თაფლის კლდეები და ფრინველი აკაური – სამი ეროვნების ხალხის თანაცხოვრება

0

სოფელი

12325642_926654794115930_2076724825_o„გაზეთი ბოლნისი“ ერთ-ერთ უძველეს ქართულ სოფელს ესტუმრა, ამჯერად აკაურთაზე გიამბობთ, რომელიც ქალაქ ბოლნისიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე მაშავერას მარცხენა მხარეს მდებარეობს. ქვით ნაშენი ძველი სტილის სახლები მაღლობზეა შეფენილი, რომელთაც ერთმანეთისგან ქვით შემოღობილი მიწის ნაკვეთები ჰყოფს. კლდოვან ვიწრო ქუჩებს უძველეს ეკლესიასთან მიჰყავხართ, სადაც წყაროა და წყლის ჭურჭლით ხელში მდგარ მოსახლეობას შეხვდებით. სოფლის ქვედა ნაწილში მცხოვრებთ წყალი სახლებში აქვთ შეყვანილი, ზედა ნაწილის მოსახლეობა კი სასმელ წყალს ვირებითა და ურიკების საშუალებით ეზიდება. სარეცხსაც ხშირ შემთხვევაში წყაროს ცივ წყალზე რეცხავენ, შუა ცეცხლს, ან შეშის ღუმელებს ანთებენ და საოჯახო საქმეებს საკმაოდ რთულ პირობებში ასრულებენ. თავკაცები კი სოფლის ცენტრში იკრიბებიან, თავს ბანქოსა და დომინოს თამაშით იქცევენ, ჩაის მიირთმევენ და სოფლისა და ქვეყნის ამბებს ერთმანეთს უზიარებენ. სოფლელები ძირითადად მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს. 625 000 კმ-ზე მდებარე ძირძველი ქართული სოფელი დღესდღეობით ძირითადად აზერბაიჯანელებს უკავიათ. ისტორიულ წყაროებში სოფელი ზოგ შემთხვევაში IV-V, ზოგან V-VI საუკუნეებით თარიღდება და ერთ- ერთ უძველეს ქართულ სოფლად მოიხსენიება. „აკაურთა უძველესი ქართული სოფელია, სადაც თავდაპირველად მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ. შემდეგ, დაახლოებით XIX საუკუნეში, სომხებიც ჩამოუსახლებიათ. გადმოცემით ვიცი, რომ ერთ-ერთ სომეხ მებატონეს, რომელსაც დღესდღეობით არსებულ სკოლის შენობაში ჰქონია სასახლე, რამდენიმე აზერბაიჯანული ოჯახი დმანისიდან ჩამოუსახლებია, რომლებიც სოფელში მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ეწეოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მათ თავიანთი ახლობლები, ნათესავები ჩამოუყვანიათ და ასე გამრავლებულან და დამკვიდრებულან სოფელში. დღესდღეობით კი ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ“, -ამბობს სოფლის ყოფილი მკვიდრი გოდერძი მიქელაძე. წლების განმავლობაში სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა მეგობრულად ცხოვრობდნენ, მრავალი წლის მანძილზე ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქართველებმა და სომხებმა ნელ-ნელა სოფლის დატოვება დაიწყეს, რისი მიზეზიც სოფელში არსებული პირობები გახდა. 1975-1976 წლებში სოფელში ქართული სკოლა დახურულა, სოფლის დატოვების უმთავრესი მიზეზი ქართველი მოსახლეობისთვის სწორედ ეს გამხდარა. 1991 წელს ამ პროცესის შესაჩერებლად მაშინდელი სოფლის გამგებლის ინიციატივით, სკოლაში ქართულენოვანი სექტორი გახსნილა, რომელიც ორ წელში კვლავ გაუქმებულა. ამჟამად აკაურთის საჯარო სკოლაში 1450-მდე მოსწავლე ირიცხება და სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე ცოდნის მისაღებად ბავშვები სოფლიდან ქალაქ ბოლნისის საჯარო სკოლებში დადიან. ამჟამად სოფელში საგანმანათლებლო კერას სკოლა წარმოადგენს, უფუნქციოდაა დარჩენილი სოფლის კლუბი, სადაც ერთი ოთახი ოჯახის ექიმს აქვს დათმობილი. გასულ წელს სოფლის პროგრამით აქ რიტუალების სახლი აშენდა. 2012 წლიდან კი აკაურთის მეღორეობის კომპლექსი „აბდჯორჯია“ ფუნქციონირებს. სოფელში ძირითად პრობლემას უწყლობა, უგაზობა და მოუწესრიგებელი შიდა გზები წამოადგენს. „ 6-7 თვეა რაც ამ სოფელში ვცხოვრობთ, ნორმალური საცხოვრებელი პირობებია, აზერბაიჯანელებს და ქართველებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძირითად პრობლემას წყლის ხელით ზიდვა გვიქმნის, დღეში 500 ლიტრ წყალს ურიკით ვეზიდებით. ვფიქრობ მილი ვიყიდო და ღამე დავაერთო ჭურჭლის ასავსებად. 