“, რომელიც იანვარში დაიწყებს ფერმერთა მოსახურებას. „ბოლნისქალაქობაზე“ კი საზეიმოდ გავხსენით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა, რომელზეც ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი  380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.

იუსტიციის სახლი

წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტუქტურული პროექტი ბოლნისში იუსტიციის სახლის აშენება იყო. ჩვენი მოქალაქეები 450-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ერთ სივრცეში მიიღებენ.  იუსტიციის სახლის ბოლნისში გახსნა ნათლად ადასტურებს მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ტურიზმი

ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს ქვემო ქართლის ტურისტულ ცენტრად იქცეს. მიგვაჩნია, რომ ბოლნისში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაზრდას. ამიტომ 2019 წელს ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან  აქტიური თანამშრომლობის შედეგად და დარგის ექსპერტების ჩართულობით, ევროკავშირი დაგვეხმარა „კატარინენფელდის განვითარების მარკეტინგული სტარტეგია“ შეგვემუშავებინა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და ეკონიმიკის სწრაფ განვითარებას. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარების მიზნით არაერთ ღონისძიებას გეგმავს. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ქალაქში „ბოლნისქალაქობას“ აღვნიშნავთ. წელს „ბოლნისქალაქობა“ ტრადიციულად ბოლნისის ისტორიულ უბანში გრანდიოზულად ვიზეიმეთ. აღსანიშნავია, რომ ეს დღე ადგილობრივ ხელოვანებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევთ თავიანთი ნამუშევრებსა და ნაწარმს პოპულარიზაცია გაუკეთონ. ეს კი მათი საქმიანობისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. 

ჩვენს მუნიციპალიტეტში ასევე დიდი ყურადღება ექცევა აგროტურიზმს. 2019 წელი ამ მხრივ უდავოდ გამორჩეული გამოდგა. წელს ბოლნისმა მიკროზონის სტატუსი მიიღო და მეღვინეებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის “ღვინო ბოლნისის” წარმოება შეეძლებათ. ბოლნისურ  ღვინოებს საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს არაერთი მედალი აქვს მიღებული და ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ადგილობრივი მარნები და ღვინო საშუალებას გვაძლევს ჩვენი ქალაქი ტურისტებისთვის  კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. 

წელს დასრულდა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეობის მშენებლობა, სადაც ქვემო ქართლის მასშტაბით არსებული არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი. მუზეუმში ასევე საგამოფენო სივრცე და თანამედროვე სტანდარტების საკონფერენციო დარბაზია მოწყობილი, რაც საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებისა და სამეცნიერო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას გვაძლევს. ბოლნისის მუზეუმი თავისი კონცეფციით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სივრცე ტურისტებსაც დააინტერესებთ. 

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი

2019 წელს ვუმასპინძლეთ სოფლის მეურნეობის პირველ  საერთაშორისო ფორუმს ,,ადგილობრივი ხელისუფლებები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, სოფლის მეურნეობაში და სოფლად“, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. ამ რამდენიმე დღემ ჩვენი ქალაქი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ ცენტრად აქცია. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები და დარგის სპეციალისტებისგან რჩევები მივიღოთ. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობადობა სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო დონეზე გავზარდოთ. 

სპორტის ხელშეწყობა

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალი თაობის ჯანსაღი განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ მხრივ არაერთი პროექტი განვახორციელოთ. 2019 წელს ქალაქ ბოლნისში 2 სპორტული მოედანი გაკეთდა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 91 168 ლარი შეადგინა. მინი სტადიონი მოვაწყვეთ ასევე სოფელ დისველშიც. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით წელს რეაბილიტაცია დაბა კაზრეთში მდებარე საჭიდაო დარბაზს ჩაუტარდა.  ობიექტზე შეიცვალა იატაკი, გარემონტდა გასახდელები, მოეწყო საშხაპეები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

კულტურის ხელშეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩევა თავისი კულტურული ცხოვრებით. ჩვენი მუნიციპალიტეტი თავს  ყოველთვის იწონებს ფოლკლორული ანსამბლებით, თეატრით, როკ ბენდით, თოჯინების თაეტრით. დამეთანხმებით, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობა შემოქმედებითი წრეების ასეთი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია „საბაობა“.  სულხან-საბა ორბელიანის 361-ე იუბილე წელს განსხვავებული ფორმატით აღვნიშნეთ. 

2019 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული გამოდგა. ინფრასტრუქტურული პროექტები 100%-ით შესრულდა, რის დამსახურებითაც  ჩვენ რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი მუნიციპალიტეტი ვართ. პირადად მე და ჩვენი გუნდი მოწადინებულია მოქალაქეებს კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. მჯერა, რომ დასახულ მიზნებს, ერთობლივი მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ. 2020 წელს ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება.2020 წელს ასევე გაგრძელდება ქ. ბოლნისში არსებული გზების ქვაფენილით მოკირწყვლის სამუშაოები.  მომავალი წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის გამოწვევები და მოქლაქეების საჭიროებები მაქსიმალურადაა ასახული, ამიტომ მჯერა, რომ 2020 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯი იქნება. 


Share.

Leave A Reply