ახალგაზრდა, რომლის ნამუშევარმაც პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატიო საჩუქრებს შორის დაიდო ბინა

0

საქართველოს სახალხო ოსტატთან ნოდარ გოგებაშვილთან საგაზეთო ინტერვიუში საინტერესო დეტალს ჩავეჭიდე, სადაც   ერთ-ერთ ნიჭიერ შეგირდზე მიამბობდა, კერძოდ, ოსტატმა და შეგირდმა ერთობლივი შრომით კაკლის  ხის მასალისგან, ხის ჯაჭვით გადაბმული ორი, სხვადასხვა ორნამენტებითა და ჩუქურთმებით შემკული, ისტორიული ტაძრებით დახუნძლული სასმისი შექმნეს. შემდგომში შედევრი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელით გადაეცა და პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატიო საჩუქრებს შორის დაიდო ბინა.

ეს შეგირდი გახლავთ 22 წლის პერსპექტიული, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და მიზანდასახული მათე სულხანიშვილი.  გარდა იმისა, რომ მათე კარგი შემოქმედია, ამავდროულად წარჩინებული სტუდენტი და თავისი საქმის პროფესიონალია. როგორც თავად ამბობს,  „არცთუ  წარჩინებით“ დაამთავრა ბოლნისის  1 საჯარო სკოლა,  სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურა-რესტავრაციის სპეციალობის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა, მე-2 კურსზე კი ხელახლა გადააბარა და  100%-იანი გრანტით გააგრძელა სწავლა. მათე  ასევე მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია.

მათე სულხანიშვილის საყვარელი და საინტერესო პროფესია გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, სადაც მცირე შეცდომაც კი დაუშვებელია. ძეგლები, რომლებზედაც ის მუშაობს, მომავალს უწინდებური დიდებით უნდა გადაეცეს,  როგორც ჩვენი ქვეყნის უკვდავი საუნჯე. დარგი, რომელიც მან აირჩია,  მრავალმხრივ ცოდნას და პასუხისმგებლობას საჭიროებს. სწორედ ამის გათვალისწინებით და შრომის მოყვარეობით, მას შესწევს უნარი სწორად აღიქვას ისტორიული ძეგლის პრობლემა და ოპტიმალურად გადაჭრას,  როგორც თავად ამბობს,  „ყველა რეგიონის და ეპოქის ძეგლი საინტერესოა, მათი მეშვეობით აზროვნებ და მოგზაურობ დროსა და სივრცეში“.

-პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამონახე დრო და ჩემს კითხვებს უპასუხე,  რატომ მაინც და მაინც არქიტექტურა- რესტავრაციის ფაკულტეტი?

-ინსპირაცია რა თქმა უნდა ბოლნისის სიონი იყო,  იქ ხშირად მიწევდა ყოფნა,   მამაჩემი ბოლნისის სიონის წინამძღვარია, ამიტომ დიდი ინტერესი მქონდა ჩვენი ისტორიისადმი, რაც შეეხება რესტავრაციას, იგი მოიაზრებს კულტურული მემკვიდრეობის (უძრავი) ძეგლების დაცვას სხვადასხვა გზებით.

-რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა იყო მოძღვრის შვილი?

-ძნელია სიტყვებით ჩამოვაყალიბო, როგორი პასუხისმგებლობაა მამა ბესარიონის შვილობა, ეს ჩემთვის თავისთავად რამეა, ზნეობრივ და სულიერ საკითხებთან დგას ეს რაობა, რა თქმა უნდა, როგორც მოძღვარს, ასევე მის ოჯახს მოეთხოვება იყოს სამაგალითო (კარგი გაგებით, თუმცა არ ვიცი ცუდი გაგება როგორი აქვს) ამიტომ ყველა ქრისტიანს აქვს პასუხისმგებლობა,  ეს ბუნებრივია.

-შენს ცხოვრებაში რა როლი უჭირავს ოჯახს?

-ამაზე ცოტა რთულია პასუხი.. ოჯახს ჩვეულებრივი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ფიზიკურის გარდა დიდაქტიკურიც,

-მათე, რამდენად მჭიდრო კავშირშია ხელოვნება და შენი არჩეული პროფესია, როგორ ფიქრობ, დაგეხმარა ხატვა და ხეზე კვეთა იმაში, რომ კარგი სტუდენტი და კარგი თანამშრომელი ხარ?

-ამ სპეციალობაში მოიაზრება სამეცნიერო და სახელოვნებო დისციპლინები, ხატვაც ერთ-ერთი საჭირო მოთხოვნაა ამისთვის.  რაც შეეხება მხატვრობას,  ნაკლებად პროდუქტიული ვიყავი (არც ახლა მაქვს პრეტენზია), ხეზე კვეთაზეც  სკოლის ბოლო წლებიდან დავიწყე ჩემს პირველ ოსტატთან სიარული. სახელოსნოში ძირითადად ვაკეთებდი უტილიტარულ ნივთებს, არც თუ ისე ბევრს, თუმცა კი „ჭიას ვახარებდი“.

– სწავლის პარალელურად მუშაობ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე, არ არის რთული?

