„უნდა იგრძნო შინაგანი ხმა, საით მოგიწოდებს უფალი და გაჰყვე მას უკუნისამდე”

0

ოჯახი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ცხრა სულისგან შედგება მამა კონსტანტინეს ეკუთვნის და დღეს ისინი ჩვენი მასპინძლები არიან. ქრისტინე, ილია, ანდრია, ბარბარე და ყველაზე პატარა, სამი თვის ლაზარე (რომელიც ოჯახის გულთბილ ფუსფუსში თითქოს სრულფასოვნად მონაწილეობს და გულისყურით გვათვალიერებს). სიცოცხლით და მორჩილებით სავსე მეუღლე ქეთევანი, დედა, ძმა ლევან კობახიძე და ქეთევანის ბებია- არცთუ ხანმოკლე აუდიენცია ბავშვების მოკრძალებული ცელქობის ფონზე წარიმართა, შემდგომ მრგვალი მაგიდა, ცხელი ყავა, საგულდაგულოდ გაშლილი სუფრა და მშვიდი, სიყვარულით გაჯერებული საუბარი. არ ვიცი რამდენად სწორად ჩავერთე ამ საოცარ გარემოში, მაგრამ რატომღაც მეთერთმეტე ჟამის მუშაკი გამახსენდა, ,,უსარგებლოა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის” და ჩემებურად: ამაოა ყოველივე, სადაც ასეთი სიყვარული, სიმრავლე, თავმდაბლობა, ბედნიერი და გაბრწყინებული სახეები არ სუფევს (მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა, რომელიც ხუთშვილიან ოჯახს, ბუნებრივია, თავზე საყრელად ექნება)
ის ხორცშესხმულ ღმერთზე ამბებს ადრე ბავშვობიდან ისმენდა, აღმსარებელი და მაზიარებელიც ადრიდანვე გახდა, ბერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მიწიერი საზრუნავებისთვის გარდაცვალება ვერ შეძლო და ვერ აიღო ბერობის მძიმე ჯვარი, მერე სამხედრო სამსახურმა აგვისტოს ომის ქარცეცხლშიც მოახვედრა…ეს მსუბუქი არ იყო, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს: ,,უმჯობესია თავის დროზე ოფლი დაღვარო, ვიდრე მერე სისხლი”. ,,უნდა იგრძნო შინაგანი ხმა, სად მოგიწოდებს უფალი და უნდა გაჰყვე მას უკუნისამდ“ე- ამბობს მამა კონსტანტინე, სწორედ უფლის ხმას აყოლილი მოძღვარი დღეს ბოლნისის ეპარქიაში მოღვაწეობს, უფლის წყალობით ჰყავს ხუთი შვილი და უძღვება დიდ ოჯახს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს და მრევლს, ემსახურება სასულიერო სკოლის აღსაზრდელების სულიერებას, ჰყავს ასევე ერთგული საძმო-სამეგობრო.
მღვდელი კონსტანტინე (კობახიძე) დაიბადა 1985 წლის 27 აპრილს, ქალაქ ზესტაფონში, მამა ბესარიონ კობახიძე (გარდაიცვალა 2009 წელს) დედა- მანანა ლომიძე (კობახიძე), ძმა ლევან კობახიძე, მეუღლე ქეთევან გაბლიშვილი და ხუთი შვილი, ქრისტინე, ილია, ანდრია, ბარბარე და ლაზარე კობახიძეები, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბოლნისის ეპარქიაში.
-მამაო, როდის და როგორ გაგიჩნდათ სარწმუნოებისადმი მოკრძალება?
-ზაფხულის არდადეგებზე სოფელში ვისვენებდით ხოლმე ბავშვები, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი იმ დროს, როდესაც ერთმა მეგობარმა სახარების და ქრისტეს შესახებ გვიამბო, ჩემში იმ დღიდან ქრისტეს ძიება დაიწყო, რადგან ის გვიყვებოდა სულის უკვდავებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე, ის გვიყვებოდა ხორცშესხმულ ღმერთზე, რომელიც ჩვენს გადასარჩენად იყო მოსული, ეს იყო ჩემს გულში ღვთის სიტყვის დათესვა, რამაც ტაძრამდე მიმიყვანა, აღმსარებელი და მაზიარებელი გამხადა, ჩემი სულიერი გარდატეხა განაპირობა ჩემმა პირველმა მოძღვარმა, (მღვდელი ლაზარე ვარდოსანიძე) რომელიც მამობრივი მზრუნველობით და სიყვარულით მზრდიდა, მასწავლიდა და მიქადაგებდა ქრისტეს შესახებ, სასუფევლის შესახებ, ცოდვის და იმ ეკლიანი გზის შესახებ, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვლოს გოლგოთის გზის მსგავსად. იმდენად აქტიურად ვიყავი ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართული, რომ მე-10 და მე-11 კლასში აღარ მივლია, მივატოვე ჩემი საყვარელი სპორტი (რაგბი) და ჩემი პიროვნება მთლიანად ღმერთს დავუთმე. ეტაპობრივად ვეცნობოდი მონასტრულ ცხოვრებას, რადგან მხიბლავდა ბერული სული, ხშირად ვსტუმრობდი ძამის ხეობის მონასტრებს, სადაც გავიცანი ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი, ამჟამდ ჩვენი ეპარქიის მოქმედი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მახსოვს მეუფის სიტყვები, როდესაც სასულიერო სემინარიაში ვაბარებდი: დარჩი ჩვენთან, სემინარიას და აკადემიას აქ გაგატარებთო, ეხლა ვხვდები მეუფისეული სემინარია და აკადემია რას მოიცავდა, ეს სიმშვიდეს, მორჩილებას, ერთგულებას, სულის სიწმიდეს და სიყვარულს ნიშნავდა, რომლის უბადლო მაგალითის მომცემი მეუფე ეფრემია თავისი ცხოვრებით, სიტყვით და საქმით.
– საერო ცხოვრებაში მოღვაწეობდით ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში, მოგვიყევით ორ რადიკალურად განსხვავებულ სფეროზე
-ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა ბერობასა და ერისკაცობას შორის, თუკი ბერობას გადავწყვეტდი, რაც ესე ძალიან მიზიდავდა, გააზრებული მქონდა დამეტოვებინა ყველაფერი, რაც ჩემს უკან იყო, უნდა გარდავცვლილიყავი ყოველივე მიწიერი საზრუნავებისათვის და ვშობილიყავი სულიერი მოღვაწეობისათვის, რაც ანგელოზებრივ ცხოვრებას ნიშნავდა, ამისათვის მამზადებდა კიდეც ჩემი მოძღვარი, მაგრამ უკან დავიხიე, ვერ ავიღე ის მძიმე ჯვარი, რასაც ბერობა ნიშნავს. მცირე ცხოვრებისეული პაუზის შემდეგ თავი სამხედრო სამსახურს დავუთმე, ვიყავი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც, გარკვეული წინსვლები მქონდა სამხედრო საკარიერო თვალსაზრისით, ბოლო სამი წელი კი ქალაქ ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ერთ-ერთი კურსის უფროსი ინსტრუქტორი ვიყავი, სამხედრო სამსახურმა დიდი გამოცდილება მომცა და კარგად მახსენდება იქ გავლილი წლები, მართალია ეს მსუბუქი არ იყო და ბევრი ოფლი გვაქვს დაღვრილი, მაგრამ უმჯობესია თავის დროზე ოფლი ღვარო, ვიდრე სისხლი. რაც შეეხება გზას კადეტთა ლიცეუმიდან მღვდლობამდე, რადიკალური იყო მათთვის, ვინც ჩემს ცხოვრებას არ იცნობდა, ადამიანის ცხოვრებაში ბევრი ხილული და არახილული სასწაულები ხდება, უნდა იგრძნო შინაგანი ხმა, სად მოგიწოდებს უფალი და გაჰყვე მას უკუნისამდე.
– ქუთაისიდან ბოლნისში ჩამოხვედით, როგორ დაგხვდათ ბოლნისი და ბოლნისელები?
-ვიდრე ბოლნისში ჩამოვიდოდი, თბილისის მეტეხის ტაძარში დეკანოზ ტარიელ ჟღენტთან ვმედავითნეობდი, რომელიც ჩემი მეორე მოძღვარი გახდა, ის ჩემი მამიდაშვილია, გამოცდილი და ძლიერი მოძღვარია, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია მეუფე ეფრემთან ბოლნისის ეპარქიაში, მეუფემ დიდი სიხარულით და სიყვარულით მიგვიღო, რამდენიმე თვეში კი მეუფე მის უწმიდესობასთან ილია მეორესთან წარმადგინა სადიაკვნედ, რათა კურთხევა აგვეღო, უწმიდესმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა და მალევე ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ხელი დამასხა დიაკვნად, აქედან იწყება ჩემი სულიერი მოღვაწეობა, თუკი ამას მოღვაწეობას დავარქმევთ. ბოლნისელების დახვედრას რაც შეეხება, ძალიან თბილად და გულისხმიერად დამხვდნენ, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და მათმა სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ოჯახით გადმოვედი საცხოვრებლად ბოლნისში.
– რა მნიშვნელობა აქვს ოჯახს თქვენთვის და როგორ აფასებთ ქრისტიანული ოჯახის როლს ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში?
