„უფლის ჯარისკაცი“ – ერთხელ საქველმოქმედო აქციაზე გავიტანე ჩემი ნივთები და იცით ვინ იყო მყიდველი? დედა, მანაც ვერ გაიმეტა ჩემი ნამუშევარი გასაყიდად

0

12922385_1029419643814111_1205256301_oხატისოფელში რუბრიკის მომზადებისას  გვერდი ვერ ავუარეთ ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს. მრავალსაუკუნე გამოვლილ უძველეს ორივე ტაძარს, ხეზე ქართული ჩუქურთმებით და  ორიგინალური ორნამენტებით შემკული შესასვლელი კარები ამშვენებს,  როგორც ხატისოფლელებმა აგვიხსნეს, ეს კარებები ხატისოფლელ 25 წლის პავლე მაღრაძეს საკუთარი ხელით შეუქმნია და მამაოს კურთხევით ტაძრებისათვის შეუწირავს.

ხეზე სათუთად ამოტვიფრული, რელიგიური ორნამენტებით მოჩუქურთმებული ნამუშევრით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე პირადად გამეცნო პავლე და მას საკუთარ სახელოსნოში ვეწვიე.  ჩემი სტუმრობისას პავლე ხატისოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის მეორე შესასვლელის კარებს ამუშავებდა. რთული და ხანგრძლივი სამუშაოს მიუხედავად, საქმე  გადადო და ხეზე მხატვრულად დამუშავებული  საკუთარი ნამუშევრები დამათვალიერებინა,  ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

პავლე მაღრაძე საკუთარ შემოქმედებას სულით, გულით და მთელი მისი არსებით გრძნობს,  უსულო ხის საგანს ქართული ჩუქურთმითა და სხვადასხვა რელიგიური დეტალებით სულიერებას მატებს.

25 წლის ახალგაზრდა თვლის, რომ „სამყაროში ყველაფერი მოძრაობაში და განვითარებაში უნდა იყოს და ადამიანებს ჰქონდეთ სურვილი შემოქმედებითი უნარის განვითარებისა“ პავლე ასეც მოიქცა და შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ცოტა ხანში მოახერხა გამხდარიყო გამორჩეული შვილი, წარჩინებული სტუდენტი (კურსდამთავრებული) კარგი ოსტატი,   შემომქმედი და როგორც მისი მოძღვარი უწოდებს,- „უფლის ჯარისკაცი“.

-პავლე, როდის დაიწყეთ ხის მხატვრული დამუშავება?

–ბავშვობიდან მიყვარდა ჩხირკედელაობა. ორივე პაპა ხელოსანი მყავდა, მათთან ხშირად დავდიოდი სახელოსნოში და ხისგან რაღაც-რაღაცეებს ვაკეთებდი. თავიდანვე მომწონდა და მიზიდავდა ხეზე მუშაობა, როდესაც ხატისოფლიდან ბოლნისში  გადმოვედით საცხოვრებლად, ჯიმო ციხელაშვილმა შემასწავლა ხეზე კვეთა.  16 წლის ვიყავი, როდესაც მან ხის საგანზე ჩუქურთმა დამიხატა და დამავალა თვითონ ამომეკვეთა.  კვეთა რომ დავასრულე  ნამუშევარი ძალიან მოეწონა და ბოლნური ჯვრის გაკეთება დამავალა. ბოლნური ჯვარიც ძალიან მოეწონა, შემიქო და ამის შემდეგ  აღარ გავჩერებულვარ.

12903873_1029419633814112_1329367786_o 12919323_1029419563814119_2087292193_o 12919524_1029419827147426_532570082_o 12922075_1029419557147453_1596192077_o 12915242_1029419647147444_1762736113_o 12919414_1029419377147471_2039937718_o 12919579_1029419823814093_1833527125_o 12946883_1029419623814113_588719730_o

-მუშაობა რთულია?

-რთულია და თან საინტერესო, მიჭირს დაწყება, მაგრამ თუ დავიწყე, ვეღარ ვჩერდები. ყველაფერს დრო სჭირდება, რასაც ვაკეთებ გულსა და სულს ვდებ რომ გამომივიდეს სრულყოფილთან მიახლოებული.

