პედაგოგების ოჯახი სოფელ ბალიჭიდან

0

14453923_1088799817901426_1083100713_oრუბრიკა „სოფლის“ ფარგლებში ბალიჭს ვესტუმრეთ. ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთ ოჯახს მივადექით. გვითხრეს აქ ცხოვრობს ბატონი კოტე, რომელიც ფლობს ყველანაირ ინფორმაციას სოფლის შესახებო. კარი მისმა ქალიშვილმა ქეთიმ გაგვიღო და შინ შეგვიპატიჟა. ბატონი კოტე მეუღლესთან ერთად ყანაში იყო წასული, თუმცა ჩვენი თხოვნით შინ მალევე დაბრუნდნენ. დავიწყეთ საუბარი და აღფრთოვანებული დავრჩი ამ ორი ადამიანით. ერთ პატარა სოფელში, სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი ასაკოვანი ადამიანების მიღმა დიდი ინტელექტი, განათლება, სიბრძნე, სითბო და ადამიანობა აღმოვაჩინეთ, რამაც სურვილი გამიჩინა თქვენთვის გამეცნო ეს ოჯახი. სოფლის ისტორიაზე საუბრის დასრულების შემდეგ, ვთხოვე მათ თავიანთ ცხოვრებაზეც მოეთხროთ, რაზეც ჩაფიქრდა ბატონი კოტე, თავმდაბლობის გამო საკუთარ თავზე საუბარი ეუხერხულა, თუმცა ჩვენი თხოვნის შემდეგ დაგვთანხმდა.
-ჩემზე რა უნდა მოგიყვეთ, ერთი უბრალო ადამიანი ვარ. დავიბადე 1945 წელს სოფელ ბალიჭში, საკმაოდ ხელმოკლე, მრავალშვილიან ოჯახში. მამა ხელოსანი იყო, კასრებს აკეთებდა. მყავდა ხუთი დედმამიშვილი. ძალიან გაჭირვებული ცხოვრება მქონდა, თუმცა ის წლები მაინც ტკბილად მახსენდება. დავამთავრე საშუალო და გავაგრძელე სწავლა. მინდოდა სატყეო ტექნიკუმში ჩაბარება. დედას კი სურდა, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავი, ალბათ ისევ დედის სურვილმა იქონია გავლენა და ჩავაბარე პედაგოგიურზე. ამაზე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია… წავედი მისაღებ გამოცდაზე, წესით ყოველთვის პირველი გამოცდა ქართული წერა იყო. მივედი და აღმოჩნდა, რომ სრულიად შემთხვევით დაინიშნა უცხო ენის გამოცდა. ავნერვიულდი, რა ვქნა, ინგლისურის გაგებაში არ ვარ.
შევედი, წაიკითხეო მითხრეს, დავიწყე კითხვა, მაგრამ რას ვკითხულობ კაცმა არ იცის. ახალგაზრდა! რატომ ხარ ასე სუსტად მომზადებული? მკითხა დამსწრემ. ვუპასუხე სკოლაში სპეციალისტი არ გვყავს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზითქო. კარგი, სამიანს დაგიწერთო. ყოველთვის მეცინება მაშინდელი ჩემი სითავხედე, როცა მახსენდება, მაგრამ ვუპასუხე სამიანი რომც დამიწეროთ, მაინც ვერ ჩავირიცხები მაგ ნიშნითთქო. ბიჭოო, გადაირია ნოდარ ბადრიაშვილი, უყურე ერთი შენო. მერე დაფიქრდა და მითხრა:
მე ახლა გიწერ ოთხიანს, კარგი ახალგაზრდა ჩანხარ, მაგრამ წადი, იყიდე ბონკის სახელმძღვანელო და დაიწყე სწავლა თავიდან, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთსო. მართლაც ჩავირიცხე და ბატონი ნოდარი მიკითხვადა ლექციებს. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა დღეს პედაგოგი რომ ვარ. არაჩვეულებრივი თანაკურსელები მყავდა. შემდეგ წავედი სამხედროში, დაბრუნებისთანავე გავაგრძელე სწავლა, თან სოფლის სკოლაში დავიწყე მუშაობა. მეშინოდა, ყოველთვის ერთი რამის, არ შევრცხვენილიყავი ჩემი მოსწავლეების მშობლებთან. მეშინოდა ეთქვათ არაფერი იცისო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მუდამ თავაწეული ვყოფილიყავი ჩემი ცოდნით“, სიამაყით იხსენებს ბატონი კოტე თავის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და სკოლაში გატარებულ წლებს. აკეთებდა ყოველთვის მაქსიმალურს და მუდამ იყო ღირსეული პედაგოგი, მრავალი წელი იმუშავა, როგორც თავად ამბობს, უძლიერეს და უდიდეს პედაგოგებთან ერთად სოფელ ბალიჭის სკოლაში. დღეს კი გული სტკივა იმის გამო, რომ სკოლა დაიხურა და თავადაც უმუშევარი დარჩა.

