№1 საჯარო სკოლის 40 მოსწავლეს სასუნთქი სისტემების დაავადებების გამოკვლევა და კომპიუტერული სპირომეტრია სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდა

0

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა ბარბარე ბეზარაშვილმა ბოლნისში №1 საჯარო სკოლის  40 მოსწავლეს სასუნთქი სისტემების დაავადებების გამოკვლევა და კომპიუტერული სპირომეტრია სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარა.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა დაარსებიდან დღემდე ბოლნისში მეხუთედ ჩამოვიდა და ახდენს მოსახლეობის კვლევებს. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა სასუნთქი სისტემების პათოლოგიები, ამიტომ სპეციალურად შემუშავებული კითხვარები დარიგდათ პირველ სკოლაში და ჩატარდა გამოვლენილი მოსწავლეების გამოკვლევა.

მოსწავლეებთან ერთად გამოიკვლიეს მოზრდილებიც და  ჯანმრთელობისთვის საზიანო  არაერთი პრობლემა გამოიკვეთა.

მალხაზ სანიკიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი:

-ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა მთელ საქართველოში ახორციელებს კვლევებს, მათ შორის ჩვენ მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდნენ და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოიკვლიეს.  გავრცელებულია ბრონქიალური ასთმა და ალერგიული დაავადებები. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 2025 წლისთვის ყოველი მეორე ადამიანი  ალერგიული დაავადების  მქონე იქნება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ აქციის პერიოდულად ჩატარება და ადრეულ ასაკში გამოვლენა. გამოკვლევები გაგრძელდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ისინი გამოიკვლევენ არა მხოლოდ ადრეულ ასაკში, არამედ ნებისმიერს, ვისაც  სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეს არის საქველმოქმედო უფასო კეთილშობილური აქცია,  ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

ირმა წაქაძე, №1 საჯარო სკოლის დირექტორი:

-მოგეხსენებათ, სკოლა  მრავალრიცხოვანია, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლე გვყავს, აქედან გამომდინარე ბევრ მშობელს  არ აქვს საშუალება, რომ ბავშვს თუნდაც წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება. სწორედ ამიტომ, ეს აქცია იყო ძალიან კარგი, რომლის ფარგლებშიც I-XII კლასის ჩათვლით კითხვარების შედეგად გამოვლენილი მოსწავლეები  უსასყიდლოდ გასინჯეს. მივესალმები ამ კეთილშობილურ აქციას.

ბარბარე ბეზარაშვილი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი:

-ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ ბოლნისში უფასო გამოკვლევები და ახლაც სასუნთქ სისტემებს ვიკვლევთ, ძალიან დიდია ბრონქული ასთმით დაავადებულთა რიცხვი. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა 2014 წელს შეიქმნა, რეგიონიდან რეგიონში დავდივართ და ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას. ვატარებთ უფასო კონსულტაციებს, კვლევებს და შესაბამის დანიშნულებასაც ვაძლევთ პაციენტებს. პრობლემა ძალზედ აქტუალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია  ჩაერთოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რომ ხელი შეუწყოს მოსახლეობას ინფორმირებულობაში. ჩვენი მხრიდან ძალისხმევა ნამდვილად არ აკლია, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და ვფიქრობ,  უნდა შედგეს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და ჩვენი რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული. შევიმუშავეთ ტაქტიკა  მუნიციპალიტეტებთან, გუბერნიებთან შეთანხმებით, ისინი ახორციელებენ სოფლებიდან მოსახლეობის უზრუნველყოფას ტრანსპორტით. ამ შემთხვევაშიც გვერდში დაგვიდგა რესურსცენტრი, მუნიციპალიტეტის გამგეობა და სკოლის ადმინისტრაცია.  გასინჯვებიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ბოლნისში ენდოკრინული პრობლემები საკმაოდ მკვეთრადაა გამოხატული, არის ასევე ორთოპედიული, ვერტებლარული, გასტროპენტეროლოგიური პრობლემები. ასევე საჭიროა მამოლოგის, ონკოლოგის, პულმონოლიგის ჩართვაც. ჩვენ მზად ვართ მოგემსახუროთ ყველას ნოლი ასაკიდან ბოლომდე,  მთავარია  მხარდაჭერა მუნიციპალიტეტიდან.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, თუ გაწუხებთ სასუნთქი სისტემების პრობლემები, გამოხატული ცხვირის გაჭედილობით, კონიუქტივიტი, რინიტი, ხშირი ხველით, სუნთქვის უკმარისობით, ანუ, რიგი სიმპტომებით, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისათვის, ჯობია დროულად მიაკითხოთ ექიმს, ჩაიტაროთ სათანადო კვლევა, სწორი დიაგნოსტირებით და მკურნალობით თავიდან აიცილებთ კიდევ უფრო საშიშ დაავადებებს.

ამჟამად შენობა, სადაც პაციენტებს ვსინჯავთ,  წითელი ჯვარისაა და ძალიან დიდი დამთხვევაა, რომ ჩემს ლოგოზეც წითელი ჯვარია გამოხატული. მე ამაყი ვარ, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც თავდაუზოგავად გვერდში გვიდგას, აკეთებს პაციენტების მობილიზებას, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეგვიწყონ,  დიდი მადლობა მათ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა აწევრიანებს 750-მდე ყველა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმს. აგრეთვე სტუდენტებსა და რეზიდენტებს, ეს მათ ეხმარება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაში. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა პერიოდულად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და ატარებს ადგილობრივი მოსახლეობის უფასოდ გასინჯვის აქციებს, ასევე ტრენინგებს ადგილობრივი მედიკოსებისთვის. ლიგის ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაეწია დაახლოებით 350 000 ადამიანს. ჩატარდა ასობით ტრენინგი და სემინარი, დატრენინგდა და კვალიფიკაცია აიმაღლა 2500-მდე ექიმმა.


Share.

Leave A Reply