„ვიპოვე საქმე, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ” – დამწყები ხატმწერი ბოლნისიდან

0

13689438_1027777140670361_1124643581_n„ვიპოვე საქმე, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ, მივხვდი რომ ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც უყვარს“- ამბობს ოცი წლის თამარ ოქრიაშვილი, რომელმაც უკვე მეორე წელია სახლში მცირე  სახელოსნო მოაწყო და ხელსაქმით დაკავდა. აქ ის ყველაზე მეტ დროს ატარებს, ვერცხლს ამუშავებს, ფერებს ერთმანეთს უხამებს და თანამედროვე სტილის სხვადასხვა სახის სამკაულს ამზადებს. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ეუფლება ხატწერის პროფესიას, რაც თამარს უდიდეს სიმშვიდეს ანიჭებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში „კვების ინსტრუქციის ფაკულტეტზე“ ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ აინტერესებდა, მიუხედავად  მშობლების წინააღმდეგობისა  სწავლაზე უარი თქვა, იმ საქმით დაკავდა, რაც  აინტერესებს და ძალიან უყვარს. ამჟამად მარიამი  ერთდროულად ორ საყვარელ ხელსაქმეს ეუფლება.

_რას განიცდი ხატების წერის დროს, ეს ნიჭი ალბათ უფლისგან ბოძებული უდიდესი მადლია…

_ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე ხატწერის პედაგოგი და მოძღვრის კურთხევით დავიწყე სიარული. ეს  ენით აღუწერელი  სულის სიმშვიდეა, ნამდვილად ვერ დაწერ ხატს, თუ ამისთვის მზად არ ხარ. უდიდეს მადლს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ უფლის მიმართ. ხატწერა ყველაზე დიდი ლოცვაა, ამ დროს სულიწმინდის მადლი გადმოდის შენზე, ასევე იმ წმინდანის ღვაწლის მადლი, რომელსაც წერ, გარდა ამისა, იმხელა კონტაქტი მყარდება ხატმწერსა და წმინდას შორის, რომ მის ხასიათსაც კი გაცნობს.

-თამარ, რამდენი ხატი გაქვს დაწერილი და ტაძარში თუა დაბრძანებული შენი შესრულებული ხატი?

– თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ტაძარში დავიწყე სიარული, ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, თუმცა იმდენად მყუდრო და მშვიდი გარემო აღმოჩნდა იქ, რომ  ვცდილობ არ გავაცდინო არც ერთი წირვა-ლოცვა, ვინახავ მარხვას, მყავს მოძღვარი, რომელიც  მიდგას მხარში, ვგალობ ღვთისმშობლის შობის ტაძარში და ვარ დამწყები მედავითნე. სამი ხატი მაქვს დაწერილი: ჩვენი აღმსარებლის გაბრიელის, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნიკოლოზის. ხატწერა აუცილებლად ლოცვით იწყება, ძირითადად ასლებზე ვმუშაობ. ფანქრით ვაგებ ესკიზს, გადავდივარ კალკაზე და შემდეგ ფერების დაჯენაზე. ჩემი დაწერილი ხატები სახლში სალოცავ კუთხეში მაქვს, ჯერ ნამდვილად ვერ გავბედავ ტაძრისთვის ხატის დაწერას.

-თამარ, ხატვით თუ ხატავდი?

-ხატვით  არასოდეს დამიხატავს, შეიძლება რაიმე გადამიხატავს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ყველაფერი  გამოვა.

– როგორც აღნიშნე მინანქრის შესწავლაც დაიწყე…

-ძალიან მინდოდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება მესწავლა. დავიწყე სიარული პედაგოგთან. ორი თვის განმავლობაში დავდიოდი. შევისწავლე ვერცხლზე მინანქრით მოხატვა, ამიტომ ხატწერას ცოტა ხნით შევეშვი, შევიძინე სპეციალური ხელსაწყოები, მასალა და დავიწყე მინანქარზე მუშაობა.

-რას ამზადებ ძირითადად?

-დასამუშავებელ ვერცხლს ვყიდულობ ლიწიოს, ასევე სპეციალურ ფერებს, როდესაც რაიმე სამკაულს ვამზადებ წინასწარ ვიცი, როგორი უნდა იყოს ფერთა შეხამება, თუმცა ხშირად ექსკლუზიურადაც დამიჯენია ფერები და კარგი გამოსულა,  ვაკეთებ ჯვრებს, ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს.

თუ ითვალისწინებ მუშაობის პროცესში ვინმეს აზრს?

-მუშაობის პროცესში მარტო უნდა ვიყო, თუმცა იშვიათად დედა შემოდის, აკვირდება ჩემს მუშაობას, მირჩევს ფერებსაც. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, დღეს  მხარში მიდგანან, მათი დახმარებით შევიძინე სპეციალური ღუმელი, რომელშიც ვამუშავებ  დამზადებულ სამკაულებს. ძირითადად ტიხრულ მინანქარს ვამზადებ.

რამდენი ნამუშევარი გაქვს შექმნილი?

-ზუსტად არ მახსოვს, ვიღებ შეკვეთებსაც, საკმაოდ შრომატევადია, გაყიდული სამკაულების ფულით ვყიდულობ მასალას.

-რამდენი ხანი სჭირდება ერთი ნივთის დამზადებას?

-ძირითად დროს სახელოსნოში ვატარებ, გააჩნია ნივთს, თუ მოვინდომებ ერთ  დღეშიც გამიკეთებია. გამზადებული სამკაულები ოქრომჭედელთან მიმაქვს, ვაპრიალებ და გასაყიდადაც მზად არის.

-თამარ, სამომავლო გეგმებზეც გვითხარი?

-სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჯერ ზუსტად არ ვიცი, თუმცა აუცილებლად გავაგრძელებ ხატწერას. ჩემი დიდი სურვილია სახლში პატარა სახელოსნო მოვაწყო, სადაც იქნება მყუდრო და მშვიდი გარემო, ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, ზუსტად მაქვს  წარმოსახვაში როგორი იქნება  სახელოსნო, სადაც მექნება ყველა ხელსაწყო, რაც ხატწერას და მინანქრის დამზადებას სჭირდება.

-მადლობა თამარ სასიამოვნო საუბრისთვის, გისურვებ წარმატებებს.

მაგდა დევნოზაშვილი

13695240_1027777230670352_165293963_n 13652770_1027777264003682_1256413658_n 13652504_1027777277337014_1773806296_n

 


Share.

Comments are closed.