ანსამბლი „თამარიონი“ კრასნოდარიდან დაბრუნდა

0

მიმდინარე წლის ივლისის თვეში ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში სოლო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს. ქართული ანსამბლის გამგზავრება რუსეთში პროექტის „მეგობრული ურთიერთობა კუბანსა და საქართველოს შორის“ ფარგლებში გიორგი ნოვოსელცევის მიერ იყო ორგანიზებული. გიორგი  წარმოშობთ ბოლნისელია, მას  აქაურობასთან ბავშვობის და ახალგაზრდობის საუკეთესო წლები  აკავშირებს.  ის საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა,  მაგრამ საქართველოზე და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ბოლნისს ხშირად  სტუმრობს.

სწორედ ქართველი ხალხისა და კულტურის მიმართ დიდი სიყვარული გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართული ქორეოგრაფია რუს ხალხს კიდევ ერთხელ ეხილა.

მიუხედავად იმისა, რომ წასვლასთან დაკავშირებული პროცესები დიდ ხანს გაგრძელდა,  ჩვენმა მასპინძელმა ძალისხმევა არ დაიშურა და „თამარიონი“ კრასნოდარის მხარეში სრულიად უსასყიდლოდ გაემგზავრა. გამგზავრებამდე ანსამბლის წევრები და ქორეოგრაფები მეუფე ეფრემმა რეზიდენციაში მიიღო და დალოცა.

„თამარიონმა“ კრასნოდარის  ქალაქებში: კროპოტკინი, სტანიცა ტბილისკაიასა და გულკევიჩში სოლო კონცერტები გამართა. გარდა კონცერტებისა გაწერილი იყო თითოეული დღე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ხასიათის აქტივობებით. მოცეკვავეებმა მოინახულეს მუზეუმები და დაათვალიერეს ქალაქების ღირსშესანიშნაობები.  ქალაქებს შორის ანსამბლის გადაადგილება, აქტივობები და კონცერტები   ადგილობრივი მედია საშუალებებით შუქდებოდა.  მათივე საშუალებით ანონსდებოდა „თამარიონის“ქალაქებში ჩასვლისა და სოლო-კონცერტების გამართვის შესახებ   და იმედოვნებდნენ, რომ პროექტი გახდებოდა სტუმართმოყვარე ერებს შორის დიდი მეგობრობის საწყისი.

„თამარიონი“ ქალაქ გულკევიჩში სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ვლადიმირმა მიიღო, დალოცა და უფალს ორ ერს შორის ურთიერთობების განტკიცება შესთხოვა. აქვე ექსპრომტად,  ქართული საგალობელიც პირველად  შესრულდა.

პროექტში ჩართული იყო კრასნოდარის მხარის მუნიციპალური სამსახურები, მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტული გადაადგილებისთვის სამგზავრო ავტობუსს  ადგილობრივი პოლიცია აცილებდა, ანსამბლის მასპინძლის გიორგი ნოვოსელცევისა  და მისი თანამოაზრეების მიერ ყველაფერი რომ კარგად ორგანიზებული იყო, ეს კონცერტებზე მოსული მაყურებლების ოდენობაზეც აისახებოდა. სამივე ქალაქში, სადაც კონცერტები შედგა,  დარბაზები  მაყურებლებს ვერ იტევდა.

პროექტის ფარგლებში, ფოიეში ეწყობოდა „თამარიონის“ მოცეკვავეების სურათების გამოფენა და ბოლნისური ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ზურა დავითაშვილი უკეთებდა ორგანიზებას.

ზურა დავითაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი:

