,,ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“

0

8 ოქტომბერს ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე პრემიერას წარუდგენს მაყურებელს, რომელიც ქართულ – გერმანული ურთიერთობის ორასი  წლის იუბილეს უკავშირდება. სპექტაკლი მაყურებელს მოუყვება იმ ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც ბოლნისის ამშენებლების მოულოდნელმა გადასახლებამ გამოიწვია, იმ სიცივეზე და გულგრილობაზე, რაც იმდროინდელმა სასტიკმა რეჟიმმა გამოიწვია. მეოთხე დღეა რაც სპექტაკლზე მუშაობა მიმდინარეობს, bolnisi.ge რეპეტიციას დაესწრო და დეტალებზე ლაშა ნოზაძეს გაესაუბრა.

,,სიამოვნებით ვმუშაობთ  ახალ სპექტაკლზე, რომელიც საკმაოდ რთულია ჩვენთვის რადგან პირველად ვაკეთებთ ამ სტილის სპექტაკლს სადაც არ ვსაუბრობთ. ვცდილობთ,  ამბავი მოვყვეთ მუსიკით და არტისტების თამაშს დავეყრდნოთ. არ ვეხებით პირად ისტორიებს, რადგან სიზუსტეს საჭიროებს, მაგრამ ზოგადად რა მოხდა,  როგორ ააშენეს ეს ქალაქი და როგორ გადაასახლეს მოულოდნელად ქალაქის ამშენებლები ამას ვიტყვით.  გამოყენებულია დოკუმენტური მასალა, რომელიც მოგვაწოდა პეტრე დანელიამ, ბატონი პეტრე  წიგნს უშვებს ამავე თემაზე, ამავე სახელწოდებით – ,,ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“. ვფიქრობ სათაურიც რეისს ჰგავს, რომელიც მიდის მიზნისაკენ და უკან ბრუნდება.  სპექტალიც ასეა, ბევრია სიცივე, უსამართლობა, რომელსაც მუსიკა და მსახიობების მოქმედება გადმოსცემს. ეს არაა პანტომიმა, ეს უსიტყვო მიუზიკლია. რომელიც მიდის და სიკეთის მატარებლით უკან ბრუნდება ის, ვინც აქ, ბოლნისში ბევრი რამ დატოვა.“

რეპეტიციიდან იგრძნობა, რომ სპექტაკი არ ჩაივლის ცრემლის გარეშე, მაგრამ მას ლაიტმოტივად ძალიან ლამაზი ფრაზა გასდევს. …გზა დაბრუნებისაკენ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply