თამარ მეფის მასპინძელი „ქარ-იმერა“-თა სოფელი

0

სოფელი

12637336_916942288420514_1103020312_oქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, პატარა, სტუმართმოყვარე იმერლებით, რაჭველებითა და სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსახლებული ძირძველი მოსახლეობით დასახლებული დიდი წარსულისა და ტრადიციების მატარებელი სოფელი რატევანი შეგხვდებათ.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ რატევანი ქვემო ქართლის უძველესი დასახლება ყოფილა. სოფელი ისტორიულ წყაროებში 1447-1459 წლებიდან იხსენიება. მის მებატონეებად 1468 წლიდან ჯავახიშვილები, 1746 წლიდან კი ქავთარაშვილები ითვლებიდნენ. ძველ დროს სოფელში ადგილი ჰქონია მოსახლეობის მიგრაციას, შემდეგ ამავე ნასოფლარზე ახალი სოფელი აღმოცენებულა, თავდაპირველად მოსახლეობა მესხეთ-ჯავახეთიდან, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ზემო იმერეთიდან და რაჭიდანაც ჩამოუსახლებიათ.
„რატევანი რომ ნამდვილად ძირძველი სოფელია, ამაზე კარგად მეტყველებს მოსახლეობისგან შემთხვევით აღმოჩენილი უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთების ფრაგმენტები და იმ ეკლესიის ნანგრევები, რომელიც სოფელში დღემდეა შემორჩენილი. წინაპართა გადმოცემითა და ისტორიული წყაროებით ვიცით, რომ ეს სოფელი თამარ მეფემ თავად ჯავახიშვილებს უბოძა, სოფლისთვის სახელიც სწორედ მას დაურქმევია, ამასთან დაკავშირებით ლეგენდა დღემდეა შემორჩენილი“, -აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოფლის მკვიდრმა ლამზირა მიქელაძემ.
ლეგენდის მიხედვით ამ სოფელში სტუმრად ყოფილა თამარ მეფე, რომელსაც ყურძნის დიდ მარცვლიანი მტევანი დაუნახავს და წამოუძახია: „უჰ, რა მტევანიაო“. ასე დარქმევია სოფელს რატევანი. აღნიშნულ ლეგენდაზე, სოფლის მკვიდრ ზაურ ერაძის დაკვეთით, შოთა ჩაკვეტაძეს ჰიმნის ტექსტი დაუწერია, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად ნანი ბრეგვაძეს 1996 წელს შეუსრულებია, მისი ვიდეო ჩანაწერი დღემდეა შემონახული სოფელში.
ერთხელ, როცა შემობრძანდა
შემოდგომა – ხოხბის ყელი,
თამარ მეფემ მოიარა
საქართველოს მთა და ველი.
მიდიოდა თამარ მეფე,
წინ ეფინა ია-ვარდი.
დაუნახავს, ოქროს ვენახს
შესეოდა მამითადი.
რა მტევანი მიაწოდეს,
მიატოვა ტახტრევანი,
ყურძენს დასწვდა და წარმოსთქვა:
„რა კარგია, რა მტევანი“.
იმ ადგილას საყდარია,
მრავალ ღამე ნათევარი,
თამარ მეფის სადიდებლად
სოფელს ქვია „რატევანი“.
ეს ლეგენდა ასე ითქვა,
ჩვენამდე ასე მოვიდა,
თამარ მეფე მაშინ თითქოს
ქვემო ქართლში წამოვიდა.
სოფელი ძირითადად მევენახეობას ეწეოდა. მიწის დიდ ნაწილზე რქაწითელის, თავკვერის, ბუდეშურის, გორულას, ქიშმიშის, თითას, დერჩულას, ციცქას, ცოლიკაურის ვაზის ჯიშები ყოფილა გაშენებული. როგორც მოსახლეობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვენახების დიდი ნაწილი გაჩეხილა და მის ადგილზე მარცვლეული კულტურა დათესილა. 1986 – 1991 წლებში სოფელში საქონლისა და ბოცვრის ფერმა ყოფილა, სადაც სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული, პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდებოდა. 1991-1992 წლებში ფერმა დაშლილა და განადგურებულა, თუმცა სოფელში მესაქონლეობა დღესაც წამყვანი დარგია.
რატევანი დასავლეთით ქალაქ ბოლნისს ესაზღვრება, აღმოსავლეთით სოფელ აკაურთას, სამხრეთით _ სოფელ ზვარეთსა და მდინარე მაშავერას, ჩრდილოეთით კი დისველს, ამჟამად სოფელს 3802 კვადრატული მეტრი უკავია. მოსახლეობის რაოდენობა 1376 შეადგენს, რეგისტრირებულია 231 გვარი. ძირითადი გვარებია: ავქოფაშვილი, გოგოლაძე, ლაზარეშვილი, დევნოზაშვილი.
ძველად სოფლის ერთი ნაწილი ბარათაშვილს, მეორე კი მანთაშოვს ეკუთვნოდა. სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსახლებული ოჯახები რატევანის ზედა ნაწილში დასახლებულან, რომლებსაც ძირძველ რატევნელებს უწოდებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზემო იმერეთიდან და რაჭიდან ჩამოსახლებული ოჯახები კი სოფლის ქვედა ნაწილში დაუსახლებიათ, ამიტომ სოფელი ორ ნაწილად იყოფოდა ზემო, ანუ ძველი რატევანი, და ქვედა, ანუ ახალი რატევანი.
„წინაპართა გადმოცემით ვიცი, რომ ძველმა და ახალმა რატევნელებმა ერთმანეთში კარგი ურთიერთობა დაამყარეს. იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს, სწორედ ამიტომ სოფელში ახალი ტერმინოლოგია დამკვიდრებულა “ქარ-იმერა“ ანუ ქართლი, იმერეთი და რაჭა“, – ამბობს ლამზირა მიქელაძე.
სამი ეკლესია ყოფილა, სოფლის თავზე გორის კვირაცხოველის ეკლესია მდგარა, სადაც კვირაცხოვლობას აღნიშნავდნენ, მეორე მხარეს კი წმინდა გიორგის თეთრი ეკლესია, სოფლის დაბლა ნაწილში კი წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია ყოფილა. „აქაური ტაძრები ადრეული პერიოდისაა, რომლებიც დროთა განმავლობაში დანგრეულა და განადგურებულა, სოფელს მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შემორჩა, რომელმაც საუკუნეთა ქარტეხილს გაუძლო და დღემდე ამაყად გადმოჰყურებს სოფელს. როგორც ვიცი ეს ტაძარი X საუკუნეში აგებულა, მას სომხური მინაშენი ჰქონია და სომეხი მღვდელი – ტერტერა მსახურობდა და სომხური წესით ნათლავდა ბავშვებს. საუკუნეების შემდეგ ეკლესია გადაუკეთებიათ, მოუნგრევიათ სომხური მინაშენი და საბოლოოდ 80-იან წლებში, ჩაუტარებიათ რესტავრაცია“, -ამბობს ტაძრის წინამძღვარი მამა გელასი, რომელიც 2004 წლიდან ამ ტაძარში მსახურობს და ყოველ შაბათ-კვირას და საუფლო დღესასწაულებზე წირვა-ლოცვას აღავლენს.
სოფელში ადრე თონეები ჰქონიათ, შემდგომში კი ფურნეების აშენება დაუწყიათ. ფიცრით დახურული ქვითკირის ბანიანი, მიწური ბუხრიანი სახლები ედგათ, ბანური სახლი გრძელი ყოფილა, ერთ მხარეს საქონელი, მეორე მხარეს კი ოჯახი ცხოვრობდა. ოდნავ შეცვლილი იერსახის ქვითკირით ნაშენი უძველესი რამდენიმე სახლი ამ დრომდეა შემორჩენული.
„ჩემი პაპისეული სახლი ამ დრომდეა შემორჩენილი სოფელში, რომელიც ქვითკირითაა ნაშენი და მუხის ხე-მასალითაა გადახურული. გადმოცემით ვიცი სახლებს ადგილობრივი საშენი მასალით აშენებდნენ. სოფლის ახლოს მუხის ტყე ყოფილა, საიდანაც ხე-მასალას მოიპოვებდნენ. ჩემს დიდ პაპას ბევრი ცხვარი ჰყოლია, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და სწორედ ამიტომ, გარდაცვალების შემდეგ, სოფლელებს ძველი ეკლესიის ეზოში დაუმარხავთ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ამირან ავქოფაშვილი.
სოფელში ჩვეულებრისამებრ აღნიშნავდნენ საოჯახო დიდ დღესასწაულებს.
საახალწლოდ მზადდებოდა გოზინაყი, დოვლათისა და ბარაქისთვის ცხვებოდა ბასილის პურები, საშობაოდ კი შობის ყავისფერი ნამცხვარი.
ახალ წელს, 12 საათის შემდეგ ოჯახში მოდიოდა მეკვლე ტაბლით ხელში, რომელზეც ელაგა ხილი, თაფლი და ნამცხვარი. მეკვლე სახლში შესვლისას ამბობდა – „ღმერთო, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”, აღებდა კარებს და ყველას ლოცავდა. მეკვლე სუფრასთან უნდა დამჯდარიყო, რომლის სკამზეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაყრილი ხორბალი, რათა კრუხი არ გადაფრენილიყო. მეკვლეს ტკბილეულს ატანდნენ და ოჯახის უფროსი ამბობდა „ჩემი მონაგარი მრავალ ახალ წელს დაესწროს და გამრავლდეს დოვლათითა და ბარაქითო“. ნაძვის ხე ჩირითა და ჩურჩხელით ირთვებოდა. ახალი წლის შემდეგ მოდიოდა აღდგომის 7 კვირა. უკალენდროდ მყოფი სოფლის მოსახლეობა მარხვის დადგომას და გასვლას შემდეგნაირად ანგარიშობდა: იღებდნენ კარტოფილს, რომელშიც ქათმის 7 ბუმბულს ურჭობდნენ და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ თითო ბუმბულს აძრობდნენ. ასევე სოფელში ჩვეული ტრადიციების დაცვით აღინიშნებოდა ბარბარობა, კორკოტობა და ჭონა. ტრადიციების უმეტესობა დღევანდელმა მოსახლეობამ წინაპართა გადმოცემით იცის, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი დღესაც აღინიშნება.
„სამწუხაროდ, ტრადიციებისადმი პატივისცემა ნელ-ნელა გაქრა და გაუფერულდა, მაგრამ ზოგიერთი დღემდეა შემორჩენილი. ტრადიციულად კვლავ აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გიორგობას, შობას, ახალ წელს და ბარბარობას. განსაკუთრებულად ძველი ტრადიციის დაცვით აღვნიშნავთ ბარბარობას. ამ დღისთვის ვაცხობთ ლობიანებს და ველოდებით მეკვლეს. გვინდა ასევე ახალი ტრადიციის დანერგვაც, რადგან რატევანის ისტორია დაკავშირებულია თამარ მეფესთან, გვინდა 14 მაისს, თამარობასთან ერთად რატევნობაც, ანუ სოფლის დღეობაც აღვნიშნოთ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი.
ქვემო ქართლში ერთ-ერთი უძველესი და დიდი ისტორიის მატარებელი სოფელი რატევანი დღეისთვის სულ სხვა იერსახით გამოიყურება. ადგილობრივების თქმით ის ეკონომიურად ერთ-ერთ ძლიერ სოფლად ითვლება, მევენახეობა მესაქონლეობამ ჩაანაცვლა,
ძველი წყლის წისქვილი თანამედროვე წისქვილ-კომბინატით შეიცვალა, ქვითკირით ნაშენი სახლები თანამედროვე არქიტექტურამ ჩაანაცვლა. სოფელში ამჟამად ფუნქციონირებს რძის გადასამუშავებელი რამდენიმე საწარმო და ქვის საამქრო, გააჩნია საკუთარი ჰესიც.
სოფელი მთლიანად გაზიფიცირებულია, მოწესრიგებულია გზები, გარე განათება. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წყალი წარმოადგენს. საკმაოდ აქტიური დატვირთვით მუშაობს სოფლის კულტურის სახლი, რატევნის ადმინისტრაციული ერთეული და ბიბლიოთეკა. ასევე სოფელს აქვს საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ სკოლა წელს იუბილარია.
„თავდაპირველად სკოლა ეკლესიასთან ყოფილა, შემდეგ მოსახლეობის და პედაგოგების თხოვნით ახალი სკოლა აშენებულა, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი. ვინაიდან შენობა საკმაოდ პატარა იყო და მოსწავლეთა რაოდენობას ვერ იტევდა, ამიტომ დღის წესრიგში ახალი სკოლის აშენება დადგა. 1966 წელს სოფელს მესამე სკოლა აუშენეს, რომელსაც წელს 50 წელი უსრულდება. ამ ეტაპზე სკოლაში 218 მოსწავლე ირიცხება. ყოველწლიურად გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, წარჩინებული მოსწავლეები და გრანტოსნები. ორი წელია სკოლის კონტიგენტს აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც დაემატნენ, რომლებიც ახლომდებარე სოფლებიდან დადიან. ჩართული ვართ სხვადასხვა საინტერესო პროექტებში“, ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი.
სოფლის ცენტრალური გზის პირას მოწყობილია 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის წყარო.
სოფელი ასევე არ ივიწყებს აფხაზეთსა და ოსეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს: მამუკა მიშელაძესა და დიმიტრი ლაზარეშვილს.

ავტორები: მარინა გავაშელი; ნინო კარგარეთელი

გაზეთი „ბოლნისი” 31.01.2016წ.

12591924_916942608420482_2131963053_o 12596881_916941115087298_1337044625_o 12620704_916942365087173_2078330875_o 12620906_916941231753953_572648885_o 12633215_916940211754055_1016805521_o 12636896_916942195087190_1139241522_o 12637334_916941595087250_1193423876_o


Share.

Comments are closed.