ჰარმონიას ხელოვნება აღადგენს

0

2015-03-03kinolenta-616x340სოციალურ ქსელში დადებულმა ლინკმა – ფელინურმა კლასიკამ ( ეპიზოდი ფილმიდან “8½”) იმდენად იმოქმედა გონებასა და აზროვნებაზე, რომ გული საშინლად დამწყდა 21-ე საუკუნის ქაოსურ ტორნადოზე, რომელიც დედამიწის გრძედსა და განედზე მძვინვარებს. როგორ გავბედო და ვახსენო ყოვლადაღიარებული 3D “ავატარი” მაშინ, როდესაც ფელინის ფილმებით მოხიბლული ვფიქრობ იმას, რომ ჰარმონიას ხელოვნება აღადგენს. სინდისის შუქურა წითლად ანათებს და მაშინვე გენიალურ ფრაზას მახსენებს- „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. თავი მივანებე ქემერონის სპეც-ეფექტებს და ჩემივე ქართულს დავუბრუნდი. კინო პორტალზე შემდეგი ინფორმაცია წავიკითხე: „31 მარტიდან „ჭამა და სექსი“. ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს“.  რატომღაც, არც ფილმის რეიტინგი (7.5) გამკვირვებია (2011წ). უბრალოდ, გამეცინა. ეს ის აფექტია, როდესაც რაღაცას მოველით დაძაბულად, ხელთ კი არაფერი გვრჩება. სად არის ჰარმონია, რომელსაც თურმე ხელოვნება აღადგენს-ო?

ერთ დროს თვით შილერი არიგებდა ხელოვანს: „მიჰყევ შენ საუკუნეს, მაგრამ  ნუ იქნები მისი ქმნილება, ემსახურე თანამედროვეთ, მაგრამ იმით, რაც მათ სჭირდებათ და არა იმით, რასაც ისინი აქებენ”. თუ აღვიდგენთ დიად სივრცეში მიმოფანტულ პორტრეტებს, ალბათ მივხვდებით, რომ ნამდვილი დიდოსტატისათვის შილერული მცნება უმთავრესი უნდა ყოფილიყო. ამ გახსენებაზე, ერთი წერილი აღვიდგინე გონებაში: „…მარცხდებოდი და მაინც მუდამ მწვერვალზე იდექი. შენ არასოდეს კარგავდი სიმაღლის გრძნობას. ამისათვის გემდუროდნენ, ამისათვის გებრძოდნენ. ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს…“ ეს იყო უცნობი მაყურებლის პატარა მინაწერი სანდრო ახმეტელისადმი. მსჯელობის უნარი მაძლევს საშუალებას ვისარგებლო იმ წესებით, რომელსაც ადგენს ჩემივე განსჯა. უპრიანია, აღვნიშნოთ ფაქტი ჩვენთვის საამაყო დროებიდან, როდესაც მთავრობამ მოსკოვში ოლიმპიადაზე გადაწყვიტა რუსთაველის თეატრის გაგზავნა ახმეტელის ხელმძღვანელობით. 17 ივნისს მოსკოველი მაყურებელი მესამედ ესწრებოდა  „ლამარას“ დასასრულს, როდესაც ფარდა დაეშვა, ადგილიდან არ იძვროდა გაოგნებული საზოგადოება. ოცდაოთხჯერ გაიხსნა ფარდა, იმდენივეჯერ გამოვიდა სცენაზე თამარ წულუკიძის ლამარა და გიორგი დავითაშვილის მინდია. ახმეტელმა წითელ ბალიშზე დადებული თეატრის გასაღების აღება აკაკი ხორავას მიანდო. ამ დღიდან სანდრო პისკატორისა და რაინჰარდტის თანასწორი შეიქმნა…

სამწუხაროდ, დღემდე ბევრისთვის უცნობია ქართული ხელოვნების ისტორიის ეს ბრწყინვალე ეპიზოდი, მაგრამ საკმაოდ ცნობილია, თუნდაც იმ ფილმის პრემიერის შესახებ, რომლის აფიშა თემის დასაწყისში მოვიხსენიე.

რატომღაც ვიფიქრე, კვლავინდებურად გამერღვია ქართული საზღვრები და უბრალოდ, ჩემეული სოციოლოგიური კვლევა მომეწყო ფეისბუქურ საზოგადოებასთან შემდეგი თემით, მაგალითად „რა შთაბეჭდილებას ტოვებს ბერტოლუჩის ეპიზოდი „Ten Minutes Older?“ (პირობითი), მაგრამ ატვირთული ‘ლინკებითა’ და გამართული სჯა-ბაასით  ვხვდები, რომ ეს თემა ან უდროოა, ან უადგილო.

დღეს სრული ქაოსია, არადა ძველებს უთქვამთ, ჰარმონიას ხელოვნება აღადგენსო…


Share.

Comments are closed.