ხილული სასწაული სოფელ ქვეშში წმინდა ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარზე

0

13236320_873431329453150_280609903_n

სოფელი

არაქართული დასახლებებით გარშემორტყმული უძველესი ქართული სოფელი ქვეში, აუღებელი ციხესიმაგრით ისტორიაში ჯერ დადიანების, შემდეგ ჯავახიშვილების, ბარათაშვილების ბოლოს კი ორბელიანების საკუთარ მამულად მოიხსენიება.  ნაგებობის გამორჩეული სტილით, უიშვიათეს, მრავალჭირნახულ ციხეს მტრის შემოსევის გარდა მრავალი ლეგენდარული ქართველი მსახიობი თუ რეჟისორი ახსოვს, სწორედ აქ არის გადაღებული ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმები „ბაში-აჩუკი“ და „დაისი“, რომლის ეპიზოდურ როლებში  სოფლის ახალგაზრდებიც არიან. ამავე სოფელზე გადიოდა საქარავნო გზა, რომელსაც მეციხოვნეები იცავდნენ. ქვეშის ციხე დღესაც ამაყად გადაჰყურებს სოფელ ქვეშს, რომელიც მრავალჯერ დაიპყრო ურჯულო მტერმა თუმცა დღემდე ძირძველ ქართულ სოფლადაა ცნობილი.

სოფლის ისტორია

სოფელი ქვეში ამჟამინდელი ძველი ქვეშის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზე ძველად 14-15 კომლი მეციხოვნე ყოფილა დასახლებული, რომლებიც ციხის ქვემოდან ტანძიისა და დმანისის გავლით, სომხეთისა და სპარსეთის დამაკავშირებელ საქარავნო გზას იცავდნენ. სოფელი რამოდენიმეჯერ გაუნადგურებია მტერს, დარჩენილ მოსახლეობას კი თავი სხვადასხვა ტერიტორიაზე შეუფარებია. ამჟამინდელი სოფელი ქვეში ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, რატევანთან ერთად, XII საუკუნეში ჯავახიშვილების მკვიდრი მამული უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ტერიტორია ჯავახიშვილებს რამდენჯერმე დაუკარგავთ და ისევ დაუბრუნებიათ. XV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე იწყება მეორე ძლიერი ფეოდალური გვარის ქაჩიბიძე-ბარათაშვილების შემოჭრა, მოსახლეობის ინფორმაციით კი ლეკიანობის პერიოდში სოფელი საბოლოოდ ორბელიანებს გადაურჩენიათ, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებიდან ჩამოუსახლებიათ ოჯახები. 1741 წელს ქვემო ქართლის სარდალს ქაიხოსრო ორბელიანს ზურაბ ყაფლანიშვილისგან შეუსყიდია ქვეშის მამული თავისი ციხითა და მიმდებარე ტერიტორიებით. მასვე აღუდგენია და გაუმაგრებია მტრისგან დარბეული ქვეშის ციხე.  ციხე და სოფელი ისტორიაში მოიხსენიება „ქუეშის“ სახელწოდებით. სოფელი თავდაპირველად ციხის ძირში ყოფილა გაშენებული, შემდგომ წლებში კი, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სოფელმა ვაკე ადგილზე გადმოინაცვლა.

ადგილმდებარეობა

სოფელი ქვეში აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 580 მეტრზე მდებარეობს. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია შვიდი კილომეტრით, დასახლებულია ქართული მოსახლეობით და აზერბაიჯანული სოფლები ესაზღვრება.

სახელწოდება

სოფლის სახელწოდება ციხესთანაა დაკავშირებული. სოფელი ძველად ციხის ქვეშ კლდის ძირში ყოფილა გაშენებული, ამიტომ მისთვის ქვეშის ციხე უწოდებიათ.

