ბოლნისის სიონის მეზობლები – სომხურ – აზერბაიჯანული თანაცხოვრება

0

სოფელი

12986680_852359661560317_1307230843_oგაზეთი “ბოლნისი” კიდევ ერთ, ულამაზესი ხედებით გარშემორტყმულ სოფელს ესტუმრა. ,,აქ ისეთი დალოცვილი, მადლიანი მიწაა, სულ რომ არაფერი გაგაჩნდეს, მშიერი არ მოკვდები. თოვლი დადნება თუ არა, პირველი ია ბოლნისში, თბილისსა და ერევანში აქედან გადის, მერე იას მოჰყვება კობჩხილო, ღიმი, შვინდი, მაყვალი და სოკო რაც უხვადაა ჩვენს მინდვრებში. ბუნების ეს საჩუქარი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა ადგილობრივებისთვის“, ასე ახასიათებენ ჩვენი მასპინძლები საკუთარ სოფელს. დალოცვილ ადგილზე, სიონისა და წუღრუღაშენის მადლით მოცულ მიწაზე „ბოლნის-ხაჩინი“ – ამჟამად კი ,,სოფელ ბოლნისად’’ წოდებული სომხური დასახლებაა, რომელსაც შერეული მოსახლეობით, სომხურ-აზერბაიჯანული სოფლები ესაზღვრება. სოფელი ბოლნისი თავის ისტორიას 1770 წლიდან ითვლის.

სოფლის ისტორია

,,ბოლნისი-ხაჩინი“ ამჟამად კი სოფელ ბოლნისად წოდებული ძირითადად სომხური დასახლებაა, ისტორიას 1770 წლიდან ითვლის. ამ ტერიტორიაზე 70-იან წლებში, აზერბაიჯანელებისა და სომხების კონფლიქტის გამო, მთიანი ყარაბახიდან 12 ოჯახი საქართველოში ჩამოსახლდა, მათი ნაწილი ბოლნისში, ნაწილი კი თეთრი წყაროს რაიონში დასახლებულა. სომხურ ოჯახებს ერეკლე მეფისგან მიწის ნაკვეთები ნახევარ ფასად შეუსყიდიათ. შრომისმოყვარე ხალხი მიწათმოქმედებითა და დაუღალავი შრომით მალევე წელში გამართულა. მათ თავიანთი ახლობლები ჩამოუყვანიათ და ასე გაშენებულა სოფელი. „ყარაბაღსა და ბოლნისში ზუსტად ერთნაირი კლიმატი და ჰავაა, ბუნებაც მსგავსია, რის გამოც სომხებს აქ დამკვიდრება და შეგუება არ გასჭირვებიათ. ბევრი შრომით აქ მცხოვრებნი ისე გაძლიერდნენ, რომ ბატონები გახდნენ. ისინი ასობით ჰექტარ მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ, სადაც მოჰყავდათ მარცვლეული და ბოსტნეული, გაშენებული ჰქონდათ ვენახები. მისდევდნენ მესაქონლეობას. 1929 წელს კი მათთვის მთავრობას მიწები ჩამოურთმევია, მხოლოდ მცირე ნაწილი დაუტოვეს საკუთრებაში“, – ამბობს სოფლის მკვიდრი შალვა სოლომონიანი. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წინათ მხოლოდ ერთეულები ფლობდნენ, 90-იან წლებში მთავრობამ იჯარით გასცა, რომლებსაც დღემდე ამუშავებენ სოფლელები. სახელწოდება აქ ჩამოსახლებულ სომხებს სოფლისთვის ხაჩინი დაურქმევიათ. ხაჩინი სომხური სიტყვა „ხაჩ“-დან არის წარმოებული, რაც ჯვარს ნიშნავს. რამდენიმე წლის წინ სოფელს ქართული სახელი ,,სოფელი ბოლნისი“ დაერქვა, თუმცა მას მოსახლეობა დღემდე ორივე სახელწოდებით მოიხსენიებს.

