„ჩემი გულის ხმა ყურებში მესმის და ბევრჯერ მავიწყდება კიდეც, აპარატი რომ მიჭირავს“

0

წარმატებული

12714252_1719687768244256_854868111_nერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულე, საუკეთესო მეგობარი, კარგი წარმოსახვის უნარის მქონე და ფოტოხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული, ხანდახან ფეთქებადი ხასიათის და მოუსვენარიც – ასე ახასიათებენ მეგობრები ანა რეხვიაშვილს, რომელმაც ხელში ფოტოაპარატი აიღო და „ყოჩების“ გულისხმას ფეხდაფეხ მიჰყვა. „გულშემატკივრობას ხელოვნების დატვირთვაც შეემატა და ვცდილობ ფოტოკადრით აღვბეჭდო სტადიონზე მიმდინარე რეალობა“.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი რაგბის კლუბ „ყოჩების“ ფოტო-მატიანეს ქმნის და როგორც თვითონ ამბობს „ასეთ კადრებს აწმყოში არ აქვს ფასი, წარსულის მოსაგონრად მშვენიერი შესაძლებლობაა“.
– ანა, როგორც ვიცი შენ „ყოჩების“ ერთგული გულშემატკივარი ხარ, ესწრები ყველა თამაშს, იღებ კარგ ფოტოებს და მათდამი დიდ სიყვარულს და ერთგულებას კადრებით გამოხატავ…
– რაგბისადმი ჩემი დაინტერესება ღრმა ბავშვობიდან მოდის. იყო დრო, არ არსებობდა ტექნიკა, რაც სახლში გაჩერებას გვაიძულებდა. ვინაიდან უბანში (სოფელ რაჭისუბანში) ჩემი თანატოლი გოგონები არ იყვნენ, გავიზარდე ბიჭების გარემოცვაში, ერთად ვთამაშობდით, ვმეგობრობდით და გვქონდა საერთო ბავშვური ინტერესები. ბევრჯერ ბურთიც მითამაშია, მაგრამ არა რაგბი, ეს იყო „სტოპიატი“ და მინი ფეხბურთის ვარიანტი, ოღონდ ასფალტზე, რიყის ქვებისგან მონიშნული კარით. მალევე ჩემი თანატოლი ბიჭები ჩაებნენ რაგბში და მათი ნერვების ფასად მიჯდებოდა წესებში გარკვევა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც სწორად მიაწოდებ რაგბზე ინფორმაციას და ინტერესი არ გაუღრმავდეს.
– რა არის შენთვის რაგბი?
– რაგბს სპორტის სახეობას მიაკუთვნებენ, თუმცა ჩემთვის ცალკე მდგომი ერთსულოვნებაა. რაგბი ქართულ გენეტიკასთან 99% სიზუსტით ახლოსაა. მოედანზე გადის 15 კაცი, რომლებიც ერთმანეთის გარეშე სრულიად უძლურნი არიან. ამ სპორტთან დაკავშირებით სულ მახსენდება ერთი იგავი, მომაკვდავი მამა შვილებს უხმობს და ისრების გადატეხვას სთხოვს. ჯერ თითო-თითო, მერე შეკრული კონა. რაგბიც ზუსტად ასეა, ცალკე მდგომი მორაგბე უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე თხუთმეტი კაცისგან შემდგარი გუნდი.
– რატომ გადაწყვიტე მათთვის გადაგეღო სურათები?
– გულშემატკივრობას ხელოვნების დატვირთვაც შეემატა და ვცდილობ ფოტო-კადრით აღვბეჭდო სტადიონზე მიმდინარე რეალობა. ობიექტივის წინ დგომას ყოველთვის მისით სარგებლობა მირჩევნია, ცოტა წარმოსახვა, ცოტაც ფოტო-კადრის აღქმის უნარიც. აპარატს რომ ხელში ვიღებ, სხვა რეალობაში გადავდივარ.
– ანა „ყოჩების“ გარდა სხვა გუნდებსაც უღებ ფოტოებს?
– რაც რაგბის ფოტოგრაფირება დავიწყე „დიდი 10“-ში სხვა თამაშებზეც დავდივარ. ვცდილობ მეტი პრაქტიკა და გამოცდილება მქონდეს, რომ ჩემს გუნდს უფრო ეფექტური ფოტოები გადავუღო. სხვებთან მუშაობა უფრო დამაჯერებლად და ნერვების გარეშე მიდის, თითქოს ვიცი, რის მერე რა იქნება, მაგრამ „ყოჩების“ შემთხვევაში ასე არ გამოდის, ჩემი გულის ხმა ყურებში მესმის და ბევრჯერ მავიწყდება კიდეც აპარატი რომ მიჭირავს, ალბათ ასეთი შეგრძნება მაშინ მექნება, როდესაც პარაშუტით გადმოხტომის ოცნებას ავისრულებ. „დიდი 10“-ში „ყოჩების“ გარდა 9 გუნდი იღებს მონაწილეობას, როცა მათ ვუგზავნი ფოტოებს მიკერძოებული ვერ ვიქნები. დიახ, სხვა გუნდებსაც ვუღებ, რომელთა განრიგიც „ყოჩებისას“ არ ემთხვევა.
– ანა, რომელიმე ფოტოკონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა?
– სიმართლე გითხრათ ფოტოკონკურსებზე არ მიფიქრია, თუ რამე შემოთავაზებას მივიღებ, რატომაც არა, თუმცა ჯერ ისევ ძიებაში ვარ, განვითარებასა და სწავლას ვცდილობ. ჯერ-ჯერობით პირველ ნაბიჯებს ვდგამ, მაგრამ ვგრძნობ გზა უნდა გავაგრძელო.
გაქვს შენთვის გამორჩეული და საყვარელი ფოტო?
– ერთს რომელიმეს ვერ ვიტყვი, მაგრამ მაქვს ჩემთვის გამორჩეული რამდენიმე კადრი. შეიძლება ერთი თამაშიდან მხოლოდ ერთი ფოტო გამოვიდეს ჩემთვის ფასეული და თუ მას მოგებაც ახლავს, ეს უკვე დახარჯულ ძალისხმევად ღირს. რაც შეეხება კარგ ფოტოს, ეს დამოკიდებულია რამდენად სანახაობრივი და ხარისხიანია ესა თუ ის თამაში. მაგრამ კარგ კადრს მაინც შესაბამისი აპარატურა სჭირდება, ხშირად კადრი ფუჭდება მხოლოდ იმიტომ, რომ აპარატს მეტი არ ძალუძს. თუმცა საწუწუნოდ არ მაქვს საქმე, ჩემს აღჭურვილობას შეუძლია სამომავლოდ მნიშვნელოვანი კადრები შემოგვინახოს.
– როგორც ვიცი, სამომავლოდ რაგბთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს?
– რაგბის კავშირი მწვრთნელობის მოსურნეთათვის გადამზადების სემინარებს ატარებს. შექმნილია ჯგუფები და თანრიგის მიხედვით ტარდება სწავლებები, როგორც კი ჩვენი რიგი დადგება და გავივლით I დონის კურსს, მალევე განახლდება აქტივობა ბოლნისში, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება. ყურადღებით იყავით მშობლებო და დაგვეხმარეთ, ერთად შევქმნათ მოზარდი თაობისთვის ჯანსაღი გარემო.

მარინე გავაშელი

გაზეთი „ბოლნისი”

31.01.2016წ.


Share.

Comments are closed.