ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2000-მდე ბენეფიციარი ჯანდაცვის ახალი პროგრამით ისარგებლებს

0

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება. ახალი პროგრამით მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 0-დან 100 000-ის ჩათვლით და არის შემდეგი ქრონიკული დაავადებების მატარებელი: გულსისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტის მეორე ტიპი (არაინსულინდამოკიდებული).

ბენეფიციარი მედიკამენტების ყოველი გატანისას აფთიაქში იხდის  ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს,  ვეღარ შეძლებენ მედიკამენტების მიღებას.

თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს პირს საჭირო მედიკამენტების მიღების დროს, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა  სოციალური სააგენტოს ბოლნისის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ციცინო მუშკუდიანი:

„ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-სს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას, წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება. ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს, სადაც შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა, აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.


Share.

Leave A Reply