„ზუსტად და სიფრთხილით თუ არ გავთვალე ყოველი დეტალი, ნამუშევარი სრულყოფილი არ გამოვა“

0

14438917_1088802411234500_518073532_oრამდენიმე წელია ნინო რეხვიაშვილის ხელნაკეთი ჩანთები და სხვადასხვა სახის აქსესუარები უცხოელ ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თვითონ ამბობს, საკუთარ ნამუშევრებს მთელი წელი აგროვებს და „ზაფხულის სეზონზე“ რეალიზაციას ერთიანად ახდენს. ნინო ჩანთებს და აქსესუარებს საკუთარი ხელით ქმნის და უძველესი ქართული ტრადიციული ორნამენტებით ამკობს. მისი ნამუშევრები დატვირთულია ფშავ-ხევსურული ფრაგმენტებითა და რელიგიური კომპოზიციებით. ახალგაზრდა შემოქმედი, აქსესუარების გარდა მისთვის საყვარელი და გამორჩეული პიროვნებების პორტრეტებსა და სხვადასხვა ფილმის პერსონაჟებსაც ქარგავს. რუბრიკის მომზადებისას დავით აღმაშენებლის პორტრეტზე მუშაობდა. დიდი პასუხისმგებლობით, სიზუსტითა და ფრთხილი ხელის მოძრაობით ნინო ფიქრობს, რომ ეს პორტრეტი საუკეთესო და გამორჩეული გამოვა.
ქართული ტრადიციული საქმიანობა ნინომ მოდისა და დიზაინის სახლში „ლეონში“ შეისწავლა, თუმცა ამ დარგის მიმართ ინტერესს, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა, მაინც გენეტიკას აბრალებს.
-ნინო, როდის დაიწყე ქარგვა და ხატვა?
-ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ადრეული ასაკიდან მცირე ზომის ტილოებზე მარტივი ორნამენტებით ვხატავდი და ვქარგავდი, შემდეგ თანდათან ვზრდიდი მოცულობას და ვართულებდი ფრაგმენტებს.
-ხელჩანთების და აქსესუარების შექმნა როდის დაიწყე?
-სკოლა რომ დავამთავრე სწავლა მოდისა და დიზაინის სახლში „ლეონში“ გავაგრძელე. იქ შევისწავლე სხვადასხვა აქსესუარების, ხელით შექმნა და შემკობა.
-როგორც ვიცი, შენი აქსესუარებით ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან დაინტერესებული.
-კი, მათ ძალიან მოსწონთ ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით თუ ის ქართული ტრადიციული ელემენტებითაა შემკული. მთელი წელი ვმუშაობ და ვაგროვებ ჩემს აქსესუარებს და ერთ-ერთ მაღაზიაში ვაბარებ, იქ კი ერთიანად ხდება მათი რეალიზაცია უცხოელებზე, გაყიდული თანხით ისევ ახალი ნივთის შესაქმნელად მასალას ვყიდულობ.
-აქსესუარების შექმნის გარდა თუ ხარ კიდევ რამით დაკავებული?
-კი, ვხატავ და ვქარგავ სურათებს. ამჟამად დავით აღმაშენებლის პორტრეტზე ვმუშაობ. როგორც კი დავასრულებ, ძალიან მინდა თამარ მეფის სურათი მოვქარგო.
– რთულია მუშაობა?
-რთული და თან საპასუხისმგებლო, რადგან ამ დარგმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდეა შემორჩენილი, უწინ ქალისთვის ეს ხელსაქმე აუცილებელიც ყოფილა, დღეს კი სამწუხაროდ, მას არც თუ ისე ბევრი მიმდევარი ჰყავს.
– რა დროს ანდომებ ერთი კონკრეტული ნივთის შექმნას?
-გააჩნია აქსესუარებს, ორი-სამი კვირა, სურათებს კი თვეებსაც ვანდომებ.
-გაქვს შენთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ნამუშევარი?
-არა ყველა ერთნაირად მიყვარს, უფრო მათი შექმნის პროცესი, თითოეულ მათგანს მთელ ჩემს დროსა და ენერგიას ვუთმობ, ზუსტად და სიფრთხილით თუ არ გავთვალე ყოველი დეტალი, სრულყოფილი არ გამოვა, ამიტომ ვცდილობ მათში სული და გული ჩავდო და ჩავაქსოვო.
– როგორ თვლი, ყოველთვის სრულყოფილი გამოგდის?
-რა თქმა უნდა არა, ხშირად დასრულებამდე მიყვანილი ნაქარგი დამიშლია და ხელახლა დამიწყია მისი ამოქარგვა, რაღაც გამომრჩენია, ისე არ გამომსვლია, როგორც მქონდა ჩანაფიქრი, თუმცა მეორე მცდელობაზე კარგი გამომსვლია.
-როგორც უკვე ახსენე შენი ნამუშევრებით უცხოელები არიან დაინტერესებული, აქ თუ გაქვს შემოთავაზებები?
-კი, არაერთ გამოფენა-გაყიდვაზე მიმიღია მონაწილეობა. ამ ბოლო დროს ბოლნისში არტ-გენის გახსნაზე ვაჟა-ფშაველას ნაქარგი პორტრეტი მქონდა გატანილი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მყიდველიც ბევრი გამომიჩნდა, თუმცა არ გავყიდე, ვერ გავიმეტე.
-ხელსაქმის გარდა სხვა რით ხარ დაკავებული?
-სულ ახლის და ახლის ძიებაში ვარ, ხატვის წრეზეც კი დავდივარ, მინდა ხატვაც სრულყოფილად შევისწავლო. ასევე ვკითხულობ, ძირითადად ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს, ვუსმენ კლასიკას და ცოტა დროს მეგობრებთანაც ვატარებ.
მარინა გავაშელი

გაზეთი „ბოლნისი”
30.09.2016

14438753_1088802671234474_145977340_o 14438798_1088802687901139_1288304620_o 14446492_1088802474567827_905207353_o 14446520_1088802511234490_397042780_o 14453891_1088802974567777_952403507_o


Share.

Comments are closed.