მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და კანონმდებლობით გაწერილი ახალი ნორმების მოქნილობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო ინიცირებული.

კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და მიმდინარეობს სპორადული და სისტემური წესით. მიწის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და შესაბამის სამსახურებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილესთან ერთად დაესწრო .

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებას ექნება ძლიერი ეფექტი, რაც დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს. სათანადოდ შევსებული/სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა მიწის ეფექტური მართვის, კერძოდ, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვის, მიწათსარგებლობის პოლიტიკის, სახელმწიფო-საპრივატიზაციო საქმიანობისა და მიწის ბაზრის განვითარების საფუძველი გახდება.

გარდა ამისა, უფლების რეგისტრაციის გამარტივებული წესის გაგრძელება ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანია. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა.

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.


Share.

Leave A Reply