14455807_1088800594568015_1887275710_o
„განათლების ფასი არაფერია ამ ქვეყანაზე. ქვეყანა, რომ ძლიერი იყოს, სოფელი უნდა იყოს მყარად ფეხზე, ახალგაზრდობა უნდა იყოს ნასწავლი. ჩვენთან კი სკოლა ერთი ხელის მოსმით დაიხურა, რაც დიდი ტრაგედიაა. გული მტკივა, როდესაც მახსენდება იქ გატარებული წლები. უძლიერესი სკოლა გვქონდა, დიდებული პედაგოგებით დაკომპლექტებული, მრავალი თაობა აღიზარდა ჩვენს ხელში“.
-ბატონო კოტე, როგორ შედარებას გააკეთებდით მაშინდელ და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის?
– ჩემი თაობა სულ სხვა იყო, ჩემი მოსწავლეები კიდევ სხვა პერიოდში იზრდებოდნენ, ახლა კი რადიკალურად განსხვავებული თაობაა. თუმცა განათლებული და უსწავლელი ყოველთვის იყო, არის და იქნება. მოსწავლეებს მუდამ ვასწავლიდი და დღევანდელ ახალგაზრდებსაც მინდა ვუთხრა: მხოლოდ გარეგნობა ნუ მოგატყუებთ, დაელაპარაკეთ და პირს რომ გააღებს, მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. მთავარია რას იტყვის ადამიანი და რა შეგნებით იტყვის. მიხარია, რომ ასეთი განათლებული ახალგაზრდა ბევრია დღევანდელ თაობას შორის. არაა აუცილებელი ყველას დიპლომი ჰქონდეს, ყველა პროფესორის ოჯახში იზრდებოდეს, მთავარია სწორად იყოს აღზრდილი. დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნიკური პროგრესია კომპიუტერი. კი, კარგია, უსაზღვრო ინფორმაციაა ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ წიგნს ვერასდროს შეგიცვლით.
-თქვენი სამაგიდო წიგნი რომელია?
-წიგნი? წიგნი ყველაფერია ჩემთვის, პირველი წიგნი არის ბიბლია, მაგრამ პირადად ჩემთვის სათაყვანებელი წიგნი მაინც ვეფხისტყაოსანია.
-თქვენს მეუღლეზე რას გვეტყვით? მოგვიყევით როგორ დაოჯახდით.
-ოო ეს ისეთი თემაა (იცინის)…მაინც რა იყო ეს გარიგება…
-ანუ გარიგებით შეირთეთ ქალბატონი დარეჯანი?
-ხო, მაშინ ასე ხდებოდა ძირითადად. ერთ დღეს მოდის ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილი და მეუბნება: კოტე ერთი კარგი გოგო ვნახეო. მერე მე რა ვქნა თქო? რას ქვია რა უნდა ქნა და უნდა გაიცნოო. ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე მართლაც მივსულიყავი გასაცნობად. ვნერვიულობდი, მეშინოდა მშობლები როგორ შემხვდებოდნენ. მაგრამ გავიცანი, მომეწონა და მალევე შევუღლდით.
-ქალბატონო დარეჯან, ასე ადვილად გაყევით უცხო ადამიანს?
-მოვიდა გამოწყობილი შარვალ-კოსტუმში, ხავერდის პალტოში, განათლება და დიპლომიც ჰქონდა და მეც მეტი რა მინდოდა. (იცინის).
-ჩემი აზრით, გარიგებით შექმნილი ოჯახი, ცოტა რთულია, როგორც ვხედავ ძალიან შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ხართ.
-ახლა რომ ვუფიქრდები, მართლა არ მომწონს გარიგება, მაგრამ მაშინ უცხო ნამდვილად არ იყო. ვნერვიულობდი რა თქმა უნდა, მაინც სოფელი იყო, როგორ შეეგუებოდა აქ ცხოვრობას და ა.შ. მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ ავირჩიე ცხოვრების მეგზურად ეს ქალბატონი. ყველაზე მეტად მისი ხასიათი და სიდინჯე მაოცებს ყოველთვის. არ მავიწყდება ის მძიმე წლები, როდესაც მას დაუდგინდა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, ეს იყო ყველაზე საშინელი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. წავედით მოსკოვში ოპერაციის გასაკეთებლად. უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. ვტიროდი, განვიცდიდი, აღარ ვიცოდი რა მექნა. დარეჯანი კი დინჯად, მშვიდად მოდიოდა, მაოცებდა მისი მტკიცე ხასიათი.
-მართლა ასეთი მშვიდი ხართ?
-დარეჯანი: მშვიდი და მებრძოლი ხასიათი მართლა მაქვს, მაგრამ იმ წლებში ბევრი ტანჯვა გავიარე. როგორ არ განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. შევისწავლე ყველაფერი ჩემს დაავადებაზე, ვიმკურნალე. 3-4 წლის მანძილზე, სამ თვეში ერთხელ ჩავდიოდი მოსკოვში სამკურნალოდ და ფაქტია რომ დავამარცხე. ეს მართლაც უფლის ნება იყო.

