„ვინც არ იცის რა პირობებში ვმუშაობთ მათთვის ადვილია, ჰგონიათ აქ ბედნიერად ვცხოვრობთ”

0

ქართველები საზღვარგარეთ

საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქართველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი უკეთესი მომავლის იმედით მიემგზავრებიან, ზოგი სამუშაოდ, ზოგი სასწავლებლად. უმეტესობისთვის  უცხო მიწაზე ცხოვრება გაუსაძლისია, ზოგს იქ ურჩევნია, სადაც კარგად არის და ასე შემდეგ… ემიგრანტ ქართველებს შორის ძალიან ბევრი ბოლნისელია, რომელთა შესახებ ამბების გაგება ალბათ ბევრ მათ ახლობელს, ნაცნობს და თუნდაც უბრალოდ, ბოლნისელს  გაუხარდება, ამიტომ ,, გაზეთი ბოლნისი“ აგრძელებს რუბრიკას _ ,, ქართველები საზღვარგარეთ“, რომელიც გიამბობთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბოლნისელებზე, მოგითხრობთ მათ სიხარულზე, ტკივილზე და სამომავლო გეგმებზე.

რუბრიკის სტუმარი  ერთ-ერთი ემიგრანტი დედაა, რომელიც გაუსაძლისმა გაჭირვებამ იძულებული გახადა მიეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი, ოჯახი, შვილები და სრულიად უცხო ქვეყანაში გამგზავრებულიყო, ისევ და ისევ უკეთესი მომავლის იმედით.

ჩვენ ამჯერად სოფელ ტანძიის ერთ-ერთი ლამაზი ოჯახის დიასახლისს, არაჩვეულებრივ პედაგოგს, მზრუნველ დედასა და მოსიყვარულე, შვილიშვილების სითბოს მონატრებულ ქალბატონ მარინა ბექაურს ვესაუბრეთ.

ქალბატონი მარინა 18 წლის ასაკში დაოჯახდა.  ჰყავს ორი შვილი ხათუნა და ვეფხია დემურაძეები.  მუშაობდა სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში დაწყებითების პედაგოგად. 9 წლის წინ გაემგზავრა საბერძნეთში,მაგრამ დაბრუნების დღე როდის დადგება ჯერაც არ იცის.

– გამარჯობა ქალბატონო მარინა, თუ შეიძლება გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს განვლილ ცხოვრებაზე…

_რა გითხრათ, 18 წლის ასაკში  შევქმენი ოჯახი. ორი შვილი გავზარდე, მაგრამ პირველი უდიდესი ტკივილი ცხოვრებაში რაც განვიცადე მესამე ბავშვის გარდაცვალება იყო,რომლის ტკივილიც დღემდე მომყვება. მაგრამ, როგორც ვამბობთ, ცხოვრება გრძელდება და  ორ პატარას დედა სჭირდებოდა. მეც ძალა მოვიკრიბე და მივყევი უფლისგან მინიშნებულ ცხოვრების გზას.  კარგი შვილები აღვზარდე.მიუხედავად დიდი გაჭირვების და უქონლობისა, შრომის არ მეშინოდა და არ მეზარებოდა, უფლის იმედი მქონდა და შვილებსაც ვამხნევებდი. მათ დაჟინებით არასოდეს მოუთხოვიათ არაფერი, რაც გვქონდა იმით კმაყოფილები იყვნენ. ერთი პატარა, მხიარული, ღარიბი, მაგრამ ბედნიერი ოჯახი ვიყავით. სკოლაში დაწყებითების მასწავლებელად ვმუშაობდი. ბავშვებთან მუშაობა მაბედნიერებდა,  ბევრჯერ იმ ტკივილს მიქარწყლებდნენ,  რაც სახლიდან მომყვებოდა. კლასის კარის გაღება და ბავშვების სიყვარულით გაბრწყინებული თვალების შეხედვა საკმარისი იყო, რომ საკუთარი პრობლემა რამოდენიმე საათით გამქრალიყო. მათთან მუშაობა ძალას მაძლევდა. ბედნიერი ვარ იმით, რომ  თავდაუზოგავი შრომა დაფასდა.ჩემი აღზრდილი ბავშვები  სწორ გზას ადგანან.სწავლა გააგრძელეს, წარმატებით დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, დაოჯახდნენ და ბრწყინვალე ოჯახის დიასახლისები და მეუღლეები არიან.

რამ გადაგაწყვეტინათ საბერძნეთში წასვლა?

– სიღარიბითა და უქონლობით ბევრჯერ დამცირებულად ვგრძნობდი თავს და ვოცნებობდი, ….  მეც შემძლებოდა ცოტა ძლიერი ოჯახის შექმნა. შრომა და ჯაფა არ გვაკლდა,როგორც ვაჟკაცი ასე ვედექი მეუღლეს მხარში. იყო წლები, როცა ნორმალურად ვიყავით, მაგრამ დაიწყო პრობლემები, როცა მეუღლე ავად გამიხდა. მოგეხსენებათ ავადმყოფს ძალიან ბევრი სჭირდება, დავიწყე ფიქრი,  როგორ და რა სახსრებით   გაგვეგრძელებია ცხოვრება. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დავკარგე სამსახურიც. გადავწყვიტე წამოვსულიყავი საბერძნეთში.

-თქვენი გადაწყვეტილება ოჯახმა როგორ მიიღო?

–  შვილებს ვუთხარი  უკვე დიდები ხართ, ერთმანეთს მიხედავთ, მამასაც ყურადღებას არ მოაკლებთ, მართალია თქვენგან შორს გამიჭირდება, მაგრამ ყოველდღე დაგირეკავთ, გავიგებ თქვენს ამბავსთქო, ბავშვებმა გამიგეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იყო მეუღლესთან დალაპარაკება. მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ყველამ ვიცოდით  უჩემოდ  გაუჭირდებოდა,  თავზარი დაეცა მასაც, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა, რომ დიდი ყოყმანი აღარ დაუწყია  და დამთანხმდა.

-ახლა სად ხართ  და რას საქმიანობთ?

_ამჟამად საბერძნეთში ვარ, ათენში. ოჯახებში ვმუშაობ მოხუცების დამხმარედ. ბევრი ოჯახი გამოვიცვალე,რადგან ზოგი გარდაიცვალა, ზოგი გამოკეთდა და აღარ სჭირდებოდა ჩემი დახმარება, ზოგი მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარეს,მხოლოდ ორი სამსახურიდან წამოვედი ჩემი ნებით, რადგან არ მიხდიდნენ რაც მეკუთვნოდა.   რამოდენიმე ოჯახში ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რომ არაფრად მაგდებდნენ. ოჯახს რომ უვლი, მის მოხუცს და შენთვის ძილი, დასვენება და საჭმელი ენანებათ იმ ოჯახში თავს როგორ იგრძნობ,მაგრამ იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგო,უნდა მოითმინო.

ყოველთვის ეჭვის თვალით გიყურებენ, ამდენი წლის უნახავ შვილებს რომ ელაპარაკები ტელეფონით იმასაც არ გაცდიან.  არ ესმით მონატრება რა არის, წლების განმავლობაში რომ არ მინახია  შვილები და შვილიშვილებს მხოლოდ ხმით, სკაიპით ვიცნობ, მათი მოფერების ნატრული რომ ვარ ამას ვერ ხვდებიან,რადგან ორი ოჯახიდან იმიტომ წამოვედი ინტერნეტი არ მომცეს. ასეა ჩემო კარგო ზოგი მედავება რომ ვამბობ  მონური ცხოვრება გვაქთქო, მაგრამ ფაქტია მიჭირს აქ,  მიხარია მხოლოდ თვის ბოლო,  ვიცი ხელფასს ავიღებ და შვილებს გავუგზავნი.

-გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება, უცხო ქვეყანაში ცხოვრება?
_ძალიან გამიჭირდა. ათენში 31 ივლისს ღამის პირველის ნახევარზე ჩამოვფრინდი,სადაც მელოდებოდა ახლობელი  მარინა თავის ვაჟთან ერთად.მინდა ვისარგებლო  შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო მარინა იორდანიშვილს თავისი ოჯახით, რომ მხარში დამიდგნენ, ოჯახში მიმიღეს სანამ მუშაობას დავიწყებდი. ამიხსნეს ყველაფერი.უფლის მადლით  ქალბატონ  თინა ჩანადირს შევხვდი,  მითხრა, რომ პაპა იყო მოსავლელი, უნდა წავსულიყავი კუნძულ ტინოსზე.  ავედი გემზე, ენა არ ვიცი,ფული არ მაქვს,ცხოვრებაში ის სიმწარე არ დამავიწყდება რაც  მაშინ გადავიტანე.რას ვიზამდი დავჯერდი ბედისწერას და საკუთარ თავს ვუთხარი, ნუ გეშინია, უფალი არ მიგატოვებს. გზაში თოდორე რაღაცეებს მელაპარაკება, მიხსნის ხელებით, დამიხაზა  მერამდენე გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდე, ზოგი გავიგე, ზოგი ვერა, მაგრამ  მაინც თავს ვუქნევ, არ მინდა შემატყოს რომ მეშინია.  ტირილი მინდა ისე ცუდად ვარ,დილიდან არაფერი მიჭამია,უკვე ღამდება და ვეღარ ვუძლებ, თავბრუსხვევა დამეწყო,  უფალს ვეხვეწები ცუდად ნუ გამხდი, ადგილამდე მიმიყვანე მეთქი,გემი რომ მოძრაობს ესეც უარყოფითად მოქმედებს, ფულიც არ მაქვს, რომ რაიმე ვიყიდო. უკვე გაძლებაც და თავის ნუგეშიც კი აღარ შემიძლია. ამოვიქექე ჯიბე და ევრო ნახევარი აღმომაჩნდა, ამ ფასად ვერაფერი ვნახე სულ ცოტა 2, 50 მაინც მინდოდა. გადავწყვიტე ერთი ბოთლი წყალი  ამეღო. ტუჩებს ვისველებდი რომ გონზე მოვსულიყავი. ამ წვალებითა და ტირილით ჩავედი ტინოსში. ღამის ათი საათია, გემი გაჩერდა.გავყევი ხალხის ნაკადს, ვფიქრობდი უფალი არ გამწირავს ვიღაც გამოჩნდება ჩემი პატრონი მეთქი. ჩამოვედი და გავჩერდი ერთ ადგილზე,ყველა გაიკრიფა, კაციშვილი არავინ დარჩა, ვდგავარ შეშინებული ბავშვივით და აქეთ-იქით ვიყურები, ძლიერი ქარი უბერავს, შიშმა შემიპყრო, რომ არავინ მომაკითხოს რას ვიზამდი და სად წავიდოდი ამ შუაღამით. უკვე ტირილის ხასიათზე ვიყავი, რომ ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ახალგაზრდა ქალი მომიახლოვდა, მომესალმა და  მანიშნა წამომყევიო. ამოვისუნთქე და უფალს მადლობა ვუთხარი  გადარჩენისთვის.

ძალიან გამიჭირდა აქაურ კლიმატთან შეგუებაც. დღე და ღამე არ მეძინა ისეთი სიცხე იყო. აუტანელი იყო ხალხიც…ისეთი მკაცრი სახეებით დადიან, ქუჩაში რაიმე რომ გაგიჭირდეს ზედ არავინ მოგხედავს, დახმარება კი არა კითხვაზეც  არ გიპასუხებენ,  ჰგონიათ ფულს სთხოვ და გაგირბიან. მაგრამ ენაც ვისწავლე, ნელა- ნელა აქაური წესებიც გავიგე და ყველაფერს შევეჩვიე, ყველა და ყველაფერი მენატრებოდა, ძალიან მიჭირდა.  როცა მოვრჩებოდი  საქმეს და ჩემს ოთახში მარტო დავრჩებოდი გამუდმებით ვტიროდი, ბალიშს ვიფარებდი სახეზე ჩემი ხმა რომ არ გაეგო ქალბატონს.

-დაბრუნებას არ აპირებთ?

_ჯერ ვერ დავბრუნდები, იმიტომ რომ მიუხედავად დიდი მონატრებისა ჩემს შვილებს აქ უფრო ვჭირდები,მე თუ ვცოცხლობ მხოლოდ მათთვის. 2008 წლის 29 ივლისი, ჩემი ოჯახიდან წამოსვლის დღე არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ დაბრუნების დღე როდის მოვა  არ ვიცი.

-ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

_ყველაზე მეტად მენატრება  შვილიშვილებთან ჩახუტება და ჩემი სამსახური,  სასიამოვნო,მხიარული გარემო,მენატრება მშვიდი კერა,რომელიც უჩემოდ თითქმის აღარ არსებობს.

– რა არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი?

 _ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული შვილიშვილებია. ტკივილი კი მრავალი და გაუნელებელი,ჯერ ის რომ უამრავი საყვარელი ადამიანი წავიდა  ცხოვრებიდან, რომელიც დღემდე მტკივა. ჩემი დიდი ტკივილია  უფროსი ძმის სიკვდილი, გული მეკუმშება  საყვარელი ძმა რომ აღარ მყავს, მე ის ისევ ცოცხალი მგონია, რადგან  ცრემლი  ვერ დავაყარე. უდიდესი ტკივილი უკვე ორი წელია,  მეუღლეა, რომელმაც ფრთამოტეხილი დამტოვა,წაიღო ჩემი ცხოვრების ნახევარი, დამენგრა ყველა ის ოცნება რაც მამოძრავებდა,გადამეწურა ყველანაირი იმედი, მაგრამ დედობრივი ვალდებულება არ მიშვებს დავნებდე, უნდა ვიცოცხლო შვილებისა და შვილიშვილებისთვის, მათთვის უნდა გავუძლო იმ დიდ ტკივილს და მარტოობას, რასაც განვიცდი,რა ტკივილითაც უნდა გავაგრძელო ჩემი განადგურებული მომავალი ტყის ეული მგელივით.

-საბერძნეთში საკმაოდ ბევრი ქართველი ემიგრანტია,  გაქვთ მათთან ურთიერთობა?

_კი,  ბევრი ქართველი ქალბატონი გავიცანი, მაგრამ  მხოლოდ 5 ქალბატონთან მაქვს უახლოესი მეგობრობა და იმედია სანამ ვიცოცხლებ, არც გავწყვეტ მათთან ურთიერთობას.  რამდენადაც შეგვიძლია ერთმანეთს მხარში უდგევართ, ნამდვილად კარგი ადამიანები არიან.

-რას  ეტყვით ქართველ ემიგრანტებს?

_ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, უფლის წყალობას,დაფასებოდეთ ის დიდი შრომა, რომელსაც   უცხო ქვეყანაში გავდივართ. ვინც ვერ გვხედავს და არ იცის, რა პირობებში ვმუშაობთ მათთვის ადვილია, ჰგონიათ აქ ბედნიერად ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ საცოდავი, თავგანწირული დედები ვართ საკუთარი ოჯახის, შვილებისთვის. ყველას ვუსურვებ  მალე დაბრუნებულიყვნენ საყვარელ ოჯახებში.მახარებს თითოეული ბოლნისელის წინსვლა და წარმატება,ჩემი შვილებიც ბოლნისელები არიან, როცა დავბრუნდები მინდა უფრო გალამაზებული, გაძლიერებული ბოლნისი ვნახო, უფალი გფარავდეთ ბოლნისელებს და სრულიად საქართველოს.

 -დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ მალე დაბრუნებას. უფალმა მოგცეთ გამძლეობა.

 ნინო კარგარეთელი


Share.

Leave A Reply