ქვეშის ციხე

ქვეშის ციხე აღმართულია სოფელ ქვეშის ჩრდილო-დასავლეთით, ცალკე მდგომ მთაგრეხილზე. ციხის გალავანი რამდენჯერმეა აღდგენილი და გადაკეთებული. ძირითადად შემორჩენილია შუა საუკუნეების კედლები, რაზეც მეტყველებს მასში დატანილი სათოფურები, გალავნის კედლის საერთო სიგრძე 20 მეტრია. იგი უშუალოდ კლდეზე საძირკველის გარეშეა გამართული, რომელსაც აქვს 14 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურჯი. კოშკებში შემორჩენილია ბუხრები. კლდეებში დატანებულია სხვადასხვა ჩუქურთმიანი ქვები. დღემდეა შემორჩენილი 5-6 ქვევრი, მათგან ყველაზე დიდი 12-15 ტონიანია. აღნიშნულ ქვევრებს მეციხოვნეები მტრის შემოსევისას წყლის, ფქვილისა და სხვადასხვა პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. „ქვეშის ციხე დახურული ნაგებობაა, რომელიც ძალიან იშვიათია, მას მხოლოდ ერთი გვირაბიდან აქვს შესასვლელი. ამიტომ მტრის შემოსევისას ადვილად ამაგრებდნენ მეომრები, სხვა მხრიდან ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა შიგნით. მახსოვს ახალგაზრდობაში  ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაქტორი ჩაგვივარდა და ასე შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ციხეს საიდუმლო გვირაბი ჰქონია, რომლითაც  ძველი ქვეშის ტერიტორიას უკავშირდებოდნენ. ასევე საიდუმლო გასასვლელი გადიოდა მდინარე გეტას სანაპიროზე, საიდანაც მეომრებს წყალი და თევზი მოჰქონდათ.  ის აუღებელ ციხედ ითვლება. ერთ-ერთი ომიანობის პერიოდში ექვსი თვის განმავლობაში ერტყა მტრის ალყა ციხეს, სადაც მოსახლეობა აფარებდა თავს. ექვსი თვის შემდეგ ციხიდან მეომრებს მათთვის თევზი გადაუყრიათ, რის შემდეგაც მტერი უკან დახეულა. ამ ფაქტით კარგად ჩანს, რომ ციხე საიდუმლო გვირაბით მდინარეს უკავშირდებოდა და საჭმელ-სასმელი არ აკლდათ მეომარ მეციხოვნეებს“. – ამბობს სოფლის მკვიდრი ნუგზარ ალაგარდაშვილი.

ქვეშის ციხე საგუშაგოს ფუნქციას ასრულებდა, რომლის  საშუალებითაც შეიარაღებული მეციხოვნეები აკონტროლებდნენ მაშავერასა და ხრამის ხეობებს. მტრის შემოსევის დროს კი  სპეციალური საცეცხლურებით სოფელს მოახლოებული საფრთხის შესახებ ამცნობდნენ მეციხოვნეები. XVII საუკუნეში კი სოფლის აოხრების შემდეგ საგუშაგოს ფუნქცია დმანისმა გადაიბარა.

სალოცავები

სოფელში სამი სალოცავია, აქედან ორი  – წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიები მოქმედია. წმინდა ნიკოლოზის პატარა, დარბაზული ეკლესია ციხის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნაგებია მოყვითალო ფერის მოზრდილი კვადრატებით. კედლებში  ჩატანებულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვები.  „მახსოვს ბავშვობაში ოჯახის უფროსები და ახლობლები ღამისთევით ავდიოდით ციხის ტაძარში, აგვქონდა ლოგინი, შეშა, სპეციალურ საცეცხლურებში ვანთებდით ცეცხლს და მთელ ღამეს ლოცვაში ვატარებდით. მოგეხსენებათ ძველ დროს რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა იზღუდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეკლესიაში ღამისთევით ასვლა“. – ამბობს სოფლის მკვიდრი ნუგზარ ალაგარდაშვილი.

ციხის ძირში  მეორე მოქმედი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, სადაც  მოძღვარი მამა შიო მსახურობს.

