„მინდა ყველამ გაიგოს, რომ ქართველებს საკუთარი ენა გვაქვს!“

0

ექსკლუზივი

13714561_1061295157253664_468383205_n„იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი კი დამოკიდებულია ჩვენს ერთიანობაზე“. აცხადებს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ცისია ნინიკელაშვილი. ცისია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე შეარჩიეს. იგი მესამე წელია გერმანიაში სწავლობს და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ხელს უწყობს ახალგაზრდულ სფეროში კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას. უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას უცხოეთში. ცისია, 2 ივლისს, ფრანკფურტში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებას უძღვებოდა, რომელიც ლევან უგულავას დასახმარებლად ჩატარდა.

-ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყანა გამეცნო უცხოელი მეგობრებისთვის, ამას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ  თითქმის არ აქვთ ინფორმაცია საქართველოზე. ზოგჯერ მათი შეხედულებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. მესამე წელია გერმანიაში ვსწავლობ და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინო ჩვენი სამშობლო და  მეტი პოპულარიზაცია გავუწიო გერმანიაში.

-რა მცდარ შეხედულებებზეა საუბარი?

-გამომდინარე იქედან, რომ ყოლველდღიურად მიწევს გერმანელ სტუდენტებთან ურთიერთობა, ვხვდები, თუ რა მწირი წარმოდგენა აქვთ  ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე. პირველი და ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი ფაქტია ის, რომ  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენად რუსული მიაჩნიათ.  ჩემ პასუხზე კი, რომ  გვაქვს ძირძველი ქართული ენა, რომლის დამწერლობაც 14-დან ერთ-ერთია,  ისინი დიალექტს  უწოდებენ, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ასეთ პატარა ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ენა და დამწერლობა, როდესაც ლათინური ამდენი ქვეყნის დამწერლობაა.

-ძალიან ცუდია ცისია ასეთი წარმოდგენა რომ აქვთ, რა ღონისძიებებს ატარებ ამ კუთხით?

-ჩემი უმთავრესი მიზანია, რომ პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში საქართველო წარვადგინო გერმანიაში როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. განსაკუთრებული ღონისძიებები გასატარებელია  ახალგაზრდა თაობაში, რადგან უფროსები საქართველოს სულ მცირე ედუარდ შევარდნაძის გამო იცნობენ, რომელიც მათი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც ბერლინის კედლის დამანგრეველისა და ქვეყნის გამაერთიანებელის სახელით.

–როგორც ვიცი გერმანიაში სწავლობ,  როგორ ათავსებ ერთმანეთს სწავლასა და საქმიანობას?

-გერმანიაში სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.  პარალელურად ვმუშაობ სტუდენტური დასაქმების პროგრამით, რომ არა ჩემი იდეალები საქართველოს განვითარების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო, ვერ შევძლებდი ამ საქმის კეთებას. გერმანიის მასშტაბით ჩატარდა უამრავი ღონისძიება უნივერსიტეტებში, რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა. კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.

-18 ივლისის ღონისძიებაზეც გვითხარით.

-18 ივლისს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გავმართავ საჯარო ლექციას საქართველოს კულტურულ-ისტორიულ ასპექტებზე. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების ინფორმირება და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი ინტერესის გაღვივება. ღონისძიებაზე ასევე მოხდება ახალგაზრდა ელჩის პროგრამის ფარგლებში დაარსებული ბერლინის ქართველ სტუდენტთა გაერთიანების ოფიციალური წარდგენაც. გაერთიანების წარმომადგენელი ბერლინში იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრი მარი ხელაძე.

-როგორც ვხედავთ, გარდა სტუდენტური პროგრამებისა, თქვენ გვერდში უდგახართ გერამანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს, ხელოვანებს, ასევე ბოლნისელი ლევან უგულავასთვის გამართული საქველმოქმედო საღამოზე წამყვანის რანგშიც იყავით, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ ბოლნისელების სახელით.

– ვცდილობ არაფერი გამომრჩეს და როგორც შემიძლია ისე დავუდგე გვერდში ქართველებს. კონცერტის წამყვანი ვიყავი და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას კიდევ თუ დასჭირდება ჩემს ქვეყანას  გვერდში დგომა. თითოეული ქართველი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს ცდილობს თავისი საქმე ისე აკეთოს, რომ საქართველოს სახელი უფრო ფართო მასებს გააცნოს. ამ მხრივ მინდა ხაზი გავუსვა „გალერეა მაკოვსკის“ საქმიანობას და მადლობა ვუთხრა ქალბატონ რუსა მაკოვსკის, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გვითმობს სტუდენტებს გალერეას ფართს და  როგორც მორალურად, ისე მატერიალურად მხარში გვიდგას უამრავი პროექტს განხორციელებაში.

-მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.

                                                                                დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.