ქართული სიმღერის ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც როგორც  შემოქმედებითი კოლექტივები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში, შესარჩევ ტურზე მომღერალმა ირმა სოხაძემ მოზარდ შემსრულებლებს მასტერკლასი ჩაუტარა და თითოეულ მათგანს სასარგებლო რჩევებიც მისცა.

მაია ჯამალაშვილი, ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დირექტორი:

-ფესტივალი ქვემო ქართლში  არ არის შემთხვევით, ვინაიდან ეს რეგიონი მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობით, რომლებიც დიდი სიამოვნებითა და ინტერესით სწავლობენ და მღერიან ქართულ სიმღერებს.  ფესტივალზე ბევრი ძალიან კარგი შემსრულებელი მოზარდი აღმოვაჩინე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შესარჩევ ტურზე ცნობილი და კომპეტენტური ქართული ესტრადის წარმომადგენლები ჩაგვყავს, ისინი შემსრულებლებს სასარგებლო რჩევებს აძლევენ, რაც ფესტივალის ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს.

ირმა სოხაძე, ქართული ესტრადის მომღერალი:

– აღფრთოვანებული ვარ. ნამდვილად არ ველოდით ასეთ შედეგს. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ბავშვები ნაკლებად მღერიან ქართულ სიმღერებს. ჩვენ  არაჩვეულებრივ შემსრულებლებს მოვუსმინეთ და ცოტა ძნელია არჩევანის გაკეთება  ვინ დავტოვოთ და ვინ წავიყვანოთ. მინდა თითოეულ მოზარდს და პედაგოგს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი და სწორად შერჩეული რეპერტუარისთვის.

ფესტივალის შესარჩევს ტურს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი ესწრებოდა.

ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ მომდევნო ტური ქალაქ თბილისში გაიმართება.

 


Share.

Leave A Reply