ადგილმდებარეობა

სოფელი ბოლნისი მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდინარე ბოლნისის წყალის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 620 მეტრზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფელში ამჟამად 552 ოჯახია რეგისტრირებული, აქედან 524 სომხური, 28 კი აზერბაიჯანული ოჯახია. ურთიერთობები სოფელში მცხოვრები ოჯახების უმეტესობას სომხები წარმოადგენენ, რომლებსაც მრავალწლიანი უკონფლიქტო თანაცხოვრება აკავშირებთ მეზობელ აზერბაიჯანელებთან. როგორც ადგილობრივებმა გაზეთ „ბოლნისთან“ საუბრისას აღნიშნეს, ისინი პატივს სცემენ როგორც ქართველების, ისე აზერბაიჯანელების რელიგიას, კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას. სომხები ხშირად მიწვეულები არიან აზერბაიჯანულ დღესასწაულებზე, ასევე პირიქით. რითაც შეუძლიათ ეხმარებიან და მხარში უდგანან სოფელში არსებულ მონასტერში მყოფ დედებს და ტაძრის მსახურებს.

ტრადიციები

-მიუხედავად იმისა, რომ სოფელი რამდენიმე საუკუნისაა, აქ მცხოვრებნი განსაკუთრებით პატივს სცემენ და ინარჩუნებენ მთიანი ყარაბაღის ტრადიციებს, რომელსაც ბევრი ქართული ტრადიციაც შემატეს. ქორწილის ცერემონიალს ქართველების მსგავსად ატარებენ. ბევრი მათგანი ინათლება ქრისტიანულად, მართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს. ღვინოსაც ქართული ტრადიციებით აყენებენ. ჩვენდა გასაკვირად, ოჯახის დიასახლისმა ჩურჩხელა შემოგვთავაზა და თან აღნიშნა, რომ ჩურჩხელა სომხური ტრადიციული ტკბილეულია, რომლის დამზადებაც ყარაბახში ისწავლეს. წარმოუდგენელია სომხური ტრადიციული სუფრა ტოლმის, სომხური ქადის, კორკოტისა და ღორის ბარკლის გარეშე. ამავდროულად ისინი ყოველ წელს გერმანული ტრადიციით ამზადებენ ვიჩინას და ქართულ ღვინოს.

ხაჩინის წიწაკა – „სომხური შოკოლადი“

სოფელი ბოლნისი საფირმო მწნილით მთელს საქართველოშია ცნობილი, ეგრეთწოდებულ ხაჩინის წიწაკის მწნილს ქვეყნის ნებისმიერ ბაზარში შეხვდებით, რომელსაც ხუმრობით სომხურ შოკოლადსაც ეძახიან, სოფლის მოსახლეობის უმეტესობა თავს ამ ბიზნესით ირჩენს. „ჩვენი წიწაკა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გადის, რომელიც საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესად არის ქცეული. მახსოვს ბავშვობაში ძალიან ბევრ წიწაკას ვკრეფდით და მეზობლები ვიკრიბებოდით გასარჩევად. ტომრებში წიწაკასთან ერთად კანფეტებს და ხილს ვყრიდით, რაც ბავშვებისთვის მუშაობას სახალისოს ხდიდა. ჩანგლით წიწაკის მაგივრად ზოგს კანფეტი ამოჰყვებოდა, ზოგს ატამი,“ ღიმილით იხსენებს სოფლის მკვიდრი მარინა ანანიანი. დღეს კი ჩანგალი თანამედროვე წიწაკის საჩხვლეტმა შეცვალა, რაც მუშაობას უმსუბუქებს სოფლელებს. ყოველ სეზონზე სოფელში ტონობით წიწაკა მოჰყავთ.

სოფელი დღეს

სოფელში ამჟამად ადმინისტრაციული ერთეული, ბიბლიოთეკა, ამბულატორია, კარატეს წრე, ღაზაროს აღაიანის სახელობის მუზეუმი, რიტუალების სახლი და სომხურენოვანი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 260 მოსწავლე ირიცხება. ასევე სოფელში არის საბავშვო ბაღი, რომელიც გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთწლიანი ხელშეკრულებით გახსნა, მიმდინარე წელს კი ბაღი ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აგრძელებს. დღესდღეობით სოფელს არაერთი საამაყო პიროვნება ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული ექიმები, პროფესორები, ბიზნესმენები არიან. მაგალითად სომხეთის სპორტის მინისტრის მოადგილე, ევროპის ჩემპიონი ძიუდოში არტურ გალუსტიანი, წარმოშობით სოფელ ბოლნისიდანაა. სოფლელები დღემდე სიამაყით აღნიშნავენ, რომ ჰყავთ სამამულო ომის გმირი აბავერ როსტომიანი, რომლის ობელისკიც ადგილობრივებისთვის დღემდე საპატივცემულო ადგილად ითვლება. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას, მემინდვრეობას, მევენახეობას მისდევს. გასართობ და თავშეყრის ადგილს კი სოფლის შუაგულში ეგრეთწოდებული ბირჟა წარმოადგენს.

