ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს

0

2008 წელი ,, აგვისტოს უცხელესი ხუთი დღე, უამრავი უსახლკარო და ტრაგიკულად დაღუპული ადამიანი,  საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეული ადამიანები, რომლებიც რუსული სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ. რუსეთის აგრესიას 228  მშვიდობიანი მოქალაქე,  170  სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 3  ჟურნალისტი შეეწირა.

აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შორის  სამი  მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. ნოდარ დევნოზაშვილი, ასლან შაინიძე და საბა დადვანი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპნენ.

დღეს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა  დავით შერაზადიშვილმა,   მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ ომის დროს დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს მათი საფლავები. მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულ ოჯახს ხუთასი ლარის ოდენობით გადასცა.

,,8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს და მუდამ გვახსოვდეს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე . ამ ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დათმეს სამშობლოს დასაცავად . უთანასწორო ბრძოლას ბოლნისიდან სამი ჯარისკაცი  ემსხვერპლა .  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი მთავარი ოცნება – ეხილათ გაერთიანებული სამშობლო- ახდეს”.  აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ზუსტად 9 წლის წინ რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ. მათ შორის 3 ბოლნისელი სამხედრო მოსამსახურე გმირულად შეეწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას. დღეს მოვედით საფლავებზე და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ეს ბიჭები ჩვენი დროის გმირები არიან და ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ისინი“- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply