ფერმერი ქალის ცხოვრება – „ოცი წლის ასაკში ვინმეს ჩემთვის სწორი გზა რომ ეჩვენებინა და გვერდში დამდგომოდა, ახლა მეტად წარმატებული ვიქნებოდი“

0

საქართველოში მევენახე ქალი  საკმაოდ იშვიათია, თუმცა ბოლო წლებში, მეღვინეობის ოჯახური წარმოების განვითარებასთან ერთად, ამ სფეროთი მეტი ქალი ინტერესდება, ჩვენი სტუმარიც პროფესიით პედაგოგი მანანა ჯაჯანიძეა, რომელმაც მათემატიკის ნიჭი სოფლის მეურნეობაში გამოიყენა. თავისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ადგილი გამოცდილ ფერმერთა შორის მალევე დაიკავა. მისი თქმით ღვინო, რომელსაც საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ამზადებს, გამორჩეულია. უძველესი ჯიშის ყურძენი ორგანულთან მიახლოებული  პროდუქციით  მოჰყავს და ღვინოსაც ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს. ფერმერი ქალის წარმოებულმა ღვინომ გაიარა კონტროლი და ქართულ ბაზარზე ადგილი მალევე დაიკავა,  2016 წლის კატალოგში საუკეთესო ღვინოებს შორისაც მოხვდა. ბუნებით აქტიური და მოუსვენარი ერთი საქმით არ კმაყოფილდება, მან საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.

„ერთ დღესაც მივხვდი, რომ დამატებითი შემოსავლისთვის  რაღაც უნდა გამეკეთებინა. რადგან მიწები და ვენახი მქონდა, გადავწყვიტე შემესწავლა მისი მოვლის ტექნოლოგია, შემოვიკრიბე თანამოაზრეები, გავერთიანდით რამდენიმე ქალი, შევქმენით კოოპერატივი, გავიარეთ ტრენინგები და ერთად ვუვლით ვენახებს, გვეხმარებიან ოჯახის წევრებიც, რა თქმა უნდა რთულია, მითუმეტეს ქალისთვის, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა, მთავარი მონდომებაა და სწორად გაკეთება იმ ყველაფრის, რაც ვენახს სჭირდება, ძალიან გვეხმარება ბოლნისის სოფლის მეურნეობის სამსახური, ხშირად ვიღებთ მათგან კონსულტაციებს, შევიძინეთ მოტობლოკი (ხელის პატარა ტრაქტორი) კოოპერატივის ფარგლებში მიღებული 70%-იანი თანადაფინანსებით“.

საქმე რომ წარმატებით წაგივიდეს, დღეის გასაკეთებელი, ხვალისთვის არ უნდა გადადო, წლებია ამ პრინციპით ცხოვრობს ფერმერი ქალი, ერთი საქმით არასდროს კმაყოფილდება, მან მევენახეობის პარალელურად მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. საბოლავი, პირბადე, ასტამი, ფიჭის ასათლელი დანა, სათადარიგო სკები და სხვა ხელსაწყოები მანანა ჯაჯანიძისთვის სამუშაო იარაღად იქცა. მან უკვე კარგად იცის რომ საფუტკრეში აუცილებელია ძლიერი ოჯახის ყოლა, ეს სჭირდება როგორც პროდუქციის რაოდენობის გაზრდას, ასევე ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებას.

„ბუნებით ვარ აქტიური, ერთ საქმეს არ ვჯერდები, ყველაფერს ვედები და რომელიც მეტად განვითარდება, იმას გავყვები ალბათ საბოლოოდ. ვცდილობ მეტი ადამიანი ჩავრთო, მარტო  კარგად ვერ იქნები, ბევრი ადამიანი უნდა დასაქმდეს, ნაკლები გაჭირვებაც იქნება და უმუშევართა რიცხვიც შემცირდება, ბევრი  ამბობს, რომ ურჩევნია საზღვარგარეთ წავიდეს და უფრო მალე იშოვოს ფული, მე ასე არ ვფიქრობ,  როდესაც რაღაცის გაკეთება შეგიძლია, ადგილზე არის ამის დიდი რესურსი, ბევრია  მიწა თუნდაც იმისთვის, რომ გაიადვილო ცხოვრება, მთავარია არ  დაგეზაროს, პატარა მიწიდანაც შეიძლება დიდი ბიზნესის დაწყება“.

კოოპერატივში დღეს უკვე 11 ადამიანია დასაქმებული, მანანა ჯაჯანიძემ მალინის მოყვანა-წარმოებაზე კიდევ ერთი გრანტი მოიგო, გვერდში სტუდენტები დაიყენა და საკუთარ ნაკვეთში  2500 კვ.ზე 1700 ნერგი  დარგო, ორგანიზაციის დახმარებით ნაკვეთი ახალგაზრდებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვეს, ნერგები წვეთოვანი სისტემით ირწყვება, ფერმერი მალე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანას გეგმავს, რომელიც აუცილებლად ექსპორტზე გავა. „ეს იქნება საჩვენებელი ნაკვეთი, სადაც  ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩამოვლენ უცხოელები, გვინდა სანერგე მეურნეობის გაკეთება, მინდა ეს ახალგაზრდები აქტიურად დაკავდნენ. ოცი წლის ასაკში ვინმეს ჩემთვის სწორი გზა რომ ეჩვენებინა და გვერდში დამდგომოდა, ახლა მეტად წარმატებული ვიქნებოდი“.

ფერმერი ქალი სახელმწიფოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა  კონკურსში ერთვება. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში მიღებული გრანტით მან 1 ჰექტარზე ჩანგლერის ჯიშის კაკალი გააშენა. მის მიერ დაწყებული ბიზნესი ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია. ფერმერი ქალი გაჩერებას არ აპირებს, მისი გეგმის ნაწილია სამაცივრე საწყობის გაკეთება, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოწეულ პროდუქციას  ფერმერები რეალიზაციამდე შეინახავენ, ასევე გეგმავს საზღვარგარეთ წასვლას და იქ დანერგილი სიახლეების შესწავლას.

მაგდა დევოზაშვილი


Share.

Leave A Reply