200-300 მეტრი რეზინის მილის ყიდვა კი საკმაოდ ძვირი ჯდება“, -ამბობს ჯიმი აქულაშვილი. „საქართველოში აკაურთა ერთ- ერთი ინტერნაციონალური სოფელია, არ გვაქვს წყალი და გაზი, მოუწესრიგებელია გზებიც, კარგი იქნება ტაძრამდე მისასვლელი გზა რომ დააგონ, სადაც შაბათ-კვირას ბევრი ხალხი იყრის თავს“, – ამბობს ვაგიფ ნაბიევი. არსებულ პირობებს ვინც ვერ შეეგუა, წლების წინ დატოვა სოფელი, მათ შორისაა ალი ხალილი, რომელიც 50 წელია ბაქოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. „პირველი აზერბაიჯანელი მოსწავლე ვიყავი, რომელმაც ბოლნისის №1 საშუალო სკოლაში განათლება ქართულად მივიღე. დედა ქართველი მყავდა, გვარად ბახტაძე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია წავედი, ქართველებთან კარგი და მყარი ურთიერთობა მაქვს. კარგად მახსოვს დედის მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები, რასაც დღესაც არაჩვეულებრივად ამზადებს ჩემი მეუღლე და თავს ხშირად ვიწონებთ სტუმრებთან. გენები თავისას შვებაო, იტყვიან ხოლმე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი შვილიშვილები ქართულად მღერიან“, -ამბობს ალი ხალილი. სწორედ საქართველოს სიყვარულმა და ქართულმა გენებმა განაპირობა ის, რომ ალი ხალილმა 2015 წელს აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი გამოუშვა. „ამ ქვეყანაში სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით უნდა დაიმკვიდრო თავი. ლექსიკონი იმის ნიშნად გამოვუშვი, რომ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობის ხიდი კიდევ ერთხელ გავავლო, ბედნიერი კაცი ვიქნები, თუ ერთ აგურს მაინც დავდებ ჩვენი მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად“. ჩვენი რესპონდენტი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ერთ ისტორიასაც იხსენებს: რამდენიმე წლის წინ სოფელში ქართველი კაცი გარდაცვლილა, რომლის ოჯახის წევრებიც თბილისში ცხოვრობდნენ, ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა კი მიცვალებული ქართული მართლმადიდებლური ტრადიციებით გააპატიოსნეს, მოამზადეს სარიტუალო პროცედურები და ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით დაახვედრეს. მსგავსი თანადგომა ქართველების მხრიდანაც არა ერთხელ დაფიქსირებულა. აკაურთა რომ ერთ-ერთი უძველესი სოფელია, აქ არსებული ეკლესიის ნანგრევები და სოფლის ირგვლივ შემორჩენილი სასაფლაოებიც ადასტურებს. როგორც აქ მცხოვრებნი ამბობენ ყველა შემაღლებულ ადგილზე სალოცავები ჰქონიათ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განადგურებულა და დღესდღეობით 7-8 ეკლესიის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ამჟამად სოფელში ერთი მოქმედი ტაძარია, რომელიც V-VI საუკუნეებით თარიღდება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრად ხსენებული დარბაზული ეკლესია აგებულია სოფლის შუაგულში, მთის კლდოვან კალთაზე, ნაშენია დიდი ქვათლილებით. ეკლესიის კედლები შემკულია ჩუქურთმებით. მრავალჯერ იქნა რესტავრირებული, საბოლოო სამუშაოები კი რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. ქვით მოპირკეთდა ეზო, განახლდა გალავანი, აშენდა კედლები და პატარა სალოცავი. ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვებს დეკანოზი ბასილ ახვლედიანი აღავლენს. სოფლის შუაგულიდან კარგად ჩანს კლდოვანი რელიეფი, რომელსაც ადრე ქართველები თაფლის კლდეებს ეძახდნენ, ადგილობრივების გადმოცემით აღნიშნულ კლდეში დიდი ხნის წინ ველური ფუტკარი ბუდობდა და თაფლიც უხვად მოიპოვებოდა, თურმე კლდეების მახლობლად დიდი ტყე ყოფილა, სადაც ინდაურის მსგავსი ფრინველი სახელწოდებით აკაური ბუდობდა, სწორედ ამ ფრინველის სახელთანაა დაკავშირებული სოფლის სახელწოდება აკაურთა.

მარინე გავაშელი

ნინო კარგარეთელი

გაზეთი „ბოლნისი” 16 თებერვალი, 2016წ.

12674798_926649867449756_963217026_o 12695338_926654740782602_239955088_o 12696327_926650730783003_343797539_o 12696476_926649030783173_2117542436_o 12696638_926649147449828_867890828_o 12696642_926650747449668_1888690042_o 12696786_926648827449860_7026171_o 12698964_926653750782701_1833335461_o 12698972_926648934116516_1626903811_o 12722300_926655360782540_248465813_o 12736925_926654804115929_38307176_o


Share.

Comments are closed.