თეკლა გეთიაშვილის წიგნის პრეზენტაცია 11 იანვარს გაიმართება

0

,,ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომლებსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს.“  ასე აფასებს გიორგი კეკელიძე   ბოლნისელი თეკლა გეთიაშვილის   რომანს სახელწოდებით – ,,სულში ამოსული მზე.“  წიგნის  პრეზენტაცია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 იანვარს,  წიგნის რედაქტორის,  გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით   გაიმართება.

თეკლა გეთიაშვილი, წიგნის ავტორი:

წიგნის შექმნის იდეა  ერთი წლის წინ დაიბადა, კაბინეტში ვიჯექი მარტო, ინსტიქტურად გავხსენი ლეპტოპი და რაღაც თავისთავად წამოვიდა,  კომპიუტერთან თითქოს მხოლოდ  მუშაობდა თითები, რადგან  გააზრებასაც ვერ ვასწრებდი,  თავისთავად მოდიოდა აზრები… და ასე გაგრძელდა ერთი წელი, ყველგან ჩემი ლეპტოპით დავდიოდი, შეიძლებოდა უცებ გავმქრალიყავი დიდი წვეულებიდან და  განმარტოებით სადმე გაუთავებლად მეწერა. რაც შეეხება შინაარსს, ეს რომანი არის დიდ, ლამაზ სიყვარულზე, წიგნი მოგვითხრობს თბილისურ ბომონდურ ოჯახზე და მათ გარშემო მყოფ საზოგაოებაზე, მათ ტკივილზე, სიხარულზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე და მეგობრობაზე… და იმპერატიულად მაქვს გატარებული ის ხაზი, რომ სიყვარული არის სიყვარული, მეგობრობა არის მეგობრობა და ამ ორ უფლის საჩუქართან,  ბანალური ინტრიგები არ გავხლართე. წიგნის რედაქტორია გიორგი კეკელიძე და 11 იანვარს მისი მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება ჩემი წიგნის პრეზენტაცია. 

გიორგი კეკელიძე, წიგნის  ,,სულში ამოსული მზე“ რედაქტორი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

მზისა და ადამიანების შესახებ ცოდნა და განცდა ვერ თავსდებიან ხოლმე. ამიტომაც, როცა დილით, ფანჯრიდან აღმოსავლეთის მთებს ვუთვალთვალებ, ფიქრი როდი მკარნახობს, რომ ამოდის მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავი, თითქმის იდეალურად სფერული, ცხელი პლაზმისგან შემდგარი, მაგნიტური ველებით, დედამიწის მასაზე 330 000-ჯერ დიდი. არასდროს ვუყურებ ასე. დარწმუნებული ვარ – არც თქვენ. რადგან ადამიანი ვერასდროს გასცდება საკუთარ სამყაროს, რასაც ხედავს, იმას შეიგრძნობს. როცა მიწაზე იდგება და ცას ახედავს, მისი თვალები გაიმეორებენ  ძველი შუამდინარელის და ან აფრიკელის, რომაელის თუ ბიზანტიელის თვალებს. იმ თვალებისთვის მზე პატარა იყო,  პატარაა ჩვენთვისაც, და ასეც ჯობს დარჩეს. ასე უფრო დიდები ვართ, უფრო ადამიანები ვართ,  მით უფრო – როცა მზე ჩვენში ამოდის, ყველაზე პატარა და ამავდროულად, ყველაზე დიდი მზე.

ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომელსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს. ავტორის მსუბუქად თხრობის უნარი, დიალოგების შესანიშნავად აწყობის ტექნიკა, სათქმელის ზუსტი მორგების ნიჭი, ენობრივი ცვალებადობა, მოქმედების ველის თანამედროვეობა, ტექსტს ახლობელს და იოლად აღსაქმელს ხდის. არის სცენები, სადაც ნაწარმოები თითქოს პიესად იქცევა, მერე უცებ მდორდება და სხვა წარმოსახვაში გადაგისვრის. “როგორი უკიდეგანოა სამყარო, თან როგორი დაუნდობელი’’ – წიგნი ამაზეცაა, გარდაუვალ იმედგაცურებებზე, მარცხზე და ამ მარცხიდან გაქცევის,  ან გამარჯვების სურვილზე. მაგრამ ბოლოს ერთ დიდ, ფილოსფიურ დაკვირვებად იქცევა : ,,რა არის სიკვდილი? არაფერი… ერთი გაელვება, ერთი სათანადო, ან არასწორი ნაბიჯი და თვალის დახუჭვა, მერე? მერე ყველაფერი სულერთია – მაშ, ,ძალიან იოლი ყოფილა სიკვდილი, ბავშვობაში წაქცევაზე და მუხლის გადაყვლეფაზე იოლი’’ და ხვდები, რომ სიკვდილი მართლა არაფერია. რომ მზე არც მერე ტოვებს ადამიანს, სულში ამოსული მზე.

,,სულში ამოსული მზე“- ეს არის თეკლა გეთიაშვილის პირველი წიგნი , თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ასობით ლექსი აქვს დაწერილი,  პირველი  3 წლის ასაკში.  რაც შეეხება ლექსების  კრებულის გამოცემას,  ავტორი თავს იკავებს,  რადგან ფიქრობს, რომ : ,, ლექსებს ყველა წერს, ამიტომ არ დავღლი საზოგადოებას ჩემი წიგნებით, ჩემს ლექსებს სოციალურ ქსელში ბევრი მკითხველი ჰყავს და ამითაც კმაყოფილდებიან“. ის ჩვენთან საუბარში ბავშობის წლებს იხსენებს და გვიყვება,  როგორ სპონტანურად წერდა, იხსენებს ერთ ისტორიას,  როდესაც ის  მეორე კლასელი იყო და მის სკოლას სტუმრად ეწვია  ყველასათვის საყვარელი მსახიობი, დოდო ჭიჭინაძე  ,,მთხოვეს დამეწერა და მიმეძღვნა რაიმე ლექსი. დავწერე ლექსი ბებიაზე  ,,ჩვენო დოდო ბებია“ მაგრამ მითხრეს,  რომ მზესავით ქალია,  რა დროს ბებიააო ,  მე წავედი სახლში.  ამასობაში სტუმრისთვის დაუსვამთ  შეკითხვა სასურველ  პროფესიაზე და მასაც უპასუხია, ბებიობა და  შვილიშვილების მიხედვაო,  ამ პასუხის შემდეგ,  გზაში დამაწიეს ბავშვი,  მეც მივბრუნდი და საზოგადოებას, ჩემი ექსპრონტად დაწერილი ლექსი წავუკითხე:

ჩვენო დოდო ბებია, მოგილოცავ სამოც წელს,

ჩემი ტკბილი ბებია, სულ მერჩია სამოთხეს,

მაგრამ, თქვენ რომ გუყურებთ, ასე ლაღს და ფრთებგაშლილს,

თუ ბაბუა დამთანხმდა, მე წაგიყვანთ, ჩემს სახლში…

წამოდგა ქალბატონი დოდო, ჩამეხუტა, მეფერა, სახელი და გვარი ჩაიწერა, ლექსი დამაწერინა, მოკლედ ისეთი მადლობებით წავიდა , რომ მთელს ამ საღამოს,  მარტო ეს ლექსი უდრიდაო.“

რაც შეეხება თეკლა გეთიაშვილის სამომავლო გეგმევს,  ის სულ რამდენიმე სიტყვით გვპასუხობს:  ,, თეკლა ძალიან სპონტანური ადამიანია, ამიტომ მხოლოდ ბედნიერებას გეგმავს.

 ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ ავტორს პირველი წიგნის პრეზენტაცია და შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ.


Share.

Leave A Reply