-საქორწინო კავშირი არის არა მხოლოდ ფიზიკური ერთიანობა, არამედ ცოლ-ქმრის შინაგანი, სულიერი მთლიანობა, რაც აუცილებელია ურთიერთშემწეობისათვის მორალური სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში, ამიტომ ოჯახის ერთობა ქორწინებით დაკავშირებული და ამგვარად, ღვთისაგან ნაკურთხი, ადამიანთა ურთიერთობის საუკეთესო ფორმა იქნება, თუ თითოეულ პიროვნებას გაცნობიერებული ექნება ქორწინების ზნეობრივი მიზანი და ამ მიზნისკენ სწრაფვის აუცილებლობა. “ისმინეთ ესე, ქმრებო, ისწავლეთ ცოლებო“, – ამბობს ოქროპირი და მიუთითებს აბრაამისა და სარას წმინდა ცხოვრებაზე, – ყველამ უნდა მივბაძოთ მათ. დაე, ქმარი ცოლისთვის იყოს ყველაზე ძვირფასი, ხოლო ცოლი – ქმრისთვის ყველაზე საყვარელი. ქალი მეუღლის თანამოაზრე უნდა იყოს, ამაზეა დამოკიდებული მთელი სამყაროს კეთიდღეობა. რადგანაც მსოფლიოში უამრავი ქალაქია, ქალაქები ოჯახებითაა დასახლებული, ხოლო ოჯახი – ცოლი და ქმარია. როდესაც მათ შორის რაიმე უთანხმოებაა, ეს აუცილებლად აისახება საზოგადოებაზე, ხოლო მისი გართულებული ვარიანტი შეიძლება საზოგადოებრივი კონფლიქტის, ან უარეს შემთხვევაში, ომის სახითაც მივიღოთ. ქორწინება შეიძლება იყოს როგორც დიდი უბედურების, ასევე დიდი სიკეთისა და კეთილდღეობის სათავე. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: “ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა” (ეფეს. 5,22). რატომ ენიჭება ამას ასეთი მნიშვნელობა? პასუხი ცალსახაა: როდესაც მეუღლეები ურთიერთშეთანხმებულად ცხოვრობენ, სწორად ზრდიან შვილებს – ეს მეზობლებზე, მეგობრებსა თუ ნათესავებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დგება და ომის დროს ჯარის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოებით გამოწვეულ აურზაურს ემსგავსება.
როდესაც პავლე მოციქული განმარტავს: „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი – ქმარს“, წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: მოციქულმა ამად ბრძანა: „ჯეროვან სიყვარულს მიაგებდეს ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს, რომ ცოლ-ქმარს შორის არცერთი არ არის მთავარი, არამედ ერთი მეორის მონაა. ამიტომ თუკი დაინახავ მეძავს, რომელიც გხიბლავს და ცოდვის ჩასადენად გიბიძგებს, უთხარ: სხეული ჩემი, ჩემი როდია, არამედ ჩემს ცოლს ეკუთვნის. ეტყვის ცოლიც მისი სიწმინდის შემბღალავთ: ჩემი სხეული ჩემი როდია, არამედ ჩემი ქმრის“. ძველი და ახალი აღთქმის სხვა ადგილიც ქმარს ანიჭებს უპირატესობას: „ქმრისაკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (დაბ. 3,16).
წმინდა პავლე მოციქულიც წერს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,25-33). აქ სხვა არაფერი იგულისხმება, გარდა ერთმმართველობისა. რატომ? რადგან იგი საუბრობს ცოლის სიწმინდეზე, ხოლო მეორე მხრივ, ქმარი როდი ფლობს საკუთარ სხეულს, არამედ ცოლი. თანაბარი უფლებები, არავითარი უპირატესობა, როგორც ვხედავთ. „ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით“ (1 კორ. 7,5). ეს რაღაა? ნურც გადაუხვევს, – ამბობს იგი – ცოლი ქმრის ნება-სურვილის გარეშე და ქმარიც ცოლის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ამგვარი თვითნებობიდან მომდინარეობს უდიდესი უბედურება, ვნებათაღელვანი, სიმრუშენი, ოჯახების ნგრევა და სამართლიანადაც ბრძანა: ნუცა განეშორებით, რამეთუ მეუღლეთაგან ერთ-ერთის შეუთანხმებლობა გამოიწვევს განშორებას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი მათი ურთიერთგაგებისა და ურთიერთშეთანხმების დროს.
