„კინო სკოლაში“ – კინოფილმების ჩვენება ერთი თვეა დაიწყო სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში

0

საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს პროექტს  „კინო სკოლაში“, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონის სკოლებში ფილმების ჩვენება-დისკუსიების ორგანიზებას.

სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ნახონ ასაკის შესაბამისი საუკეთესო ფილმები, გააკეთონ ანალიზი, იმსჯელონ მათზე და ფილმში წარმოდგენილ პრობლემატიკაზე. პროექტის ფარგლებში ფილმები შეირჩა კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ.

პროექტი 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად კი მასში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული. პროექტში მონაწილე სკოლების შერჩევა ხდება განათლების სამინისტროს რესურსცენტრების მონაწილეობით, სკოლების მიერ სამოტივაციო წერილის წარმოდგენისა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედაგად.    პროექტში ჩართულ თითოეულ სკოლაში კვირაში ერთხელ ხდება ერთი ფილმის ჩვენება და შემდეგ დისკუსია. კინოცენტრი, კონკურსის გზით ირჩევს კინოპროფესიონალებს, რომლებიც ამ პროცესს წარმართავენ. მათ დამატებით გაიარეს ტრენინგი (32 საათიანი ტრენინგ-მოდული), რომელშიც ჩართული იყო ფსიქოლოგი, კინომცოდნე, განათლების ექსპერტი და კინოდრამატურგი.  ტრენინგზე, ასევე,  დამუშავდება  მოზარდებთან   კომუნიკაციის მეთოდები.

„კინო სკოლაში“ კინო განათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებს, რომლებიც დაესწრებიან კინოჩვენებებს, კინოკლუბელები დაერქმევათ. ფილმის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ მის სიუჟეტზე, მთავარი გმირების ურთიერთობებზე  და  რეჟისორის მთავარ სათქმელზე.

კინოფილმების ჩვენება ერთი თვეა დაიწყო სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაშიც, ფილმების ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია ქართულ ენაზე.

მაკა ისიანი, პროექტის კოორდინატორი :

-პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლაში შევავსე კითხვარი, შემდეგ ვიყავი ტრენინგებზე და დავინიშნე  კოორდინატორად. პროექტის ფარგლებში, ბავშვები აქტიურად ესწრებიან და არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც ქართულ ენაზე იმართება. ჩვენებებს უძღვება კინოსპეციალისტი. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ, შეიყვარონ და დაინტერესება გამოიჩინონ კინოხელოვნების მიმართ. შემდგომში კი ისინი ჩვენი დახმარებით თავად გადაიღებენ ფილმს.

ყოველ სეზონზე სიახლეს ვთავაზობთ კინოსკოლელებს.  წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“   პროგრამასთან. რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად  სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ. პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში გაჩნდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, პროექტმა წელს მოიპოვა დაფინანსება Creative Europe – Media-ის სექციაში Audience Development, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება და ევროპულ სტანდარტებს მოვარგოთ ჩვენი პროექტი.  შეიქმნება ვებ. პორტალი, რომლის დახმარებით სკოლის კინოკლუბები შეძლებენ  საქმიანობის წარმართვას. აქ განთავსდება ქართული და უცხოური ფილმების ონლაინ კატალოგი და სასწავლო მასალები, თუ როგორ უნდა წარიმართოს დისკუსია ფილმების ჩვენების შემდეგ. გარდა ამისა, ქართული ფილმები ჩართული იქნება საერთაშორისო ქსელში და ისინი ხელმისაწვდომი გახდება პროექტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ლატვია) მოსწავლეებისთვის.


Share.

Leave A Reply