-ანსამბლის რუსეთში გამგზავრების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ გიორგი ნოვოსელცევი ბოლნისში დაბადებულია და 90-იან წლებში დედამისთან ერთად   რუსეთში საცხოვრებლად წავიდა. 30 წლის მერე ის ბოლნსს ესტუმრა, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ჩემთან მოვიდა.  დავათვალიერებინე ბოლნისის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ძალიან მოეწონა და გაუჩნდა იდეა, რომ აქ ტურიზმის განვითარება  ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა. შემდეგ  მეგობრები გამოუშვა, რომლებიც ასევე აღფრთოვანებულები დარჩნენ და ამის მერე გადაწყვიტა  ქვემო ქართლში განევითარებინა ტურიზმი და თავისი სახსრებით წაეყვანა რომელიმე ანსამბლი,  რათა ხალხს  ბოლნისის კულტურა ენახა. ჩვენი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტიც  ხომ ტურიზმია. ძალიან კმაყოფილები არიან,  გიორგი მირეკავს და მეუბნება, რომ ხალხი ვინც გარეთ დარჩა, ნერვიულობენ რომ ვერ მოხვდნენ კონცერტზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კრასნოდარის კულტურის მინისტრის მოადგილე შეგვპირდა, გააკეთებენ კომერციულ ტურს, რომ ეს ბავშები მოხვდნენ კრასნოდარში და სოჭში.

გიორგი ნოვოსელცევი, პროექტის „მეგობრული ურთიერთობა კუბანსა და საქართველოს შორის“   ორგანიზატორი:

-მე ცოტა აფორიაქებული ვარ ამ ყველაფრით,  პროექტის განხორციელების  იდეა გაჩნდა ჩემს მეგობარ ზურასთან, დავიწყეთ ფიქრი როგორ ჩამოგვეყვანა   ანსამბლი აქ. მიუხედავად პრობლემებისა ,  შევძელით და საბავშო ანსამბლი ,,თამარიონი’’ ჩამოვიყვანეთ კრასნოდარში. მჯერა,  რომ ისინი, ვინც მოვიდნენ კონცერტების სანახავად,  ყველას აქვს დიდი მონატრება  ქართველი ხალხის, ქართული მზის, ზღვის, გორების, ქართული სტუმართმოყვარეობის, ურთიერთობების, ქართული ღვინის. ჩვენ შევძელით ქართული ნაწილი შემოგვეტანა აქ, ვინც გასინჯა ქართული ღვინო, ყველამ იგრნო ალბათ, როგორი სასიამოვნო, ტკბილი დ გემრიელია, იმიტომ რომ,  ის ქართულ მიწაზეა  ქართული ტრადიციით  მოყვანილი და ქართული მზით დამწიფებული. ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებმა შემოიტანეს დიდი სითბო და სიყვარული,  რომ ჩვენი ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება.

თამარ რეხვიაშვილი,  ქორეოგრაფიული ანსამბლ  ,,თამარიონის’’ ხელმძღვანელი:

_განსაკუთრებულად საინტერესო და შემოქმედებითად ნაყოფიერი იყო ჩვენი საგასტროლო მოზგაურობა რუსეთში. გამგზავრებისას მეუფის დალოცვამ მშვიდობიანი, მეგობრული და წარმატებული გასტროლი მოგვიტანა. მოლოდინს გადააჭრაბა მასპინძლების დახვედრამ, ურთიერთობამ და თითოეული ბავშვის მიმართ ყურადღებამ. ჩავატარეთ კონცერტები და მინდა ვთქვა, ასე ლამაზად აწყობილი მთელი კონცერტი, ცეკვების  ოსტატური შესრულება არის ბავშვების და ანსამბლის გამარჯვება.  აღფრთოვანებულები ვართ იქაური  მაყურებლებით,  ხალისიანი, თბილი და საინტერესო კომენტარებით, არაჩვეულებრივი დარბაზებით. სამივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გასტროლი ანსამბლის შემოქმედებით მოღვაწეობაში. გილოცავთ,  ეს არა მარტო ანსამბლ „თამარიონის“ წარმატებაა, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ბოლნისის წარმატება და გამარჯვება.

მამა ვლადიმირი, ქალაქ გულკევიჩის სამების ტაძრის წინამძღვარი:

-ახლახან ვიყავი საქართველოში, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, გამაოგნა ერის სუფთა სულმა, გამაოგნა არა მხოლოდ იმან, რომ ასაკოვანმა ხალხმა იცის რუსული ენა, არამედ  სტუმართმოყვარეობამ,  ახალგაზრდობამ, რომლებიც უშურველად ცდილობენ დაეხმარონ სხვას. სამი წლის წინ ვიყავი შიო მღვიმის მონასტერში და ჩამოვიტანე ხატი. აქ მოღვაწე მღვდელ-მონაზვნებს ვუყვებოდი საქართველოზე, ვესაუბრე  შიო მღვიმის მონასტრის შესახებ,  იქიდან ჩამოტანილი ხატი ისე მოეწონათ აქაურ მამაოებს, ვაჩუქე,  დიდი სურვილი მაქვს კვლავ მოვხვდე  საქართველოში, მოვილოცო ეკლესია-მონასტრები და  ჩემთვის ძვირფასი ხატი კვლავ შევიძენო. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სტუმრები   ბავშვები არიან, მათ ყოველთვის ემახსოვრებათ ეს მოგზაურობა, სათუთად შეინახავენ ნაჩუქარ ხატებს, მოუყვებიან შვილებს, შვილიშვილებს. ეს არის ძალიან მაგარი. ქების ღირსები არიან ის ადამიანები, ვინც ეს ტური მოიფიქრა და დააფინანსა, ღმერთი იყოს მათი მფარველი, უფალი ორმაგი სიკეთით დაუბრუნებს. უფლისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატები  რუსი ხალხისთვის ძალიან ძვირფასია, გული მიგრძნობს და მჯერა, რომ თქვენი სტუმრობა საწინდარი იქნება მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებისა და განმტკიცებისა.

თამუნა გაბაძე, მშობელი:

-პირველ რიგში ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ „თამარიონი“ გახდა რჩეული ანსამბლი, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, ქართული კულტურა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კიდევ ერთხელ წარმოეჩინა,  ისინი ამას იმსახურებენ და ღირსეულადაც შეძლეს, რაც პედაგოგებისა და ანსამბლის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ მიპატიჟება და გავემგზავრეთ რუსეთის ფედერაციაში, სადაც დაგვხვდა კეთილგანწყობის, სიკეთის, მეგობრობის, სიყვარულის, სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის ზღვა,  რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ეს იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული კონცერტები სრული ანშლაგითა და ოვაციებით, ბავშვებისათვის დაგეგმილი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით, ემოციებით, სიხარულით და საჩუქრებით დახუნძლული ულამაზესი დღეები. ჩვენს მასპინძლებს ყურადღებიდან არ გამორჩენიათ არც ანსამბლის წევრის მარიამ მანაგაძის იუბილე, მათ სიურპრიზებით და საჩუქრებით გაახარეს იუბილარი, დიდი მადლობა მათ დაუვიწყარი დღეებისათვის.

 ცირა არჯევანიძე, მშობელი:

-ყოველი მოგზაურობა და კონცერტი ემოციებთან, განცდებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. რუსეთში, კერძოდ კრასნოდარის მხარეში მოგზაურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სრული ანშლაგით ჩაიარა სამმა სოლო კონცერტმა, რომელიც ანსამბლმა „თამარიონმა“ გამართა   საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ მქონია შესაძლებლობა ურთიერთობა მქონოდა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან.  “თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო” ნათქვამია და შესაბამისად მეგონა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები დაძაბული იქნებოდა. ჩემდა საბედნიეროდ, მათმა დამოკიდებულებამ თბილი და ბედნიერი ბავშვობა გამახსენა, რომელიც რუსეთში გატარებულ წლებს უკავშირდება. დადებითი ემოციების ზღვა პირველივე შეხვედრიდან დაიწყო. უშუალოდ ამ გასტროლის ორგანიზატორების, მეუფისა და ხალხის მხრიდან დიდი სითბო, სიყვარული, ხელშეწყობა და ძველი ურთიერთობების აღდგენის სურვილი იგრძნობოდა. როგორც  ყოველი კონცერტის მსვლელობისას, ისე დასრულებისას,   მხურვალე ოვაციებმა,  კეთილგანწყობამ  და სიხარულის ცრემლებმა სულით–ხორცამდე შემძრა.  რაც  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, თანადგომა და მეგობრობა.

