ანსამბლ ,,იმედის“ წარმატებული გასტროლი ქობულეთში

0

,,ანსამბლმა წარმოადგინა მაღალი  დონის   ნომრები, გამოირჩეოდა საშემსრულებლო  ოსტატობით და შეძლო კონკურენცია გაეწია  სხვა მონაწილე  კოლექტივებისთვის, რითაც  დაიმსახურა პირველი  საპრიზო ადგილი“ – ასე შეაფასა  ფესტივალ-კონკურსის  საორგანიზაციო კომიტეტმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  კულტურის სახლთან არსებული საბავშვო საესტრადო ანსამბლი ,,იმედი“.

ხელოვნების მეთოთხმეტე საერთაშორისო  ფესტივალ -კონკურსი ,,ნარინჯისფერი  ქობულეთი’’  ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ მოქმედი  შემოქმედებითი კოლექტივები ღებულობდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყო ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული საბავშვო საესტრადო ანსამბლი ,,იმედი“. ბოლნისელი პატარები ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით ჟიურის წინაშე რვა ნომრით წარსდგნენ, საპრიზო ადგილები მოიპოვეს და ოქროს მედლით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ  მშობლიურ ბოლნისში.

,,ძალიან ბევრი მონაწილე იყო და   გამოირჩეოდნენ  ჩემი ბავშვები. წაღებული გვქონდა რვა ნომერი, მათ შორის იყო სიმღერა ,,ჩემო ბოლნის ქალაქო“ და იქ, ამდენ უცხო ხალხში, რომ ავაჟღერეთ სიმღერა  მშობლიურ ბოლნისზე ვერც კი გადმოგცემთ რა გრძნობა იყო.  ავიღეთ საპრიზო ადგილები, ოქროს მედალი და უსაზღვროდ ამაყმა და ბედნიერმა დავტოვე ქობულეთი.  მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან იძენენ გამოცდილებას, ეჩვევიან უცხო გარემოს, ამყარებებ ურთიერთობებს სხვა მონაწილეებთან და ასე შემდეგ. რაც მთავარია იზრდებიან შემოქმედებითი კუთხით.  ჩემი ოცნებაა გრამპრის მოპოვება, თუმცა ისეთი ძლიერი თაობა გვყავს, რომ დარწმუნებული ვარ ამ ოცნებასაც ავიხდენ. მინდა  ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საიტის საშუალებით, ამ ბედნიერი წუთებისთვის, მიღებული ემოციებისთვის, გასტროლზე გასვლის ხელშეწყობისთვის, მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით შერაზადიშვილს,“ – განაცხადა ანსამბლ ,,იმედის“ ხელმძღვანელმა ლაურა დურგლიშვილმა.


Share.

Leave A Reply