,,ზუსტად მახსოვს, ერთდროულად ვტიროდი და ვიცინოდი, ყველას ვუსურვებ, გამოსცადოს ეს შეგრძნება“

0

14483648_926704127473472_414295427_nრუბრიკის სტუმარი დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახლა უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ოქროს მედალოსანი და ასპროცენტიანი გრანტოსანი ლანა ექიზაშვილი გახლავთ. ის არის ასევე ბოლნისის ეტალონის გამარჯვებული. ,,ეტალონი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ეს იყო პერიოდი, როცა ჩემით ყველა ამაყობდა, განსაკუთრებით კი – სკოლა. მახსოვს, საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე საერთო სურათს ვიღებდით, წინ უამრავი ფოტოგრაფი გვედგა, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩემ გვერდით დადგა და ზუსტად 2 წამიანი დიალოგი გვქონდა. მან მითხრა, რომ ხვალიდან ძალიან პოპულარული ვიქნებოდი და ასეც მოხდა,“აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლანამ. გავიდა ცოტა ხანი და ლანას მორიგმა წარმატებამ მასში უსაზღვრო ემოცია გამოიწვია, ეს იყო ეროვნული გამოცდების შედეგები, ლანა ასპროცენტიანი გრანტით მოეწყო მისთვის საოცნებო უნივერსიტეტში ,,ზუსტად მახსოვს, ერთდროულად ვტიროდი და ვიცინოდი. ყველას ვუსურვებ, გამოსცადოს ეს შეგრძნება“. მიუხედევად ამ ყველაფრისა იგი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი გაუკეთებია და ახლა სწორედ დროა, რომ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს.14442726_926704130806805_1802382539_n
მე ვარ… – ლანა ექიზაშვილი.
დავიბადე… – კაზრეთში.

ვიყო ოქროს მედალოსანი და ასპროცენტიანი გრანტოსანი ჩემთვის ნიშნავს… _ თავდაჯერებულობას, რაც ასე მაკლდა მთელი ცხოვრება. მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია _ მონდომება, შრომა და რისკი.
კომპიუტერი თუ წიგნი _ კომპიუტერი,რომელიც წიგნის ფუნქციებთან ერთად სხვა უამრავი საჭირო ნივთის დანიშნულებას ითავსებს და მეტად მრავლისმომცველია.
საყვარელი საგანი _ლიტერატურა
საყვარელი პედაგოგი _ ია ფირცხალავა
საყვარელი მწერალი _ არ მყავს
წიგნი, რომლის წაკითხვაც არასოდეს მოგბეზრდება _ ასეთი ბევრი წიგნი არსებობს, რადგან ვფიქრობ, რომ კონკრეტულ წიგნს სხვადასხვა ასაკობრივ ჭრილში განსხვავებულად აღვიქვამთ, შესაბამისად, ნებისმიერ აქამდე წაკითხულ წიგნს წავიკითხავ კიდევ ბევრჯერ და ეს არ მომბეზრდება.
არ ვიცი და მინდა ვიცოდე… ფრანგული ენა.
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო… მოგზაურობა და უცხოეთში გათხოვება, რაზეც ახლა ძალიან მეცინება.
ახლა კი ვოცნებობ… _ მოგზაურობის სურვილი ახლაც დიდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე უბრალოდ ჯდომა და რამეზე ოცნება სისულელეა, რადგან თუ გინდა, რაიმეს მიაღწიო და სურვილი აიხდინო, თავად უნდა ისწრაფოდე ეს განახორციელო.
ჩემი ცხოვრების მიზანია…მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან.
მიხარია…- როცა სხვებს ვაძლევ ბედნიერების მიზეზს.
მწყინს…._ როცა ირგვლივ ვერ მამჩნევენ.
ჩემზე ამბობენ რომ…_ ჩემს ზურგს უკან რას ამბობენ, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ჩემამდე არასდროს მოუღწევია.
თავისუფალ დროს ვატარებ_ უკვე კურსელებთან ერთად. გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ისეთივე შეხედულებები და ინტერესები აქვთ, როგორიც მე. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მეტად სასიამოვნოა, ვიდრე მასთან, ვისაც შენი საერთოდ არ ესმის.
სამომავლო გეგმები… ჩემს გეგმებში ჯერ მხოლოდ სწავლა შედის. ისეთ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც მოდუნების საშუალება არ მექნება, ასე რომ, ახლა ნაკლებად მაქვს იმის დრო, სხვა გრძელვადიან გეგმებზე ვიფიქრო.

რუბრიკა მოამზადა
ნინო კარგარეთელმა

გაზეთი „ბოლნისი”
30.09.2016


Share.

Comments are closed.