სტუდია „გუთანის“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ბოლნისში

0

„შთამბეჭდავი, სულის შემძვრელი დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ვერ უყურებ ემოციების გარეშე“. ოჯახის სიწმინდეზე აგებულმა ფილმმა დარბაზში მყოფთაგან ბევრს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. „ვიტირე“, „ემოციებით ვარ სავსე“, „დააფიქრებს ბევრ ადამიანს“ ასეთი კომენტარები გააკეთა საზოგადოებამ ფილმის შემდეგ bolnisi.ge-თან. „თავგანწირვის ტაძარი“ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია „გუთანის“ მიერ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითაა მომზადებული, რომელიც მოივლის მთელ საქართველოს და შევა თითოეულ ოჯახში. პრეზენტაციაზე მისულმა თითოეულმა მაყურებელმა საჩუქრად მიიღო ფილმის DVD ვერსია.

ლევან ქართველი, სტუდია „გუთანის“ ადმინისტრაციული დირექტორი:

-ფილმის თემატიკა შეირჩა უწმინდესის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით. დღეს ძალიან  მტკივნეული თემაა აბორტი და ზოგადად მისი სტატისტიკა არის გასაოცარი. ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ აბორტით იშორებს პრობლემებს და არ უფიქრდება იმას თუ რამხელა ცოდვას იდებს ის. ამასთანავე თითქოს ძალიან გაუფასურდა ოჯახის სიწმინდეც. სწორედ ამ საკითხზეა ფილმი, რომელიც მოივლის მთელ საქართველოს და დააფიქრებს ბევრ ადამიანს.

კობა ჟღენტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

-ფილმის აქტუალობიდან გამომდინარე  შევეცადეთ მოგვეცვა საზოგადოების ყველა ფენა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგები, ხელმძღვანელები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კომპანია „არემჯის” თანამშრომლები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და ა.შ. აქ მოსულ თითოეულ ადამიანს საჩუქრად გადაეცა ფილმის DVD ვერსია, რომლის საშუალებითაც კიდევ ბევრი ადამიანი იხილავს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აგებულია ოჯახის სიწმინდეზე.

ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

-ერთი შეხედვით თითქოს ახალი არაფერია, თუმცა ეს ის ფილმია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს და გაითავისოს, რადგან ის ეხება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემას. დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს საკმაოდ სავალალო, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ გავმრავლდეთ და ვიყოთ უფრო ძლიერი ერი, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, გატანა და თანადგომა, რომელიც ოდითგანვე ახასიათებდა ჩვენს ერს. ფილმმა  ძალიან მოკრძალებულად მიგვითითა, თუ რა ფესვებიდან მოვდივართ. ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფებოდი და მივიღე უდიდესი სულიერი სიამოვნება.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი:

-„თავგანწირვის ტაძარი“ ეს არის ქართულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე შექმნილი ფილმი. მასში კარგადაა  წარმოჩენილი ჭეშმარიტი სიცოცხლისა და ქართველობის თემა, რომელიც  კიდევ ერთხელ შეხსენებაა  იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ქრისტიანმა ქართველმა საკუთარი ოჯახი. მართლაც აღელვების გარეშე შეუძლებელია  მისი ხილვა. ვისურვებდი, რომ თითოეულმა ადამიანმა ნახოს ეს ფილმი.


Share.

Leave A Reply