მზის შვილები

0

13413666_355551307901948_8445993392022476536_nჩვენ მომავლიდან მოვდივართ, ჩვენ მზის შვილები ვართ და უფრო მაგრად გვიყვარს დედამიწა, რატომ? იმიტომ რომ უამრავ ფერს ვხედავთ, ჩვენთვის ღიმილი სავიზიტო ბარათია, ჩახუტება მისალმებაა, სიყვარული კი მარადიულად თანმდევი. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ ადამიანებო. ასეთი სითბო იგრძნობა თითოეული მათგანისგან, ასეთ სიყვარულს დაინახავ მათთან ურთიერთობისას, დამიჯერეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებთან ურთიერთობისას მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მათი შემოქმედებითი სული საზღვრებს სცილდება.
ლუკა, 9 წლის:
-ყველაზე მეტად ვინ გიყვარს ლუკა?
-დედა და მამა, ჩემი მასწავლებელიც.
-სკოლა?
– ისე რა.
-საგანი?
-მათემატიკა, კარგად ვუმატებ ციფრებს ერთმანეთს და ამიტომაც მიყვარს.
-ვინ უნდა გამოხვიდე დიდი რომ იქნები?
-(იცინის)პოლიციელი, ცუდ ადამიანებს დავიჭერდი.
-რამდენი ფერია სამყაროში ლუკიჩ?
-ფერები? ფერები ბევრია, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ფერია, ყველას თავისი ფერი აქვს.
კახი, 13 წლის:
-ფეხბურთზე დადიხარ კახი?
-კი, ძალიან მიყვარს, გოლის გატანა უფრო მეტად.
-ბევრი გოლი გაგიტანია?
-უამრავი, მამა ამბობს ჩემგან მაგარი ფეხბურთელი გამოვა.
-გიხარია?
-მაგრად მიხარია.
-საყვარელი გუნდი?
-„სიონის“ ფანი ვარ, სხვებიც მიყვარს, მაგრამ ჯერ „სიონმა“ უნდა გაიმარჯვოს ყოველთვის. ეს ძალიან მაგარია.
-რატომ გიყვარს ასე „სიონი“?
-(გაკვირვებული თვალებით) როგორ? მე ბოლნისელი ვარ აბა ვინ უნდა მიყვარდეს.
ანი, 9 წლის:
-ანი რამდენ ენაზე საუბრობ?
-მე? ინგლისური, რუსული, ქართული, ყველა მიყვარს.
-ხატვაც გიყვარს ესეც ვიცი.
-კი, მიყვარს, ფერებიც მიყვარს, შენც მიყვარხარ დაჯი.
-მეც მიყვარხარ ანი, თან ძალიან, ძალიან.
-იცი დაჯი მზეს რა ლამაზი თვალები აქვს? დიდი და ფახულა თვალები. დედა მეუბნება მზეს გავხარო. მე და მზეს ერთნაირი თვალები გვაქვს. მიყვარს მზე. მე მზის შვილი ვარ.
მერაბიკო, 6 წლის:
-მე მერაბიკო ვარ, სკოლაში მივალ და ბევრი მეგობარი მეყოლება, ძალიან ბევრი, დავხატავთ, ვისწავლით, ვიხუმრებთ.
-ახლა არ გყავს ბევრი მეგობარი მერაბიკო?
-(ფიქრობს) ახლა? არა, ახლა არა, ბაღში მივდივარ, მაგრამ სულ ვჩხუბობ ბავშვებთან.
_რატომ ჩხუბობ?
-სათამაშოებს არ მაძლევენ, ყველა სათამაშო მინდა და ისინი მებუტებიან. არ შეიძლება ჯერ ჩემი იყოს ყველა და მერე მაგათი? წიგნები მიყვარს, ლამაზი ხატულა წიგნები. ჩიტებიც მიყვარს, პეპლებიც. შენ გიყვარს პეპლები?
-კი, მიყვარს.
-(მოიწყინა) იცი, პეპლები მხოლოდ ერთი დღე ცოცხლობენ. მე მინდა რომ მათ დიდხანს იფრინონ.
ლიკა, 8 წლის:
-მე წვიმაში მიყვარს სირბილი ძალიან, რომ ვსველდები, წვიმა ღმერთის შექმნილია იცი? ყველაფერი ღმერთის შექმნილია, მეც, შენც, ცაც, დედამიწაც. ღმერთს ყველა უყვარს. იცი რატომ მიყვარს წვიმა? წვიმის წვეთები ცრემლებს გავს. მე როცა ავად ვარ დედა ტირის ხოლმე და სწორედ ასეთი წვეთები აქვს სახეზე. წვიმაც დედას ცრემლები მგონია.
-ლიკა მზე არ გიყვარს?
-კი, მზეც მიყვარს, კიდევ იცი რა, ცაზე რომ აფერადდება ხოლმე (სახელი ვერ გაიხსენა).
-ცისარტყელა ლიკა?
-ჰო, ცისარტყელა, შენ არ გიყვარს?
-კი, მეც მიყვარს.
-ეგაც ღმერთმა შექმნა, ჰო.
-კი ასეა, სამყარო ღმერთმა შექმნა და თითოეული ჩვენგანიც.
_თითოეული რას ნიშნავს?
-ერთ ადამიანს.
-შენ ერთი ადამიანი ხარ ჰო, მეც.
ასეთია სამყარო, სადაც ეს უსაყვარლესი პატარები ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ანათებს მზე, სადაც მხოლოდ უყვართ და სიძულვილი აზრადაც არ მოსდით, სადაც სიყვარული აბრუნებს დედამიწას, რადგან თვით ღმერთია დასაბამი და დასასრული სიყვარულისა.

დარეჯან ოქრუაშვილი

13423992_355551504568595_6340735874406775902_n 14799826_1111152515666156_35773987_o 14813110_1111152408999500_229640991_o


Share.

Comments are closed.