გაიცანით ბოლნისელი ქალბატონი, რომელიც საკუთარი ხელით ულამაზეს ნამუშევრებს ჰქმნის

0

ჩვენს ირგლივ არსებობენ ადამიანები, რომელთა შემოქმედებისა და ზებუნებრივი ნიჭის შესახებ, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირედმა ნაწილმა თუ იცის. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება ჩვენი თანამოქალაქე (80 წლის) ლუსინე აგარონიანი-კირვალიძე, რომელიც 7 ათეული წელია, ფერთა გამის შესანიშნავი შერწყმით, მაღალი ოსტატობით, ინდივიდუალიზმითა და უმაღლესი გემოვნებით ქარგავს. მისი მრავალფეროვანი გალერეა სისადავითაა გამორჩეული, კანვეს ტექსტურაზე აბრეშუმის ძაფები დამთვალიერებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ფრაგმენტებს უკავია, რომლებსაც ქალბატონი ლუსინე სათუთად უვლის, ინახავს და მისთვის საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ჩუქნის. მაცხოვარი, ღვთისმშობელი, ყრმა იესოს გამოსვლა იერუსალიმიდან, წმ. სერაფიმ საროველი და სხვა მრავალი რელიგიური პერსონაჟი, რომელიც მისთვის უნიკალური და გამორჩეულია, რადგან თვლის, რომ მათი ქარგვისას, რაღაც განსაკუთრებულს შეიგრძნობს და პასუხისმგებლობაც თითოეულ ექსპონატზე ზედმეტად დიდი აქვს. თითო ნამუშევარზე ქალბატონი ლუსინე თითქმის მთელი წელი მუშაობს, სრულყოფილ ნაქარგამდე, გამოჰყავს ცხრილი, ითვლის უჯრებს, ტილოზე ჯერ ფანტაზიით ქარგავს, შემდეგ კი საქარგავი რგოლით, მოხერხებული ნემსითა და აბრეშუმის ფერად-ფერადი ძაფებით ნამდვილ სასწაულს ახდენს. ეს ქალბატონი გამორჩეული იმითიცაა, რომ საინტერესო ნაქარგების შექმნა მარცხენა ხელითაც ზუსტად იგივე ოსტატობით და მოხერხებით შეუძლია, როგორც მარჯვენით. ქარგვა 15 წლის ასაკში დაიწყო, 50-მდე ნამუშევარში, რომელიც ამჟამად სახლში აქვს, შეხვდებით ყველა დროის პოპულარულ მუსიკოსსა და კინოვარსკვლავს, ნატურმორტებს, ქალაქის პეიზაჟებს, წმინდანებს, ცნობილ პერსონაჟებს ფილმებიდან და ცხოველებს. ტილოები ერთმანეთზე სათუთად აქვს გადახვეული და პოლიეთილენის პარკში ინახავს. მოახერხა და სადა ჩარჩოები მხოლოდ წმინდანებისთვის შეიძინა, რომ ნაქარგები მეტად დაცული იყოს. ნანობს, რომ ნამუშევრები ერთ უჯრაში აქვს შენახული და მას ფართო მასებს ვერ სთავაზობს, თუმცა ადგილობრივი კულტურის სახლის დახმარებით, რამდენჯერმე გაიტანა გამოფენაზე.
ქალბატონი ლუსინე, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, რომლის ოჯახიც მხოლოდ საპენსიო თანხით შემოიფარგლება, ელის იმ დღეს, როდესაც მის პირად ანგარიშზე პენსია ჩაირიცხება და კარგა ხნის წინ დაწყებული ნაქარგისთვის, აბრეშუმის ფერად-ფერად ძაფებს შეიძენს.
დღესაც იმ შემართებით ქარგავს, როგორც უწინ, ასაკისა და უამრავი საოჯახო საქმის მიუხედავად, ყოველთვის გამონახავს დროს და მყუდროდ მოკალათებული, მისთვის საყვარელ ხელსაქმეს შეექცევა. ქარგვის სურვილი აისზეც გასჩენია ამბობს, რომ ეს სურვილი იმდენად მძაფრია, კარგავს დროის შეგრძნებას. თუმცა ერთ ტილოს ნახევარი წელი, ან მეტს ანდომებს, „ნაჩქარევი არაფერი ვარგა, ჯერ ფიქრსა და გონებაში ვამუშავებ, გამომყავს სქემა, ვითვლი, ვარჩევ ფერებს, ხან მხოლოდ შავ-თეთრსაც და ვიწყებ, ნახეთ მარლენ დიტრიხი შავ-თეთრშია, მაგრამ როგორი უნაკლოა, ან ეს მაცხოვარი, როგორი სად და გამორჩეულია“ – მართლაც მისი ნაქარგები რაღაც განსაკუთრებულია, თითქოს ავტორმა მას სულის ნაწილი გაუზიარა. „ასეა, სული და გული თუ არ ჩადევი, არ გამოგივა, მე თვითონ არ მომწონებია, თუ რამე უგულოდ დამიწყია, დამიშლია ან მარტივად მიმიტოვებია, ძნელია გაფუჭებული საქმის გამოსწორება, ცხოვრებაც ხომ ასეა, ადამიანმა უნდა ეცადო და გამოუსწორებელი შეცდომა არასოდეს დაუშვა, ცხოვრება ის სქემა და ცხრილია, რასაც ქარგვის დროს ვიყენებთ, უნდა ვიფიქრო, ვიმსჯელო, ათასჯერ ავწონ-დავწონო და დავიწყო, ამიტომ საქმისთვის, გული და სული არ უნდა დაიშურო“.


ქალბატონი ლუსინე კითხულობს ძალიან ბევრს, ეს მის ნამუშევრებშიც მკაფიოდაა ასახული, თუმცა გაუჭირდა საყვარელი წიგნისა და მწერლის დასახელება, ასევე გაუჭირდა გამოერჩია მისთვის საყვარელი ნაქარგი. თუმცა ელის იმ დღეს, როდესაც მისი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდება და მსურველი მის ტილოებს შეიძენს. ესეც მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩენილი ნაქარგები ჩასვას ჩარჩოში, შეიძინოს აბრეშუმის ძაფები და მისთვის განუყოფელი ხელსაქმე, მომატებულ წლებთან ერთად, ახალი იდეებითა და შემართებით გააგრძელოს.

მარინა გავაშელი


Share.

Leave A Reply