მე კი ვმადლობ ღმერთს, რომ ჩვენი ოჯახი ჭეშმარიტ სიყვარულზე და ურიერთგაგებაზეა დაფუძნებული და კარგად გვესმის მისი საიდუმლოს არსი,
– სასულიერო სკოლაში მოღვაწეობთ, რით განსხვავდება ის სხვა სკოლებისგან?
-მეუფე ეფრემის კურთხევით, მეორე წელია რაც იოანე ბოლნელის სახელობის საპატრიარქო სკოლაში მოძღვრის ფუნქცია-მოვალეობებს ვასრულებ, საჯარო სკოლებიდან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, ჩვენთან და ჩვენი ტიპის სკოლებში გაცილებით ჯანსაღი და სულიერი გარემოა შექმნილი მოსწავლეთათვის, ვიდრე ეს საჯარო სკოლებშია. ბავშვები პატარაობიდან სწავლობენ ლოცვებს, წმინდათა ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიას, ბიბლიას, გაჭირვებულთა დახმარებას, ერთმანეთის პატივისცემას და ურთიერთ სიყვარულის გამოვლენას, რაც ესოდენ დიდ განსხვავებას გვაძლევს საჯარო სკოლებთან შედარებით.
– თქვენ მოღვაწეობთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამას ალბათ თქვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ადამიანებს ძალიან სჭირდებათ სულიერი მოძღვრის თანადგომა, სწორი რჩევა-დარიგება.
-მღვდლად კურთხევის შემდეგ მეუფე ეფრემმა ბოლნისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დამადგინა მღვდელმსახურად, ეს ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მოვალეობაა, რაც კი ცხოვრებაში მქონია, რადგან საქმე ადამიანის სულს ეხება, ეს ძალზედ სათუთი და მგრძნობიარე ურთიერთობაა, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დააზიანო ადამიანის სული, არამედ უნდა უმკურნალო მას, უნდა მიიტანო ღვთის სიტყვა მის გულამდე, უნდა აღუძრა სინანულის გრძნობა და ცოდვათა განცდა, როგორც მწყემსი კეთილი, ესევე უნდა იყო ქრისტეს მრევლისთვის, უნდა ემსახურო უპირველესად ღმერთს და ადამიანს, მუდამ უნდა გახსოვდეს ქრისტეს სიტყვები, როდესაც მოციქულებს მიმართა: უძლურთა განკურნებდით, მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმენდდით, ეშმაკთა განასხმევდით, უსასყიდლოთ მიგიღებიეს და უსასყიდლოთ მისცემდით!
-რას ნიშნავს თქვენთვის მრევლი, მაინც რა აწუხებს დღეს მრევლს?
-მრევლი ჩემთვის ეს არის გზა ცხოვრებისა და გზა ცხონებისა, ჩვენ ერთი მიზან-სწრაფვა გვაქვს, რომელიც სასუფევლის დამკვიდრებაა, ეს ერთი დიდი ოჯახია, ერთი გულის ცემაა და ერთი ქრისტესმიერი სიყვარულით უნდა ვიყოთ შეკრულნი. სიყვარული, რომელიც ესე ძალიან გვიჭირს და სატკივარი თუკი რაიმე გვაქვს, ეს საწყისად, სიყვარულის ნაკლოვანებაა.
– მამაო, შობის მარხვა გვიდგას, რა არის მარხვის სულიერი დანიშნულება და სარგებელი?
-ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული, მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცოცხალი, როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა.
-მამაო, რა გასწავლათ ცხოვრებამ?
თუკი ცხოვრებაში ცხოვრების მომცემელ ღმერთს მოვიაზრებ, ვისწავლე, რომ ვაკეთო სიყვარული -სიყვარულის წილ, სიყვარული -სიძულვილის წილ, სიკეთე -სიკეთის წილ და სიკეთე -ბოროტების წილ.
-ახალი წელი მიულოცეთ სრულიად საქართველოს, დედა ეკლესიას, ბოლნისს და ბოლნისელებს
-ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს, ჩვენი დედა ეკლესიის საჭეთ-მპყრობელს, მის უწმიდესობას ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს მეუფე ეფრემს, ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებს და ბოლნისის თითოეულ მოქალაქეს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ქრისტეში ერთობას, ამინ.


ბელა ონიანი

გაზეთი „ბოლნისი”

25 დეკემბერი, 2016წ


Share.

Leave A Reply