მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის ეკო ვიქტორინა გაიმართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში ეკო ვიქტორინა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი №1 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა და ამ ღონისძიებით მოსწავლეები  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ. ვიქტორინის პირველი ეტაპი ეკოლოგიის საკითხებზე პრეზენტაციას დაეთმო, სადაც მონაწილე გუნდებმა საკუთარი მოსაზრებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს გააცნეს.  ვიქტორინის კითხვები ძირითადად საქართველოს ფლორასა და ფაუნას ეხებოდა.

ირმა წაქაძე, №1 საჯარო სკოლის დირექტორი:

-პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას ეკოლოგიის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლ კომპონენტებში შესული საკითხი, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, როგორ არის ჩაბმული ეკოლოგიის საკითხებში და ზუსტად დღეს ამ გამჭოლ კომპონენტს ვეხმაურებით. აღსანიშნავია ისიც, რომ  ამ ვიქტორინაში ჩვენი სკოლა არ იღებს მონაწილეობას, ვინაიდან  ვართ მასპინძლები და აღნიშნულ საკითხებზე კითხვები ჩვენს მიერაა შედგენილი.

ქეთევან გედიაშვილი, ეკო კლუბის წევრი:

-ერთ წლის წინ მივიღეთ მონაწილეობა ეკოვიზიაში და გავიმარჯვეთ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა ჩამოგვეყალიბებინა ეკო კლუბი და გაგვემართა ეკოლოგიურ თემებზე აქტივობები. ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ მომავლისთვის და ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.

ეკო ვიქტორინაში ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლამ გაიმარჯვა და გუნდის თითოეულ წევრს ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ხელმძღვანელმა ფასიანი საჩუქრები გადასცა. ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სიგელები დაურიგა.

ღონისძიებას ესწრებოდა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე.


Share.

Leave A Reply