14455713_1088801411234600_1848136261_o
კოტე ბერიძე 24 წლის ასაკში ბოლნისელ დარეჯან ბეჟანიშვილზე გარიგებით დაოჯახდა. „ის არის შესანიშნავი მეუღლე, არაჩვეულებრივი დედა, ბებია და კარგი პედაგოგი“. ასე ახასიათებს ის თავის მეუღლეს. ქალბატონი დარეჯანი მტკიცე ხასიათის მებრძოლი სულის ადამიანია. ის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარი 60 მანეთით გაემგზავრა ასტრახანში, ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა მათემატიკურზე, დაუღალავი შრომის შედეგად მიიღო კარგი განათლება, არის უძლიერესი მათემატიკოსი, დამსახურებული პედაგოგი ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებს. მუდამ სწავლობდა როგორც პროფესიულ, ისე საოჯახო საქმეებს. მისთვის ოჯახი და საზოგადოება უპირველესია ცხოვრებაში.
„ვსწავლობდი ყველაფერს, ჩემი თავი მე თვითონ აღვზარდე. სახარჯო ფულს რომ მაძლევდნენ მშობლები მივდიოდი და წიგნებს ვყიდულობდი. ჩემი სიმდიდრე ამ სახლში ბიბლიოთეკაა“, ამბობს დარეჯანი. არის არა რბილი და ლმობიერი, არამედ მკაცრი ბებია. თავისი მკაცრი მიდგომებით ფიქრობს, რომ სწორად აღზარდა სამივე შვილი, რომლებსაც მისცა უმაღლესი განათლება და დააყენა სწორ გზაზე. ახლა კი ზრუნავს შვილიშვილებზე, დიდ როლს თამაშობს მათ სწავლა-განათლებაში.
ბატონ კოტეს და ქალბატონ დარეჯანს ჰყავთ სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. „არ ვართ ფუფუნებაში, ვცხოვრობთ ისე როგორც ყველა, მაგრამ კმაყოფილი ვართ ჩვენი ცხოვრებით, ჩემი ერთადერთი ნატვრა შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილის კარგად ყოფნაა. მინდა რომ მუდამ სწორ გზაზე იარონ“, – ამბობს ქალბატონი დარეჯანი.
-ბატონო კოტე, ამბობთ ოჯახში კაცი ქალზე ერთი საფეხურით მაღლა უნდა იდგესო, ცდილობთ თქვენ იდგეთ ერთი საფეხურით მაღლა?
– ჩვენ ვცდილობთ გავუგოთ ერთმანეთს. ყოველთვის ვინაწილებდით ოჯახის საქმეს. ერთად ვზრდიდით შვილებს და დღესაც სიბერეში ის მუდამ ჩემს გვერდით არის. მოტეხილი ხელით, ავადმყოფი ქალი თოხს რომ აიღებს ხელში იმიტომ, რომ მე დამეხმაროს, იმიტომ რომ ერთად გავინაწილოთ ოჯახის საქმე, აღარ ეცდები რაიმე კუთხით იდგე ერთი საფეხურით მაღლა. ხან მე ვუთმობ, ხან ის და ასე. თუ რამეზე გაბრაზდა და ხმას აუწია მე შევახსენებ ხოლმე: ქალბატონო დარეჯან თუ შეიძლება ტონს დაუწიეთთქო (იცინის).
აი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც გადავწყვიტეთ მათზე გიამბოთ. ეს არის ორი შეხმატკბილებული პედაგოგის იშვიათი ოჯახი სოფელ ბალიჭში, რომლისთვისაც მთავარია სწავლა და განათლება. მათი ერთადერთი ქონება მიღებული ცოდნა, სახლში არსებული ბიბლიოთეკა და შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონი კოტე ამავე სოფლის დამაარსებლის იასე ბერიძის შთამომავალია. აქედან გამომდინარე, მას დიდი ისტორია აკავშირებს სოფელთან, რომლის დატოვებაც ძალიან უჭრს, თუმცა შექმნილი პირობების გამო, შესაძლოა მალე საცხოვრებლად თბილისში გადავიდეს.
ნინო კარგარეთელი

გაზეთი „ბოლნისი”

30.09.2016


Share.

Comments are closed.