-რატომ სრულყოფილთან ახლოს, და არა სრულყოფილი?

-ამ სამყაროში სრულყოფილი მხოლოდ უფალია.

-სამუშაოდ რა მასალას იყენებთ?

-ძირითადად კაკალზე და მუხაზე ვმუშაობ, ზოგჯერ ბზაზეც.

– თქვენი ნამუშევრები ძირითადად  რელიგიური ხასიათისაა.

-ხეზე კვეთა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დარგია და მას ქრისტიანულ ხელოვნების დარგსაც უწოდებენ, ბუნებრივია,   ჩემი ნამუშევრებიც რელიგიურია.

-პავლე, თუ გაქვთ  გამორჩეული და განსაკუთრებული ნამუშევრები?

-როდესაც ხელჯვარი გავაკეთე, მამაოს ძალიან მოეწონა, შემდეგ შევთავაზე  ხატისოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის შესასვლელი კარი გამეკეთებინა. მამაოს  მოეწონა აზრი და კურთხევა მომცა. მეც აღარ დავაყოვნე და საქმეს შევუდექი. რთული და ხანგრძლივი სამუშაოს შემდეგ, შესასვლელი კარი კარგი გამოვიდა და ზუსტად ეს არის ჩემთვის გამორჩეული და განსაკუთრებული ნამუშევარი.

– ამ ყველაფრის კეთება რწმენის გარეშე შეუძლებელია

– დიახ, რწმენის გარეშე ალბათ ვერ შევძლებდი, ღმერთი ძალიან მწამს, ეს ჩემს ნაშრომებშიც ჩანს. ვკითხულობ ბიბლიას,  ხეზე კვეთისას ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ვუსმენ. ვფიქრობ, რომ ეს საქმეს უფრო მიადვილებს.

-როგორი სამუშაო გარემო გაქვთ, პირობები თუ გიწყობთ ხელს?

-მაქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც მუდამ სიმშვიდეა. სამწუხაროდ არ მაქვს საკმარისი ხელსაწყოები, რის შოვნაც საქართველოში ჭირს.

-რა დროს უთმობთ ერთ კონკრეტულ ნივთს?

-არ ვჩქარობ, მირჩევნია ნელ-ნელა გავაკეთო. ღამის თევა არ მიყვარს, მირჩევნია დავისვენო და მეორე დღეს დასვენებული,  ენერგიული შევუდგე მუშაობას.

-გამოფენა-გაყიდვებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

-კი, ხშირად, ჩემი ნამუშევრები ჩეხეთშიც იყო გატანილი, საიდანაც მადლობის სიგელი და სერთიფიკატი მივიღე. გაყიდვას რაც შეეხება, ერთხელ საქველმოქმედო აქციაზე გავიტანე ჩემი ნივთები და იცით ვინ იყო მყიდველი? (იცინის) დედა, მანაც ვერ გაიმეტა ჩემი ნამუშევარი გასაყიდად.

-პავლე ვიცი, რომ წარჩინებული სტუდენტი იყავით

-2008 წელს ჩავაბარე  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრი და მაგისტრატურა. ამ ეტაპზე სწავლაში ხანმოკლე პაუზა მაქვს აღებული, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეორე შესასვლელი კარი უნდა დავასრულო, ამის შემდეგ სწავლა  დოქტორანტურაში უნდა გავაგრძელო და ისიც აუცილებლად წარჩინებით უნდა დავასრულო.

-სწავლისა და ხეზე მხატვრული დამუშავების გარდა საქმიანობთ კიდევ რამეს?

-წარმოშობით ხატისოფლიდან ვარ, იქ გვაქვს სახლი, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს. ყველაფერს ვაკეთებ, მიწას ვამუშავებ, ვენახს ვუვლი, მოკლედ რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებ, უკან არ ვიხევ არაფერში.

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-სწავლის გაგრძელება მინდა. ასევე ვფიქრობ ავიყვანო მსურველები და შევასწავლო ეს საქმე.

მარინა გავაშელი


Share.

Comments are closed.