გაიცანით ქართველი ახალგაზრდა რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სპორტული კარიერით დიდების მწვერვალზეა

0

ავთანდილ ბაკურაძე სოფელ თამარისიდანაა და დღეს იგი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სპორტული კარიერით დიდების მწვერვალზეა. ქვეყანა 3 წლის უკან დატოვა, გაუჭირდა სამშობლოს, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების სიშორე, ჰქონდა ენის ბარიერიც.  ძლიერი ნოსტალგიის ფონზე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ადვილი არ იყო, თუმცა მიზნისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია და სამშობლო და თავი ღირსეულად წარმოეჩინა „ძნელია ევროპაში ვინმე რამით გააკვირვო, მითუმეტეს საბრძოლო ხელოვნებით, რომელსაც თან ახლავს ბევრი ტრავმა, ტკივილი, სიშორე, მონატრება, შესაბამისად თუ თავდაუზოგავად არ იშრომე, არაფერი გამოგივა“.

ავთანდილ ბაკურაძე 2017 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ოფენბახში ასპარეზობს. თავდაპირველად ძალები კიკბოქსინგში მოსინჯა,  მალევე მოყვარულებში ჩემპიონი გახდა, შემდეგ პროფესიონალებში, რის შემდეგაც, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად საგზურიც მოიპოვა, ავთანდილმა იქაც ტოლი არავის დაუდო და მსოფლიო უძლიერეს სპორტსმენებს შორის ბრონზეს ქამრის მფლობელი გახდა, ასევე,  გასულ თვეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, ამჯერად, კრივში მოიგო ნოკაუტით და ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. ავთანდილი გერმანიაში საქართველოს სახელით ასპარეზობს და როგორც თავად ამბობს, „იმაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც უცხო ქვეყანაში შენს სახელმწიფო ჰიმნს აჟღერებენ და ქართული დროშის ქვეშ, წარმატებებს გილოცავენ. ეს კიდევ უფრო მაძლიერებს, სამომავლოდ მეტ მოტივაციას მაძლევს. სასიხარულოა და საამაყო, როდესაც  გულშემატკივრებს იმედს არ უცრუებ. ზუსტად მათი მხარდაჭერა, გვერდში დგომა მამხნევებს, ძალასა და რწმენას მმატებს, რომ უფრო ბევრს მივაღწიო და საქართველოს სახელი ფართო მასშტაბებზე ამაყად გავიტანო“.

ახალგაზრდა სპორტსმენი ნანობს, რომ ქვეყნის გარეთ მოუწია ასპარეზობა, თუმცა თვლის, რომ კარიერული ზრდისთვის ევროპაში მეტი პერსპექტივა აქვს, იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, შინ დაბრუნებული, მოყვარულ მებრძოლებს შეასწავლის.

„სამწუხაროდ, საქართველოდან მომიწია გამგზავრება, მაგრამ სამომავლო გეგმები და იდეები ჩემს ქვეყანას უკავშირდება, ვაპირებ  დაბრუნებას და კლუბის ჩამოყალიბებას, სადაც მსურველებს შევასწავლი საბრძოლო ხელოვნებას, აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ. სამშობლო მხოლოდ ფიზიკურად დავტოვე, თორემ მე ისევ საქართველოში ვარ, ყოველ გამოსვლაზე საქართველოს სახელით ვიბრძვი, ვშრომობ და ვსწავლობ ბევრს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივაციით, რომ ჩემს ქვეყანაში ღირსეულად დავბრუნდე,  დიდების მწვერვალზე ქართული ჰიმნი ჟღერდეს და დროშა ფრიალებდეს“.

დატვირთული რეჟიმის და დროის სიმცირის მიუხედავად ავთანდილი ახერხებს და ხშირად ხვდება ქართულ დიასპორას, სადაც ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დიდი კორიანტელია, სადაც ემიგრანტი ქართველები დარდს, მონატრებას, ტკივილს,  სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ, სადაც ჭირსა და ლხინს ერთნაირად იყოფენ, სადაც გვერდში დგომა, სიყვარული და ერთგულება სულ სხვანაირად იციან, სწორედ ეს აძლიერებს მათაც და ჩვენი რუბრიკის სტუმარსაც, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწიონ და თითოეულმა მათგანმა გამთლიანებულ საქართველოში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ გულშემატკივარი გყავს შენი ქვეყნიდან, აქ ხშირად ვიკრიბებით  ქართული ტრადიციების კვალდაკვალ, იმ რწმენით და იმედით, რომ დავბრუნდებით. ახალი წელი ახლოვდება და მინდა ჩემს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური გაუმჯობესება, ნაკლები სოციალურად დაუცველი,  მეტი ბედნიერი და გახარებული ქართველი ვუსურვო“.

,,გაზეთი ბოლნისიც“ ულოცავს  ქართველ სპორტსმენს დამდეგ შობა -ახალ წელს და უსურვებს წარმატებებს.

მარინა გავაშელი


Share.

Leave A Reply