სოფლის განაპირას კი წმინდა ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარია შემორჩენილი. აღნიშნულ ნაეკლესიარში ძველად უამრავი მომლოცველი დადიოდა, ამბობენ უშვილოები და მძიმე სენით დაავადებულები მიდიოდნენ სალოცავად.  იქ მისვლისას ულამაზეს მოჩუქურთმებულ, თაღოვან კედლის ფრაგმენტზე ახლად დაღვენთილი სანთლის ნარჩენები და სანთლები დაგვხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომლოცველები დღემდე დადიან წმინდა ბარბარეს ტაძრის ნაკვალევზე.

„ახალგაზრდობაში ფეხები ძალიან მაწუხებდა პრაქტიკულად სიარული არ შემეძლო, თვეობით ვიწექი საავადმყოფოში, მაგრამ მედიცინა ჩემს შემთხვევაში უძლური იყო, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ და ვერ ამოეხსნათ თუ რატომ ვერ ვდგებოდი ფეხზე. ერთ დღეს კი დედაჩემს დაესიზმრა ვიღაც ქალი, რომელსაც უთქვამს, რომ  წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევებზე  თეთრი მამალი დაეკლა ჩემს სახელზე და ელოცა ჩემი გამოჯანმრთელებისთვის, კარგად მახსოვს ზამთრის სუსხიანი დილა გათენდა, ირგვლივ თოვლი იდო. მართლაც იმ დილით წამიყვანეს მოსალოცად, დავკალით თეთრი მამალი, ავანთეთ სანთლები და ვილოცეთ. ორ-სამ დღეში ნამდვილი სასწაული მოხდა, ტკივილიც შემიმსუბუქდა და ფეხზეც დავდექი, იქიდან მოყოლებული ყოველ წელს მიგვყავს თეთრი მამალი და ტაძარს ვწირავთ“. -ამბობს სოფლის მკვიდრი რეზო მამულაშვილი.

ბერები

სოფელ ქვეშში, მაშავერას ხეობაში, ფეხით მიუვალ, მუხის ხეებში ჩაფლულ კლდოვან რელიეფზე გამოქვაბულია. ქვეშელების ინფორმაციით თურმე მრავალი წლის წინ იქ ბერები ცხოვრობდნენ და იმ მიუვალ ადგილიდან ერს და ღმერთს ემსახურებოდნენ.

დღევანდელობა

სოფელი ქვეში ამჟამად 35 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, სადაც 144 კომლი, 485 მოსახლე ცხოვრობს. ძველად ძირითად გვარებს ხუციშვილები და ციხელაშვილები წარმოადგენდნენ, რომლებიც შემდეგ ურუმაშვილებმა, ბასილაშვილებმა, ალაგარდაშვილებმა, მამულაშვილებმა და წამალაშვილებმა ჩაანაცვლეს. სოფელში ამჟამად ადმინისტრაციული ერთეული, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა, სამედიცინო კაბინეტი, საბავშვო ბაღი, რიტუალების სახლი და ძველი კლუბი ფუნქციონირებს, სადაც დღესდღეობით ადგილობრივები ცეკვასა და ჩონგურზე დაკვრას ეუფლებიან.  კლუბის შენობაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გასულ წლებში სოფლის პროგრამით სარწყავი წყლის პრობლემა გადაიჭრა, მიმდინარე წელს კი, მოსახლეობის თხოვნით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება კლუბის შენობის გარემონტება და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა.

აღსანიშნავია, რომ სოფელს ჰყავს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირი (ჯამბულ)ირაკლი ურუმაშვილი, რომლის სახელზეც ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში მისივე სახელობის სკვერი გააკეთეს და ამჟამად მათთვის თავშეყრის ერთადერთ  ადგილს წარმოადგენს.

მოსახლეობა ძირითადად მემინდვრეობა-მესაქონლეობით ირჩენს თავს.

ნინო კარგარეთელი

მარინა გავაშელი

გაზეთი „ბოლნისი”  25 მაისი, 2016წ.

13233472_873429999453283_970569225_n 13236056_873429472786669_2117231920_n 13236329_873431742786442_1513687723_n 13246042_873432716119678_336369978_n 13246064_873433472786269_1155474950_n 13249324_873432502786366_1137250082_n 13277933_873431102786506_1263680768_n


Share.

Comments are closed.