თეკლა გეთიაშვილი, მშობელი:

ჩემი შვილების გამო ძალიან ხშირად მიწევს სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად საზღვრებს გარეთ გასტროლი და ყოველთვის ემოციურად დატვირთული ვბრუნდები ხოლმე სამშობლოში, მაგრამ ამ მოგზაურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღარ გავმეორდები და არ დავიწყებ იმის გახსენებას, თუ  რა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ჩვენი დახვედრა და გამასპინძლება, თუ როგორ იყო გაწერილი თითოეული წუთი ცალკე ბავშვებისთვის და ცალკე მშობლებისთვის, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რუსი ხალხის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. კონცერტებზე ყვავილებით, წყლებით და ტკბილეულით ხელში,  ფული არ გადაგვიხდია ბილეთში და ასე მაინც გამოვხატოთ სიყვარულიო. ქუჩებში და მაღაზიებში გვაჩერებდნენ და გვლოცავდნენ, გვეუბნებოდნენ, თქვენს თანამემამულეებს გადაეცით, ძალიან გვიყვარს, არ დაუჯეროთ მავანთა და მავანთო. მსგავსი სითბო და სიყვარული ,თამამად შემიძლია ვთქვა, არასოდეს გვიგრძვნია. მე ბედნიერი ვარ, რომ პირადად გავხდი ამ უდიდესი სითბოს მომსწრე.

იულია, მაყურებელი:

-რაც ყველაზე მთავარია,  მე დღეს აქ მომიყვანა დიდმა ინტერესმა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სტუმრად არიან მზიანი საქართველოდან. მოვიყვანე ჩემი შვილები და მინდა ნახონ ქართული კულტურა. ჩვენ ყველაფერი გვიყვარს, რაც უკავშირდება ქართულს და მითუმეტეს ქორეოგრაფიას.   ყველაფერი ძალიან სასიხარულოა,  რაც უკავშირდება მეგობრობას. ჩვენ გვაქვს ნოსტალგიები იმ სიყვარულისა და სითბოსი. რაც ქართველ ხალხთან გვაკვშირებდა. ბედნიერები ვართ რომ დღეს ვართ აქ.

ტატიანა ჩერნოვა, ქალაქ გულკევიჩის მუზეუმის გიდი:

თქვენი ვიზიტი ჩვენს მუზეუმში არის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი, თითქოს  ვიღებთ პირველ რიგში  ჩვენს მიწელებს, მაგრამ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს. ამიტომ ძალიან მინდა მოვესიყვარულო და მოვუთხროთ ყველაფერზე, რაც ამ მუზეუმში ინახება.

ტატიანა, მაყურებელი:

– დღეს შემთხვევით გავიგეთ რომ აქ სტუმრად არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან. დიდი სიამოვნებით ვუყურებთ მათ მიერ შესრულებულ ცეკვებს. მე თვითონ ქორეოგრაფი ვარ და მიხარია რომ აქ ვარ.

ქალაქ გულკევიჩის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ვლადიმირმა ბოლნელი მთვარეპისკოპოსი ეფრემი დიდი სიყვარულთ და პატივისცემით მოიკითხა, იმედი გამოთქვა რომ მისი გაცნობის შესაძლებლობაც მიეცემა და სამახსოვროდ ძვირფასი ხატი გამოუგზავნა

ანსამბლის გასტროლი რუსეთის ფედერაციაში ყოველმხრივ გამორჩეული და საინტერესო იყო. მასპინძლებმა ყოველი კონცერტის ბოლოს მოცეკვავე პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე თითოეულ მონაწილეს ტკბილეული და სხვადასხვა სახის ნუგბარი დაურიგეს. არც სტუმრები დარჩნენ ვალში და გულღია მასპინძლებს,  ორიგინალურ ბოთლებში ჩასხმული ქართული ღვინო და სხვა საჩუქრები გადასცეს.  ქართველი ხალხის ქართული კულტურის და ხელოვნების მიმართ რომ დიდი ინტერესია, ეს უკვე ნათლად გამოჩნდა. რუს ხალხს ქართული სამზარეულოც ძალიან უყვარს და კეთების ტექნოლოგიის დაუფლების სურვილიც მძაფრად აქვს. „თამარიონის“ მშობლებმა მათ ხინკლის კეთების ტექნოლოგიას  აზიარეს, ქართული ხინკალიც გემრიელად მიირთვეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართული სამზარეულო გამორჩეულია დანარჩენი სხვა ქვეყნების სამზარეულოსგან.

რუსეთში გასტროლის ბოლო აკორდი  გრანდიოზული ფოიერვეკრი იყო.

ნონა ხუზმიაშვილი

 


Share.

Leave A Reply