სიონი

სოფლის შესასვლელში, ცენტრალურ გზაზე უძველესი საკათედრო ტაძარი, ბოლნისის სიონი მდებარეობს. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა სოფელ ბოლნისში 478- 479 წლებშია აგებული. ეკლესიის გვერდით. სამხრეთ-დასავლეთით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ტაძარში სამეუფეო წირვა-ლოცვებს ბოლნელ მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემთან ერთად მამა ბესარიონი და მამა თეოდორე აღავლენენ. ტაძრის ეზოში არსებულ კელიებში ოთხი დედაო და ერთი მორჩილი მსახურობს. ,,27 წელია ამ ტაძარში ვმსახურობ და შესაბამისად კარგად ვიცნობ ამ სოფლის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია, კონფლიქტი არ გვქონია ერთმანეთში, რიდითა და პატივისცემით არიან განწყობილი მოძღვრის მიმართ. პატივს სცემენ ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციებს. პირადად მე, არაერთი სომეხი და აზერბაიჯანელი მ ო მ ი ნ ა თ ლ ა ვ ს მ ართლ მ ად იდ ე ბლ ურ ად . რაც შეეხება ტაძარს, ვფიქრობ ყველა ქრისტიანმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ძეგლია სიონის საკათედრო ტაძარი. თუმცა გასულ წლებში არქიტექტურულად შეისწავლეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და იგეგმება არქეოლოგიური გათხრების დაწყება, რის შედეგადაც შესაძლოა კიდევ მეტი მნიშვნელობა შეიძინოს ტაძარმა.“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა ბესარიონმა.

ღაზაროს აღაიანი

სოფელში წარმოშობით ხაჩინელი სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის სახლ- მუზეუმი ფუნქციონირებს. მწერლის იუბილე სოფელში ყოველწლიურად მასშტაბ ურად აღინიშნება. სომეხი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ღაზაროს აღაიანი 1840 წლის 4 აპრილს სოფელ ბოლნისში დაიბადა, მის კალამს ეკუთვნის უამრავი ლირიკული ლექსი, პოემა, საბავშვო ზღაპარი, რომანი და თხზულება. მწერალს ნათარგმნი აქვს პუშკინისა და კრილოვის ნაწარმოებები. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისთვის. ასევე არის სომხურ ენოვანი ,,დედაენის“ ავტორი.

სოფლის არქიტექტურა

სოფლის ძველ უბნებში არქიტექტურას გერმანული კვალი დღემდე კარგად ეტყობა. გერმანული სტილის, ღრმა სარდაფებით, კრამიტით გადახურული, თაღოვანი კარებებითა და ფიცრული აივნებით სახლები დღემდე ძველი იერსახითაა შემორჩენილი. მოსახლეობის თქმით, ამ ტერიტორიაზე წლების წინ გერმანელ კოლონისტებს უცხოვრიათ, სწორედ ამან განაპირობა სახლების გერმანული არქიტექტურით აშენება. სოფლის გარკვეული ნაწილი კი ამბობს, რომ სომხებმა გერმანული სტილი ბოლნისიდან გადმოიღეს. ახალ უბნებში კი გაცილებით თანამედროვე სახლებია აშენებული. სოფლამდე მისასვლელი გზა გასულ წლებში მოასფალტდა, მოწესრიგებულია შიდა გზები, გარე განათება, სოფლის პროგრამით სოფელში ფუნქციონირება დაიწყო რიტუალების სახლმა. მიმდინარე წელს კი ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგება.

ავტორები: მარინა გავაშელი ნინო კარგარეთელი

გაზეთი „ბოლნისი” 28 აპრილი, 2016წ.

12988199_852356958227254_720170769_n 12999502_852355698227380_1606610866_o 13010244_973731266074949_190455016_o 13036317_973721832742559_24767994_o 13054499_973728942741848_61210942_o 13054719_973731366074939_2104778757_o 13054766_973722019409207_1456896273_o 13062569_973721872742555_1244182951_o 13062587_973731056074970_826468161_o 13073204_973722059409203_448564860_o


Share.

Comments are closed.