-რთულია, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესოა. სწავლის ბოლო წლებში შეთავსებით, ჩემი ლექტორები, ასევე სხვა არქიტექტურული კომპანიები და აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საპროექტოც, ხანდახან მრთავენ თავიანთ პროექტებში, სადაც არქიტექტორებთან, კონსერვაციის სპეციალისტებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან და სხვა გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ვაკეთებ ძეგლის კვლევებს, პროექტებს, რაც სტიმულთან ერთად დიდ ცოდნას და გამოცდილებას მძენს, ამასთანავე საქმე მოითხოვს საველე სამუშაოებს, რასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს, არანაკლებ დიდი დრო მიაქვს ხაზვას და მოცულობების თვლას. სწავლის გარდა მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა ობიექტების პროექტირებაზე, კერძოდ: ბათუმში, თბილისში, სამეგრელოში, მთაწმინდის პანთეონის, ქუთაისში გელათის, ნიკორწმინდის, წმ.ნიკოლოზის ეკლესიის და კიდევ სხვადასხვა ობიექტებზე. ასევე წინა ზაფხულში ვიმუშავე, ილია ჭავჭავაძის საფლავის კონსერვაციის პროექტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესოა, როცა საკონსერვაციო მასალებს ეცნობი და უთავსებ ავთენტურს, როგორც ვიცი რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა.

– თუ გაქვს შენთვის საოცნებო ისტორიული ძეგლი, რაზეც სიამოვნებით იმუშავებდი?

-დიდად გამორჩეულად ალბათ არა, ყველა რეგიონის და ეპოქის ძეგლი საინტერესოა, მათი მეშვეობით აზროვნებ და მოგზაურობ დროსა და სივრცეში. ნებისმიერ არქიტექტურულ ძეგლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი. განსაკუთრებით კი მინდა სათანადო ყურადღება მიექცეს ძველი საცხოვრებლის და საეკლესიო-სამონასტრო ნაგებობების განვითარებას და რაც მთავარია, სწორად ექსპლოატაციას, რადგან ხშირად სპეციალისტი არ, ან ვერ აწვდის სწორ ინფორმაციას ძეგლის მესაკუთრეს, ხშირად სახელმწიფოსგანაც  მკაცრი მიდგომის პოლიტიკა და არანაირი ალტერნატიული გზის მოწოდების შედეგია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფა და დაზიანება.

– მათე, რამდენიმე თვის წინ სასწავლებლიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად იტალიაში იყავი. რა გამოცდილება მიიღე და რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა შენი იქ ყოფნა?

-ივლისში 10-12 დღით გავემგზავრე ქალაქ ფერარაში, საერთაშორისო ვორქშოპზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად მიწევდა ჯგუფური მუშაობა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო, ვორქშოპის თემა იყო ამავე ქალაქის გალავნისა და  კარიბჭის ადაპტაცია და თანამედროვე დიზაინის შეტანა. ვცდილობდი მაქსიმალურად გამეაზრებინა მათი ხედვა და მიდგომები არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, მათი მიდგომა სწავლისადმი, ტექნიკა, და ფილოსოფია (კონსერვაციის) დიდად არ განსხვავდება სამხატვრო აკადემიიდან მიღებული ცოდნისგან. რაც შეეხება იტალიას, მათ მიდგომას კულტ. მემკვიდრეობისადმი, განსაცვიფრებელია.  იქ თითოეული კულტურული დეტალი ავთენტურია მათ ქალაქებში, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, ამასთანავე ჰარმონიულად არის შერწყმული თანამედროვე ცხოვრება და თანამედროვე არქიტექტურა. მომავლის იმედით, ალბათ მალე ჩაჯდება ჩვენი ქვეყანაც ასეთ კალაპოტში და აღიდგენს   კულტურული განვითარების წყვეტილს.

– ყველაფერი   თავიდან რომ დაიწყო, ისევ აღნიშნულ პროფესიას აირჩევდი?

-დიახ,  რა თქმა უნდა, ეს ხომ ჩემი საყვარელი პროფესიაა.

-რთულია მიაღწიო ცხოვრებაში დასახულ მიზანს?

-მიზნის მიღწევა რთული არაა, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რაც კი ჩვენმა გონებამ შეიძლება წარმოიდგინოს. მთავარია ვიცოდეთ რა გვსურს, ალბათ ქვეცნობიერში მაინც ყველამ ვიცით, რომ მთავარი მიზანი ღმერთის ძიებაა, ადამიანებიც ალბათ ხშირად იგონებენ და ეძებენ საშუალებებს ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს საშუალებები ხშირად  დამღუპველიცაა, დოსტოევსკის ეს პრობლემა კარგად აქვს დანახული, ქრისტიანული ეკლესია კი ის საშუალებაა, რომელიც მარტო ადამიანის გონმა არ მოგვცა.

-მათე,  დოსტოევსკი ახსენე, შენი საყვარელი მწერალი ხომ არ არის?

-დიახ,  ასევე ბალზაკი. მწერლობა,  როგორც პირველ ადგილზე მდგომი ხელოვნებათა შორის,  განმსაზღვრელი და მაპროგნოზირებელია შემდგომი ეპოქების ხელოვნების,  პოლიტიკის, მეცნიერების და კიდევ ბევრი რამის.

– სწავლობ და მუშაობ მეტად საპასუხისმგებლო პროექტებზე,  ამავდროულად გყავს და უვლი ფუტკარს, რასაც თავისი სპეციფიკური შრომა სჭირდება.

-დიახ, ეს საქმე ბავშვობიდან მიტაცებს, 30 ძირამდე სკა მაქვს, ფუტკარს ჩემი ძმის დახმარებით ვუვლი,  მამშვიდებს მათთან მუშაობა და ვცდილობ, არ მოვწყდე ამ საქმეს.

-მათე, რას ურჩევდი თანატოლებს იმისთვის, რომ იყვნენ პერსპექტიული და პროდუქტიულები?

-ჩემი უმცირესი გამოცდილებით ვურჩევ, რომ აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე. ბევრი იკითხონ, იყვნენ მუდამ ძიებაში და გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, რაც მათ მიზნის მიღწევაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

მარინა გავაშელი


Share.

Leave A Reply