ჟვანიას სკოლამ „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

0

2020 წლის 30 იანვარს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მარნეულში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაკა ომიაძემ სერტიფიკატები მარნეულის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრი წყაროს რეგიონული სასწავლო ცენტრების 35 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. აღნიშნული დონეების ფლობის შედეგად მსმენელები შეძლებენ სპეციფიკური ქართული ბგერების სწორად წარმოთქმას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგებას, ძირითადი გრამატიკული ცნებებისა და კატეგორიების გაცნობიერებას, სწორად წერასა და მეტყველებას, ელემენტარულ კომუნიკაციას ქართულ ენაზე, მარტივი დოკუმენტების შედგენას (წერილი, რეზიუმე, განცხადება), პირადი/ზოგადი ხასიათის / ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება სოც. ქსელში, ნაცნობ სიტუაციურ დიალოგებში ჩართვასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და ა.შ.. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა რეგიონულ სასწავლო ცენტრებსა და მობილურ ჯგუფებში, რომელსაც ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის კულტურის სახლის დირექტორი, ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი, ადმინისტრატორები, ტრენერები და ბენეფიციარები დაესწრნენ.
„ სერტიფიკატები გადავეცით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. ბევრი შრომის შედეგად მათ შეძლეს სერტიფიკატების აღება, ისინი ისევ გააგრძელებენ სწავლას შემდეგ დონეებზე და ეს აუცილებლად დაეხმარებათ მათ წინსვლასა და კარიერის დაგეგმვაში“ – განაცხადა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ.
„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე A2 დონის სერტიფიკატი. დიდი მადლობა ამისთვის ჟვანიას სკოლასა და ჩვენს ტრენერებს. აუცილებლად ვაპირებ სწავლა გავაგრძელო B1 დონეზე. ქართული სახელმწიფო ენაა და მინდა კარგად ვიცოდე“ აღნიშნა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულმა მსმენელმა ულვია მამედოვამ.


Share.

Leave A Reply